როგორ მოვიშოროთ თვალქვეშა ტომრები: საუკეთესო საშუალებები

0
792

თვალქვეშა ტომრების დამალვა საკმაოდ რთულია, ამიტომ მათ დისკომფორტი მოაქვთ და ძლიერ კომპლექსებს უყრიან საფუძველს. Girl.ge-ის რედაქციამ შეაგროვა ამ გავრცელებულ ესთეტიკურ პრობლემებთან ბრძოლის ეფექტური მეთოდები.

ამ სტატიაში იპოვით ქირურგიულ, კოსმეტიკურ და ხალხურ საშუალებებს, რომლებიც თვალქვეშა ტომრებს მოგაშორებთ.

რა იწვევს თვალქვეშ ტომრების გაჩენას?

მოკლედ შევაჯამებთ თვალქვეშ შეშუპების გაჩენის მიზეზებს.

  • კოლაგენის უკმარისობა, რაც კანის ჩამოწელვას იწვევს;
  • გენეტიკური ფაქტორი;
  • მავნე ჩვევები;
  • ძილის დარღვევები;
  • არასწორ პოზაში ძილი. შეშუპებული სახით რომ არ გაიღვიძოთ, დაიძინეთ ზურგზე. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ მოსახერხებელი და ანატომიური ბალიშის საჭიროებაც;
  • დაავადების არსებობა. ხშირად, თვალქვეშა ტომრები გამომყოფ ან სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების გამო შეიძლება გაჩნდეს, მათ შედეგად ხომ ლიმფის დინება ირღვევა;
  • ჭარბი რაოდენობით მარილის მოხმარება;
  • ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეშუპებას იწვევს.

როგორ მოვიშოროთ ტომრები თვალქვეშ?

1. ოკულოპლასტიკა (იმ ოპერაციებისა და მანიპულაციების საერთო სახელწოდება, რომლებიც ქუთუთოების გაახალგაზრდავებასა და თვალის გარშემო სხვა ესთეტიკური პრობლემების გადაჭრას ემსახურება)

  • ცხიმოვანი პაკეტების მოშორება – ცხიმოვან პაკეტებს ქუთუთოს არეში მცირე ზომის ჭრილიდან იღებენ.
  • ცხიმოვანი პაკეტების რეპოზიცია – ცხიმოვანი პაკეტები ქუთუთოდან გადააქვთ იმ ადგილას, სადაც ცხიმოვანი ქსოვილის დეფიციტია და თვალსაჩინოა ორბიტის კიდეების სკელეტიზაცია (შვერილი ძვლები).
  • ფეტრაფტინგი – პაციენტის ცხიმოვანი უჯრედები შეჰყავთ თვალის გარშემო, დაკარგული მოცულობის შესავსებად.
  • ბროულიფტინგი (ლიგატურული, ქირურგიული) – როგორც წესი, კლასიკური ბლეფაროპლასტიკა, ბროულიფტინგის გარეშე, პაციენტის მზერას არ ახალგაზრდავებს. წარბებს წევენ მცირე ჭრილის გაკეთებით, მათ ნორმალურ პოზიციაზე აფიქსირებენ ან ფორმას უცვლიან.
  • პინჩი – კანის დაჭიმვის უსისხლო მეთოდია. პინჩ-ტექნიკის დახმარებით, ქუთუთოს კანის ზოლი სპეციალური ინსტრუმენტით “ჩქმეტს” ქუთუთოს ზედმეტ კანს, რომელიც მოსაშორებელია და მის ქვეშ კუნთები და სისხლძარღვები არაა.
  • კანტოპექსია – როცა მყესი, რომელზეც ქუთუთოა დამაგრებული, სუსტდება, თვალის ფორმა მრგვალდება, ქუთუთო კი ჩამოიწევა და აჩენს შიდა ნაწილის წითელ ზოლს. თვალის კუთხის წამოსაწევად და მყესის დასაჭიმავად, კანტოპექსიას მიმართავენ ხოლმე.

2. კოსმეტოლოგიური მეთოდები

ვისაც საოპერაციო მაგიდაზე თავის დადება არ სურს, თანამედროვე კოსმეტოლოგია სთავაზობს რამდენიმე მეთოდს, რომლებიც შვებას მოგგვრით, თუ თვალქვეშა ტომრები არა ქუთუთოს თიაქრით, არამედ შეშუპებითაა გამოწვეული.

