
იცოდით, რომ მუმბაიში არსებობს ინდური ეროვნული უნივერსიტეტი, რომელშიც ქირომანტია ისწავლება? და კანადის მონრეალში რომ 1940 წელს გაიხსნა და დღემდე ღიაა ქირომანტიის ეროვნული აკადემია, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია სწავლა? მოკლედ, Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, მათ არ ჩამორჩენოდა და ქირომანტია დამოუკიდებლად შეესწავლა. ამ სტატიაში გაგარკვევთ, რა არის ქირომანტია, როგორ გამოვიყენოთ იგი პირადი მიზნებით და რისი თქმა შეუძლია ჩვენს ხელის გულებს.
ქირომანტია ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებების, მისი ხასიათის, გატაცებების, გადატანილი და მომავალი მოვლენების შესახებ მკითხაობის ერთ-ერთი უძველესი სისტემაა. ქირომანტი შეისწავლის და აანალიზებს ხელის გულების რელიეფის თავისებურებებს, თითებსა და ხელებზე ზოლების, ღრმულებისა და ბორცვების რაოდენობასა და მდებარეობას. ამ ინფორმაციას სხვადასხვანაირად შეიძლება მიუდგეთ, თუმცა, თითოეული ადამიანის ხელის ინდივიდუალური სურათი მართლაც უნიკალურია და ქმნის ერთადერთ, განუმეორებელ არშიებს.
ქირომანტიაში, აგრეთვე, ითვალისწინებენ ნიშნების განლაგებას – მარცხენა თუ მარჯვენა ხელზე (მემარჯვენისა და ცაციისთვის). მარჯვენა ხელი იმაზე მიუთითებს, თუ რა დაჰყვა ადამიანს დაბადებისას, როგორია მისი შინაგანი სამყარო და წარსული, ხოლო მარცხენა იმაზე მეტყველებს, თუ როგორ ავლენს იგი თავის თავს გარემოში, ადგენს აწმყოს და იძლევა მინიშნებებს მომავლისთვის. ორივე ხელის მაჩვენებლების შედარებისას შეიძლება იმის გაგება, მიდის თუ არა ადამიანი თავის გზაზე, ვითარდება თუ დეგრადირდება, აგრეთვე, მისი ზოგიერთი პრობლემის მიზეზიც გაცხადდება.
თუ რომელიმე ხაზი ორივე ხელის გულზე ერთნაირია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს მოვლენა ადამიანის ბედში კარმულ დონეზეა “ჩაწერილი” და მას თავიდან ვერ აიცილებთ. ზოლი, რომელიც მარცხენა ხელზეა, მარჯვენაზე კი არა, მიუთითებს გაშვებულ შესაძლებლობაზე. ამასთან, მარჯვენა ხელზე არსებული ზოლი, რომელიც მარცხენაზე არ მეორდება, იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანმა ესა თუ ის მოვლენა თავისი მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების შედეგად გამოიწვია. მემარცხენესთვის პირიქით ხდება.
ვენდოთ თუ არა ქირომანტიას?
პირველ რიგში, ხელებზე ხაზები ბავშვს ჯერ კიდევ დედის მუცელში უჩნდება. ჩვენ ვიბადებით უკვე ჩამოყალიბებული ნახატით, რომელიც, დროთა განმავლობაში, უმნიშვნელოდ შეიძლება შეიცვალოს. ეს ზოლები ჩვენი ისეთივე ნაწილია, როგორც ხელები, ფეხები ან თვალის ფერი. არ არსებობს ადამიანის სხეულში არც ერთი უაზრო ელემენტი, რომელიც გარკვეულ განსაკუთრებულ დანიშნულებას არ ასრულებს.
მეორეც, ზოლები და ანაბეჭდები ყოველი ადამიანისთვის განუმეორებელია. ეს ჩვენი უნიკალური პირადი კოდია, რომლის სხვებთან არევა შეუძლებელია. მეტიც, ითვლება, რომ ხელის გულებით შეგვიძლია თითოეული ადამიანის მიდრეკილების ამოცნობა ამა თუ იმ ქცევებისა და ცხოვრების წესის მიმართ.
წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი CD-დისკი, რომელიც ხელში ბევრჯერ გეჭირათ. როცა მასზე ინფორმაციას ვიწერთ, იგი მასზე ლაზერით ამოიწვება თხელი, რგოლისებრი ზოლებით, უკანა მხარეს. ეს ზოლები დისკის შემცველობის შესახებ ინფორმაციას ატარებს. იგივე ხდება ადამიანის შემთხვევაშიც. ხელის გული ერთგვარი პირადი დისკია, რომელზეც დაბადებისთანავე იწერება ინფორმაცია ადამიანის შემცველობის შესახებ.
თუ გეცოდინებათ, როგორ “წაიკითხოთ” ეს ინფორმაცია, უამრავ შეცდომას აიცილებთ თავიდან, უფრო სწრაფად მიაღწევთ დასახულ მიზნებს და გაიგებთ, თქვენია თუ არა ეს მიზნები და მიდიხართ თუ არა თქვენს გზაზე. გაფრთხილებული ნიშნავს შეიარაღებულს.
მაგალითად, ქალმა შეიძლება მთელი ძალით სცადოს იმ მამაკაცის შენარჩუნება, რომელიც მას არ აფასებს ან არ უყვარს. ქალი ფიქრობს, რომ ეს მისი ბოლო შანსია, თუმცა, არ იცის, რომ 5 წელიწადში მთელი ცხოვრების სიყვარული ელის. მან უბრალოდ უნდა მოიშოროს ეს ტვირთი მხრებიდან, დაკავდეს თავისი თავით და ცოტახანს დაელოდოს იმას, რაც ლის.
რაში გვეხმარება ქირომანტია?
პირველ რიგში, ხელის გულებზე საფრთხის სპეციფიკური ნიშნები შეიძლება განლაგდეს. ისინი მიუთითებს დაავადებებზე, წარუმატებლობებზე, დანაკარგსა და რთულ პერიოდზე. ამ ნიშნების დანახვისას და იმის გაგებისას, თუ რას ნიშნავს ისინი, შესაძლებელია სიტუაციის გამოსწორება, უსიამოვნებებისა და კონფლიქტებისთვის თავის არიდება. ხელის გულებით შეიძლება იმის გაგება, რომ დროა, საქმიანობის სფერო შეცვალოთ, რადგან 10 წელიწადში ეს ის გზა იქნება, რომელიც არსად მიგიყვანთ.
აგრეთვე, ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს წყლის, ცეცხლის ან სიმაღლის საფრთხეზეც – მაშინ მოერიდებით ამ გარემოსთან ურთიერთობას: არ გადმოხტებით პარაშუტით ან არ გაცურავთ ნაპირიდან შორს.
ურთიერთობები, ღალატი, ბავშვების გაჩენა, განშორება, დაავადებები და კარიერული ცვლილებები – ამ ყველაფერს თქვენს ხელის გულებზე ნახავთ. ვეცდებით, შემდეგ სტატიაში დეტალებიც გაგაცნოთ.