
1967 წელს, ფსიქოლოგიის პროფესორმა ტომ კოტლმა უჩვეულო ტესტი შიმუშავა. 3 წრის გამოყენებით შეძლო იმის გაანალიზება, თუ რას ფიქრობს ადამიანი თავისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ისინი მის ცხოვრებასა და ემოციურ მდგომარეობაზე. ქვეცნობიერის დონეზე სხვადასხვა საგანსა და მოვლენაზე დამოკიდებულებაც აიხსნება.
გრაფიკული ტესტი აჩვენებს, თუ რომელ დროშია “ჩარჩენილი” ადამიანი, და გვკარნახობს, თუ რა უშლის ხელს კარიერისა თუ პირადი ურთიერთობების განვითარებაში, საითაა მიმართული მისი რესურსები. უბრალო ნახატი დაგვეხმარება იმის გაგებაში, აწყობს თუ არა ადამიანი მომავლის გეგმებს, თუ წარსულის დაკარგული ოცნებებით ცხოვრობს.
Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ კოტლის გრაფიკულ ტესტს.
ტესტის გასავლელად საჭიროა მშვიდი გარემო, გამღიზიანებელი და ყურადღების გამფანტველი ფაქტორების გარეშე. აიღეთ სუფთა ფურცელი და მშვიდად დაიწყეთ წარსულის გახსენება, წინ წამოწიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ფაქტები, შეხვედრები. წარმოიდგინეთ თქვენი აწმყო და მომავალი ცხოვრება, გონებაში ჩამოთვალეთ გეგმები, რომელთა განხორციელებაც ბედნიერებისა და წარმატებისთვის გჭირდებათ.
დროის თითოეული მონაკვეთი გადაიტანეთ ფურცელზე, წრის სახით, მიაწერეთ, რომელი წრეა წარსული, მომავალი და აწმყო. ამავდროულად, ყურადღება გაამახვილეთ წრის დიამეტრზე, განალაგეთ ნებისმიერი თანმიმდევრობით. ნახატი ქვეცნობიერსა და ამწუთიერ სურვილზე დაყრდნობით უნდა დახატოთ. წრეები შეგიძლიათ თავისუფლად გადაკვეთოთ, დააშოროთ ან ერთმანეთში ჩახატოთ.
ტესტის გაშიფრვა
დახატული წრეების დაკვირვებისას, ყურადღება მიაქციეთ მათ შორის მანძილს, ეხება თუ არა წრეები ერთმანეთს, და წრეების სიდიდეს. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, წარსული აუცილებლად ახდენს გავლენას მომავლის გეგმებსა და მოქმედებებზე, აწმყოს ქცევებზე.
პროფესორ კოტლის ინსტრუქციების თანახმად, ნორმალური და “ჯანსაღი” შედეგია დიამეტრით თითქმის თანაბარი წრეები, რომლებიც ერთმანეთს ოდნავ კვეთენ. ნახატი, რომელიც გარედან “აუდის” ემბლემას გაგონებთ, იმას ნიშნავს, რომ ადამიანის წარსულში ნეგატივი თითქმის არ მოიპოვება. იგი აწმყოში დგამს ნაბიჯებს, რომლებიც მხარს დაუჭერს მის მომავალ კარიერასა და პირად ცხოვრებას.
თუ წრეები ცალ-ცალკეა დახატული, ქაღალდზე მიმობნეული, თქვენ ვერ გამოგაქვთ დასკვნა საკუთარი ქცევებისგან, ვერ ანალიზებთ წარსულის გაკვეთილებს. შესაძლოა, გააზრებულად იცილებთ თავიდან მოგონებებს, უარს ამბობთ “გუშინდელ” საკუთარ თავზე. ეს ხელს გიშლით გეგმებისა და ამბიციების განხორციელებაში, ამცირებს ეფექტურობას სამსახურსა და პირად ცხოვრებაში.
დახატული წრეების ზომები შემდეგნაირად იშიფრება:
- წარსულის დიდი წრე იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში გავლილი გარკვეული მოვლენები ძლიერ გავლენას ახდენს აწმყოში მოქმედების, დაგეგმვისა და ოცნების უნარზე;
- აწმყოს დიდი წრე ახასიათებთ პრაგმატულ ადამიანებს, რომლებიც კონცენტრირებული არიან კარიერის აწყობაზე, ყველაფერ ზედმეტს იშორებენ.
- მომავლის მცირე ზომის წრესთან ერთად, ტესტი მიგვითითებს ადამიანზე, რომელიც უპირატესობას ანიჭებს “ერთი დღით” ცხოვრებას, არ ფიქრობს შედეგებზე.
- მომავლის დიდი წრე მიუთითებს იმ მოვლენათა დიდ მნიშვნელობაზე, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ განვითარდება.
- თუ ერთი წრე დანარჩენზე პატარაა, საუბარია იმ მოვლენათა მინიმალურ გავლენასა და მნიშვნელობაზე, რომლებიც ამ პერიოდში განვითარდა.
- პროფესორი კოტლი ყველაზე რთულად მიიჩნევდა იმ ნახატს, რომლებშიც წრეები ერთმანეთის გარშემოა დახატული. ეს იმ ადამიანებს ახასიათებთ, რომლებსაც არ შეუძლიათ წარსულისა და მომავლის პრობლემების ერთმანეთისგან გარჩევა. ჩვეულებრივ, სირთულეების წარმოქმნის დროს, იგი არ მოქმედებს, ოცნებობს, რომ ყველაფერი თავისით მოხდეს, დინებას მიჰყვება, არ უწევს წინააღმდეგობას.
როგორ გადიან კოტლის ტესტს სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლები
ფსიქოლოგებმა ჩაატარეს საინტერესო კვლევა, რომლის დროსაც გააანალიზეს სხვადასხვა ქვეყნისა და კონტინენტის მოსახლეობის შედეგები. ყველაზე თანაბარი შედეგები ევროპის მოსახლეობას აღმოაჩნდა: ყველაზე თანაბარი წრეები ერთმანეთს ეხებიან, თითქოს, გვერდითა რგოლს უჭერენ მხარს. სპეციალისტები ამას ევროპული ქვეყნების ფინანსური სტაბილურობით ხსნიან, რომლებშიც მოსახლეობა მომავალში თავდაჯერებული, აწმყოთი, შედარებით, კმაყოფილი და ისტორიაში განსწავლულნი არიან.
განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის ტესტებმა კი აჩვენა მომავლის უიმედობა, გეგმების აწყობისა და ცვლილებებისაკენ მისწრაფების სურვილის არქონა. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აწმყოს პრობლემები აღმოჩნდა.
კოტლის ტესტის გავლას ხშირად გვთავაზობენ მსხვილი კომპანიებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები. იგი ეხმარება უფროსობას იმის გაგებაში, თუ რამდენად მიზანმიმართული და მომავალი წარმატებისკენ განწყობილია მომავალი თანამშრომელი.