  • მეზოთერაპია – კოსმეტოლოგი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად არჩევს ვიტამინების, მინერალების, ამინომჟავებისა და ჰიალურონის მჟავის შემცველი კოქტეილების შემადგენლობას. ეს საშუალებები დანიშნულებისამებრ უნდა წაისვათ თვალქვეშ;
  • ლაზერული თერაპიზა – ფრაქციული ლაზერი იწვევს ქსოვილის მიკროდაზიანებას და მასში რეგენერაციის პროცესებს იწყებს. შედეგად, მუშავდება მეტი კოლაგენი და ელასტინი, რომლებიც დაზიანებულ მონაკვეთს აღადგენს;

  • RF-ლიფტინგი – პროცედურის დროს გამოიყენება აპარატი რადიოსიხშირული ზემოქმედებით. ქსოვილი ხურდება, რის ხარჯზეც იზრდება კოლაგენის სინთეზი, კანი იჭიმება და მკვრივდება;
  • ფილერის ინექცია – ამ პროცედურას ხშირად იყენებენ თვალქვეშა სილურჯეების მოსაშორებლად, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, იგი ეფექტურია ტომრების წინააღმდეგაც. საუკეთესო შედეგს იმ შემთხვევაში იძლევა, თუ ტომრები კანის ჩამოწელის შედეგია;
  • პლაზმოლიფტინგი – კანქვეშ შეჰყავთ არა ფილერი, არამედ პაციენტის პლაზმა. ეს ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, აჩქარებს უჯრედების რეგენერაციის პროცესებს.

3. ხალხური მეთოდები

  • ჩაის კომპრესები

ჩაის ფოთოლი შეიცავს ტანინებსა და კოფეინს, რომელსაც ხშირად იყენებენ თვალის გარშემო კანის მოსავლელ კოსმეტიკაში, რამდენადაც იგი ავიწროებს სისხლძარღვებს, აცხრობს შეშუპებას. ტანინები აძლიერებს დრენაჟულ ეფექტს და მყისიერად აშორებს თვალქვეშ ტომრებს.

რეცეპტი: მწვანე ან შავი ჩაის ორ პაკეტს დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 3 წუთით. ამოიღეთ პაკეტები წყლიდან, გააგრილეთ და შედგით მაცივარში. როცა ჩაი გაგრილდება, დაიდეთ თითო პაკეტი თითო თვალზე 15 წუთით.

  • ცივი კოვზები

ეს საშუალება უცნაურად მოგეჩვენებათ, თუმცა, ნამდვილად ეფექტურია. გაგრილებული მეტალი ავიწროებს სისხლძარღვებს, ხსნის ქსოვილების სიწითლესა და შეშუპებას.

რეცეპტი: მოათავსეთ მეტალის 4 კოვზი მაცივარში ან ყინულიან ცივ წყალში. დაიდეთ გაგრილებული კოვზები თვალებზე ისე, რომ კიდეები ორბიტალურ არეალს დაედოს. როგორც კი კოვზები გათბება, მოათავსეთ უკან, წყალში ან მაცივარში, და ჩაანაცვლეთ ცივით. გაიმეორეთ პროცედურა მანამ, სანამ შეშუპება სრულად არ გაქრება.

  • კიტრის ნიღაბი

თვალებზე კიტრის ორი მრგვალი ნაჭერი დადგენილი კლიშეა, რომელსაც მრავალ ფილმსა თუ ვიდეორგოლში იყენებენ. თუმცა, მეთოდი მართლაც ეფექტურია.

რეცეპტი: გამოიღეთ მაცივრიდან კიტრი, ჩამოჭერით ორი თხელი ნაჭერი და დაილაგეთ თვალებზე 15 წუთით, ჩამოიბანეთ თვალები გრილი წყლით და დაასრულეთ პროცედურა თვალის გარშემო ზონის კრემით.

  • რძე

ნედლი რძე ავიწროებს სისხლძარღვებს და სწრაფად აშორებს თვალქვეშა ტომრებს, ამშვიდებს კანს, კვებავს და ატენიანებს მას.

რეცეპტი: აიღეთ რძე (შეგიძლიათ, ნაღებიც გამოიყენოთ), ჩაასხით ჭურჭელში და დაუმატეთ ყინული. როცა იგი გაგრილდება, ჩაალბეთ რძეში ბამბის ორი დისკი, ოდნავ დაწურეთ და დაიდეთ თვალქვეშ პატჩების სახით. როცა დისკები გათბება, თავიდან გაჟღინთეთ რძით და გაიმეორეთ პროცედურა.

  • კვერცხის ცილა

იგი შეიცავს დიდი რაოდენობით B2 ვიტამინს, რომელიც დადებითად მოქმედებს კანზე და აძლიერებს სისხლძარღვებს.

რეცეპტი: 2 კვერცხის ცილა ათქვიფეთ და წაისვით თვალქვეშ. 15 წუთში (ცილის გახმობის შემდეგ) ჩამოიბანეთ. რა თქმა უნდა, ამ პროცედურის გაკეთება არ შეიძლება მათთვის, ვისაც ალერგია აქვს კვერცხზე.

  • კარტოფილი

ასეთი მარტივი და ხელმისაწვდომი ბოსტნეული თვალქვეშა ტომრების მოშორებაში დაგეხმარებათ. იგი უამრავ სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს, ამიტომ უბრალოდ დახეხეთ გაფცქვნილი კარტოფილი, ოდნავ დაწურეთ ზედმეტი სითხე და მარლაში გახვეული მიღებული ფაფა დაიდეთ თვალქვეშ 15 წუთით.

თქვენ როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას?