
ჩვენმა სოციალურმა ცხოვრებამ 2020 წელს რიგი ცვლილებები განიცადა და რეტროგრადული მერკურის სახით კიდევ ერთი დაბრკოლება უნდა გადავლახოთ. შეეგუეთ, რომ 13 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე ყველაფერი გეგმის მიხედვით არ ჩაივლის, მათ შორის სოციალური სფერო, ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობა.
ვერძი
ახლა შესაფერისი დროა, რომ ახლობლების წრეზე დაფიქრდეთ და მიხვდეთ, თუ ზოგ ადამიანს რატომ გაურბიხართ. ბუნდოვანი საზღვრების გამო მათთან თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ თუ დავალებული ხართ და დაბრუნება არ შეგიძლიათ? ამ სფეროში ნებისმიერი გადაუჭრელი პრობლემა თავს შეგახსენებთ, ამიტომ იაქტიურეთ და ნებისმიერი ხარვეზი გამოასწორეთ, სანამ რაღაც გამოუსწორებელი არ მოხდა.
კურო
ახლა ახლო ურთიერთობაში შეიძლება დაძაბულობა შეიქმნას, მაგრამ გულწრფელობა და ურთიერთობის გარკვევა ამ პრობლემის გადალახვაში დაგეხმარებათ. თქვენი ენერგია მეგობრებთან გაუგებრობის გარკვევაზე მიმართეთ.
ტყუპები
რეტროგრადული მერკურის პერიოდში გრაფიკის მართვა გაგიჭირდებათ, რადგან რეტროგრადული თქვენი მმართველი პლანეტა გახდა. ის საათებს, თარიღებს აგირევთ და გეგმის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. ამან შეიძლება კომუნიკაცია გაართულოს, უბრალოდ დრო არ გექნებათ. კალენდრის გაკონტროლების ნაცვლად მოდუნდით და ცხოვრებაში უფრო მეტი სპონტანურობა შემოუშვით. მეგობარს ისე უბრალოდ გეგმის ან გრაფიკის გარეშე დაურეკეთ. ერთმანეთს დაელაპარაკეთ, ბოლო წუთს კაფეში ან სავარჯიშოდ გასვლა შესთავაზეთ.
კირჩხიბი
შესაძლოა შემოქმედებით სტაგნაციას გრძნობთ, ამიტომ არ გაწყენდათ კარგ კომპანიაში გართობა და ახალი მოგონებების შეგროვება, რაც თქვენს შთაგონებას გააღვიძებდა. ახლა გეგმების შედგენა რთულია, ხოლო გაუგებრობის რისკი 100–დან 100–ია, მაგრამ სოციალური ცხოვრების სირთულეს უფრო მსუბუქად შეხედეთ. გახსოვდეთ, რომ სამუდამოდ ასე არ იქნება. სიხარულის და თავისუფლების წუთები დააფასეთ.
ლომი
თუ ახლა ცხოვრება აუტანელი გეჩვენებათ, ნუგეში ოჯახის წევრებსა და მეგობრებში ეძებეთ. რეტროგრადული მერკური თავს დაუცველად გაგრძნობინებთ, წარსულის მძიმე მოგონებებში დაგაბრუნებთ, ამიტომ კარგი იქნება თავისუფალი დრო გაატაროთ მათთან, ვინც კარგად გიცნობს და თქვენი წარსულის შესახებ იცის. წვეულებებზე ვარსკვლავის როლს მიჩვეული ხართ, მაგრამ რამდენიმე მხიარული საღამო სახლში დაგეგმეთ, რომ კერძები მოამზადოთ, სერიალებს ჩაუჯდეთ და მშვიდად გაერთოთ.
ქალწული
იმის მიუხედავად, რომ თქვენი მმართველი პლანეტა მერკური ახლა რეტროგრადულია, სოციალური ცხოვრებით მაინც გატაცებული ხართ. რჩევა გჭირდებათ? თქვენს ცხოვრებაზე პირველ შემხვედრს არ მოუყვეთ, უცხო ხალხი პირადი პრობლემებით არ დატვირთოთ. ამ რეტროგრადული მოძრაობის დროს შეიძლება საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია შემთხვევით გაამხილოთ, ამიტომ თავი დაიცავით და კარგად აწონ–დაწონეთ რას და ვისთან ამბობთ.
სასწორი
ამ რეტროგრადულ პერიოდში დაფიქრდით, თუ სინამდვილეში რას აფასებთ ურთიერთობაში. დრო გაატარეთ საყვარელ მეგობრებთან, რომლებიც თქვენს თვითშეფასებას ზრდიან. მოერიდეთ მათ, ვინც ენერგიას გართმევთ ან ისეთ არჩევანს გაკეთებინებთ, რასაც შემდეგ ნანობთ. მაგალითად, თუ ახლა გადაწყვიტეთ ალკოჰოლი არ მიიღოთ, ხოლო თქვენი სოციალური წრე ყოველთვის სვამს, მაცდურ შეხვედრაზე სჯობს უარი თქვათ.
მორიელი
როცა რეტროგრადული მერკური თქვენს სახლში მოხვდება, შეიძლება ინტუიციის დაკარგვა იგრძნოთ. წინათგრძნობით ხელმძღვანელობას მიჩვეული ხართ, ახლა კი შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დაყრუვდით. თქვენი შინაგანი „სიყრუე“ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს. გრძნობების შეკავების ნაცვლად მხარდაჭერისთვის უფრო გახსნილი იყავით. იმის ცოდნა, რომ გუნდის იმედი შეიძლება გქონდეთ, ქარიშხლიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
თუ თქვენი კომუნიკაბელური „მე“ სცენაზე გამოსვლის სურვილს არ გრძნობს, არ შეგეშინდეთ. გუნდში შეიძლება შეკამათება მოხდეს – ახლა გაუგებრობის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ რამდენიმე კვირაში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, ასე რომ კონფლიქტს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ცოტა ხნით მარტო დარჩით და თქვენი შესაძლებლობები შეაფასეთ.
თხის რქა
გაგიკვირდებათ, მაგრამ თქვენს საახლობლო წრეში ჭორებმა, წყენამ და ჩხუბმა ფესვები გაიდგა. ცივსისხლიანობა შეინარჩუნეთ და სხვების საცვლების ქექვაში არ ჩაებათ. ძველი ჭრილობები და გადაუჭრელი პრობლემები მოულოდნელი ძალით დაგიბრუნდებათ. თუ გრძნობთ, რომ ვინმეს წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოთ, ასე მოიქეცით, არ გადადოთ.
მერწყული
თუ წინა სამსახურიდან ან ქსელური კონტაქტებიდან მეგობრები გყავთ, რომელთან დაკავშირებაც ხშირად გავიწყდებათ, ახლა შესანიშნავი დროა, რომ რამდენიმე სტრიქონი მიწეროთ. რეტროგრადული მერკურის პერიოდში მათთან კავშირის აღდგენა ახალი პროფესიული შესაძლებლობის აღმოჩენასა და პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
თევზები
ჩვეულ რუტინას თავი დააღწიეთ და მეგობრებს შეხვდით, პაემანი დაგეგმეთ. დაურეკეთ მეგობრებს სხვა ქვეყნიდან, რომელთანაც პანდემიის დაწყების შემდეგ არ გილაპარაკიათ, მეგობართან პაემანი Zoom-ში დაიწყეთ. მათთან ურთიერთობა თქვენთვის სასარგებლო იქნება.