დემენციის (ასაკობრივი გონებაჩლუნგობის) ადრეული სიმპტომები, რომლებსაც არავინ აქცევს ყურადღებას

0
947

დემენცია, იგივე ასაკობრივი გონებაჩლუნგობა ადამიანის მიერ შემეცნებითი ფუნქციების დაკარგვაა. როცა ადამიანს უჭირს რაღაც ახლის დამახსოვრება, თავისი ახლობლების ცნობა, წარსულიდან რამე მოვლენის გახსენება, მას სჭირდება ახლობლების დახმარება, რამდენადაც ძალიან უჭირს სივრცეში ორიენტირება, სრულყოფილად ცხოვრება, საკუთარი თავის მოვლა. დემენციით დაავადებული მოხუცები ხშირად იკარგებიან, მათი სასეირნოდ ან მაღაზიაში მარტო გაშვება არ შეიძლება. ასე უამრავი მოხუცი დაიკარგა.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ორგანიზმში არც ერთი დაავადება არ ჩნდება უმიზეზოდ. ერთ დღეში მეხსიერებას ვერ დავკარგავთ (თუ თავი მაგრად არ დავარტყით რამეს), ვერც ჩვენს თავის ტვინში ჩნდება ე.წ. თეთრი ლაქები, ანუ ის მონაკვეთები, რომლებშიც ნეირონული კავშირები, უჯრედები აღარაა.

არსებობს დემენციის, ასაკობრივი გონებაჩლუნგობისა და მეხსიერების დაკარგვის ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღებას ბევრი არ აქცევს. სწორედ ამიტომ, დღეს Girl.ge-ის რედაქცია ამ ნიშნებზე ისაუბრებს. იმედია, მათ დროულად აღმოაჩენთ (რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ საერთოდ არ გექნებათ) და დაავადების განვითარებას ხელს შეუშლით.

  1. ადამიანი ერთსა და იმავე კითხვას რამდენჯერმე სვამს. შეიძლება გკითხოთ “რომელი საათია?”, შემდეგ ხელმეორედ იკითხოს და ა.შ.
  2. ადამიანს მუდმივად ეცვლება განწყობა. იგი ხან ხარობს, ხან ტირის, ხან ბრაზდება. ემოციური მდგომარეობა ძალიან ცვალებადია.
  3. ადამიანი ძალიან ცუდ განწყობაზეა, აპათია, დათრგუნვა, დეპრესია. ადამიანს არ ახარებს არაფერი, რაც ფსიქიკისთვის არაა ნორმალური მდგომარეობა. რაღაც ყოველთვის უნდა გვიხაროდეს.
  4. ადამიანი, რომელიც მეხსიერებას კარგავს, იწყებს პირადი ნივთებისა და საგნების უჩვეულო ადგილებში დადებას. მაგალითად, გასაღებს აღარ დებს შემოსასვლელის თაროზე და სამზარეულოში მიაქვს.
  5. დემენციით დაავადებულებს ეჩვენებათ, რომ ახლობლები რაღაცას იპარავენ, მას ართმევენ.
  6. ამ ადამიანს უჭირს ყოველდღიური საქმიანობის შსრულება. მაგალითად, უჭირს ხელით წერა ან, თუნდაც, ჭურჭლის რეცხვა.
  7. უჭირს გასული წლების მოვლენების გახსენება, დეტალების აღდგენა.
  8. ადამიანს ურთულდება არა ფიზიკური, არამედ გონებრივი საქმიანობის შესრულება. თუ კროსვორდის შევსებას სთხოვთ, ამაზე ძალიან ბევრს იწვალებს.
  9. აწუხებს უძილობა.

რატომღაც, ამ ნიშნებს ცოტა თუ აქცევს ყურადღებას. თუნდაც, უძილობა ან განწყობის ცვლილებები ავიღოთ.

თუ თქვენ ან თქვენს ახლობლებს ზემოხსენებულ ნიშნებს შორის რამდენიმე მაინც გაწუხებთ, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. რაც უფრო ადრე დაიწყებთ პროფილაქტიკას ან მკურნალობას, მით უფრო დიდხანს გადადებთ მეხსიერების დაკარგვასა და, საერთო ჯამში, ცხოვრების ხარისხის გაუარესებას.