11 მითი ცელულიტის შესახებ: არ დაიჯეროთ!

0
875

დამტკიცებულია, რომ ცელულიტი დაავადება კი არა, ნორმაა, ეს მითები კი ჯერ კიდევ არსებობს. დროა, მათ ბოლო მოვუღოთ. Girl.ge-ის რედაქცია ახლა 11 მითს დაამსხვრევს.

1. ცელულიტი დაავადებაა

ზოგიერთი სპეციალისტი ცელულიტს მართლაც დაავადებად მოიხსენიებენ, საშინელი სახელწოდებით – ლიპოსკლეროზი. თუმცა, ექიმთა უმეტესობა თანხმდება, რომ ცელულიტი მეორეულ სასქესო ნიშნად უნდა ჩავთვალოთ და მის გაჩენას ქალებში ჰორმონი ესტროგენი იწვევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცელულიტის ქონა ქალისთვის ნორმალური და ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ესთეტიკურად გამოიყურება.

2. ცელულიტი ასაკობრივი მოვლენაა

არა, ასაკთან ერთად, ცელულიტის გაჩენის რისკი არც იზრდება და არც მცირდება. “ფორთოხლის ქერქს” შენიშნავთ როგორც 15, ისე 55 წლის ასაკშიც. რისკი მხოლოდ მაშინ იზრდება, თუ ქალი ცხოვრების არასწორ წესს მისდევს. დამტკიცებულია კავშირი ცელულიტის გაჩენასა და მოწევას, მოძრაობის ნაკლებობას შორის.

3. ცელულიტი მხოლოდ მსუქნებს აქვთ

ვარსკვლავების ფოტოები იდეალური მტკიცებულებაა იმისა, რომ ცელულიტს არამხოლოდ ყველა ასაკი, არამედ ყველა ფიგურა ექვემდებარება. “იდეალური” პროპორციების მქონე მოდელებსაც კი აქვთ ცელულიტი.

4. დიეტა ცელულიტის მოშორებაში დაგეხმარებათ

სამწუხაროდ, არა. რაციონიდან ცხიმიანი, მარილიანი, ცხარე და ფქვილიანი პროდუქტის ამოღებაც ვერ გიშველით. გაზიან სასმელებსა და ტკბილეულზე უარის თქმით, კანის მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ, თუმცა, ცელულიტს ვერ მოიშორებთ.

5. ანტიცელულიტური მასაჟი თქვენი ხსნაა

მასაჟი მართლაც ეფექტურია: უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, აღმოიფხვრება ლიმფის შეკავება, მის შემდეგ კი კანი უფრო გლუვი ჩანს. თუმცა, ეს ეფექტი ძალიან ხანმოკლეა და, თუ პროცედურათა კურსი გაიარეთ, შემდეგ კი ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდით, ცელულიტი დაბრუნებას არ დააყოვნებს. ამიტომ, ან მასაჟი რეგულარულად უნდა გაიკეთოთ, ან დამშვიდდეთ და ყველაფერი ისე დატოვოთ, როგორც არის. გავიმეორებთ: ცელულიტის სრულად და სამუდამოდ მოშორება შეუძლებელია.

6. ცელულიტის გაჩენის პროფილაქტიკა შესაძლებელია

მაშინაც კი, თუ 15 წლის ხართ და ყოველდღე დაკავდებით სპორტით, სწორად იკვებებით, წონას ინარჩუნებთ და კოსმეტოლოგთა ყველა რეკომენდაციას ასრულებთ, თუ ცელულიტისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობილება გაქვთ, მას თავიდან ვერ აიცილებთ. სხვა საქმეა, რომ დაჭიმულ სპორტულ სხეულზე ცელულიტი ნაკლებად თვალსაჩინო იქნება.

7. ანტიცელულიტური კრემები: აი, რა დაგვეხმარება

სამწუხაროდ. კი, კრემი ვიზუალურად სიტუაციას გააუმჯობესებს: კანს დააგლუვებს და მოვლილ იერს შემატებს, თუმცა, იგი მხოლოდ ოპტიკურად ამცირებს ცელულიტს. რეალურად, ფორთოხლის ქერქის ეფექტს კრემებით ვერ შეამცირებთ.

8. ცელულიტი შეშუპებაა, ნაკლები წყალი უნდა მიიღოთ

პირიქით. რაც უფრო ნაკლებ წყალს დალევთ, მით უკეთ ცირკულირებს სისხლი და ლიმფა, მით უფრო ნაკლებად შეკავდება ქსოვილებში სითხეები, მით უფრო ნაკლებად შესამჩნევი იქნება ცელულიტი. ყურადღება მიაქციეთ: დალიეთ მხოლოდ სუფთა წყალი. წვენები, ყავა, ჩაი არ ითვლება.

9. ჰორმონალური კონტრაცეპცია პრობლემას აღრმავებს

სულაც არა. თანამედროვე ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებები ჰორმონთა იმდენად უმნიშვნელო დოზას შეიცავს, რომ ცელულიტზე არანაირ გავლენას არ ახდენს.

10. ცელულიტს ლიპოსაქცია შველის

ლიპოსაქცია მოგაშორებთ ცხიმოვან ფენებს, თუმცა, კანის სტრუქტურას ვერ შეცვლის. ამასთან, ოპერაციის შემდგომი გართულებებით ცელულიტები უფრო შესამჩნევიც კი გახდება.

11. ყველაფერი მემკვიდრეობითობაზეა დამოკიდებული

მთლად არა. ნივთიერებათა ცვლისა და ქსოვილთა წყობის გარკვეული თავისებურებები, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობითია, თუმცა, თუ დედათქვენს ცელულიტი არ აქვს, ეს იმის გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ თქვენც არ გექნებათ.