მეორედ საშიშია: 7 მიზეზი რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვეში 2 მენსტრუაცია.

0
614
Photo credit: Vostock-media

რა თქმა უნდა, კრიტიკული დღეები თვეში ერთხელაც გვაღიზიანებს, თუმცა, ამას ვერაფერს მოვუხერხებთ… აი, თუ ისინი განმეორდა, ეს რამდენიმე მიზეზით შეიძლება მოხდეს. მაგალითად, უეცრად მოკლე ციკლი მოგივიდათ (21-დღიანი). ან რამე უფრო სერიოზული მოხდა. Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, რომლებიც ხშირ სისხლდენას იწვევს. გახსოვდეთ: ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რაღაც გეუცნაურებათ, მიმართეთ ექიმს!

1. აბის დალევა დაგავიწყდათ

ჩასახვის საწინააღმდეგო აბს ვგულისხმობთ. ან, მაგალითად, ნემსის გაკეთება ან სახვევის შეცვლა გადააცილეთ. თუ ასე მოხდა, გამონადენზე არ იდარდოთ: ეს ჰორმონების დონის მკვეთრ ცვლილებაზე ორგანიზმის რეაქციაა. წაიკითხეთ ინსტრუქცია იმის გასაგებად, გჭირდებათ თუ არა დამატებითი დაცვა.

2. ფეხმძიმედ ხართ

უმეტეს შემთხვევაში, ეს მდგომარეობა მენსტრუაციის შეწყვეტას განაპირობებს. თუმცა, ზოგიერთ ქალს პირველ ტრიმესტრში გამონადენი მაინც აქვს. ეს შეიძლება განპირობებული იყოს, მაგალითად, მძიმე ფიზიკური დატვირთვით ან ნაყოფთან დაკავშირებული პრობლემებით. ამიტომ, პირველ რიგში, გაიკეთეთ ტესტი და იმოქმედეთ სიტუაციის მიხედვით.

3. პოლიპები და სიმსივნე

ჰორმონალური დარღვევები, ხანდახან, საშვილოსნოში პოლიპების ან ფიბროზული სიმსივნის გაჩენას იწვევს. ისინი, თავის მხრივ, იწვევს ციკლთშორის სისხლდენას. სახლის პირობებში სისხლის გამოყოფის მიზეზის დადგენა შეუძლებელია, ამიტომ, მიმართეთ ექიმს – ჩაიტარეთ სრულყოფილი გამოკვლევა.

4. ვაგინალური ან ცერვიკალური ინფექცია

ბაქტერიული ვაგინოზისა და ტრიქომონიაზის მსგავსი ინფექციები უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს და გამონადენის მიზეზად შეიძლება იქცეს. თუ არ იმკურნალებთ, რამე უფრო სერიოზულს, მაგალითად, აივ-ს აიკიდებთ.

5. ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები

სწორედ ეს ჯირკვალი აკონტროლებს ოვულაციასა და მენსტრუაციაზე პასუხისმგებელ ჰორმონებს. როგორც წესი, სხვა სიმპტომებს შორის მომატებული დაღლილობა, წონის მკვეთრი ცვლილებები, გახშირებული პულსი და განწყობის ცვლილებებია. მოკლედ, ენდოკრინოლოგთან მისვლა არ გაწყენდათ.

6. პოლიკისტოზი

საკვერცხის კისტა მსოფლიოში ყოველი მეორე ქალის დიაგნოზია. “არასწორი” გამონადენის გარდა, მას შეუძლია აკნეს, წონაში მატების, თმის არასასურველ ადგილებში ზრდისა და უნაყოფობის გამოწვევა.

7. კიბო და კიბომდელი უჯრედები

მოულოდნელი გამონადენის ყველაზე საშიში შესაძლო მიზეზი. უმეტესად, ეს საკვერცხეების კიბოა და მისი დროული აღმოჩენა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამიტომ, თუ თავს ცუდად გრძნობთ, რასაც თან ერთვის მოულოდნელი მენსტრუაცია, გაიარეთ სკრინინგი.