10 საშუალება სახლის პირობებში ფრჩხილების გასამყარებლად

0
841

თუ შენიშნეთ, რომ თქვენი ფრჩხილები დაიღალნენ ლაქითა და შელაქით დაუსრულებელი დაფარვისგან, გაუშვით ისინი სპა-კურორტზე. შორს წასვლა არ მოგიხდებათ – ყველა საჭირო პროცედურის ჩატარებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ. როგორ? ამას ახლა Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით.

ფრჩხილებს, ისევე, როგორც თმას, სჭირდება განსაკუთრებული მოვლა – დუთმეთ მათ დღეში თუნდაც ნახევარი საათი, მონაცვლეობით სცადეთ ჩვენი რეცეპტები და ძალიან სწრაფად შეძლებთ იდეალური მანიკურით დატრაბახებას, ყოველგვარი აქერცვისა და მსხვრევადობის გარეშე.

1. რძის აბაზანა

სანამ შერონ სთოუნი კლეოპატრას რეცეპტით იღებს რძისა და თაფლის აბაზანებს, ჩვენ გთავაზობთ მოკრძალებულ საშუალებას ოდნავ გალამაზებისთვის: რძის აბაზანა ფრჩხილებისთვის. რძე კალციუმის წყაროა, სწორედ ის აკლია ჩვენს ფრჩხილებს, უმეტეს შემთხვევაში. თუ მსხვრევადი და მშრალი ფრჩხილები გაქვთ, შეიძინეთ საღი რძე (ოღონდ უცხიმო არა), გაათბეთ კომფორტულ ტემპერატურამდე და ჩაალაგეთ თითები 20-30 წუთით. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე, 1 კვირის განმავლობაში. დადებით შედეგს ძალიან მალე შენიშნავთ.

2. პარაფინის ნიღაბი

პარაფინი, იგივე ცვილი, ფრჩხილის ზრდის შესანიშნავი სტიმულატორია, თუმცა, გარდა ამისა, იგი ფრჩხილის ზედაპირს აგლუვებს და ატენიანებს შეიძინეთ კოსმეტიკური პარაფინი, დაადნეთ ორთქლზე, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი და უხვად წაისვით ეს ნარევი თითებზე. საუკეთესო შემთხვევაში, ნიღაბზე ხელთათმანები უნდა გაიკეთოთ და ამ მდგომარეობაში 2-3 საათი გაატაროთ. აი, ამდენ ხანს ვერ გამოიყენებთ სმარტფონს.

3. ჟოჟობას ზეთის ნიღაბი

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ კოსმეტიკური ზეთების სამკურნალო თვისებების შესახებ, თუმცა, სწორედ ჟოჟობას ზეთი ჩადის სასწაულებს, მათ შორის, ფრჩხილებზეც. გელ-ლაქითა და ჭურჭლის რეცხვით დაზიანებულ ფრჩხილებს გონზე მოიყვანს ჟოჟობას ოდნავ შემთბარი ზეთი, თუ მას უშუალოდ ფრჩხილის ზედაპირსა და ნუნების მონაკვეთზე წაისვამთ. უმჯობესია, ეს საშუალება ღამით წაისვათ და ხელები დიდხანს არ დაიბანოთ.

4. ვიტამინების კოქტეილი

მთელი ორგანიზმის მსგავსად, ფრჩხილებსაც სჭირდება გარკვეული ვიტამინები, ამიტომ მოუწყვეთ მათ “ვიტამინების ნაღმი” – შეიძინეთ აფთიაქში A და E ვიტამინების კაფსულები, შეურიეთ მათი შიგთავსი და წაისვით ფრჩხილებზე. ეს საშუალება კარგია ყოველდღიური გამოყენებისთვის – უარი თქვით ლაქის წასმაზე 1-2 კვირით, მკურნალობის პერიოდში, გაიმეორეთ კურსი 1-2 თვეში ერთხელ.

5. ჟელატინის აბაზანა

ჟელატინი ლაქის გამოყენებით დასუსტებულ ფრჩხილებს აღადგენს, გამოკვებავს და დაუბრუნებს მათ ელვარებას. პროცედურისთვის შესაფერისი ჟელატინის შეძენა შეგიძლიათ სურსათის მაღაზიაში, მთავარია, იგი უფერული იყოს, საღებავების გარეშე. 1 ჭიქა ცხელ (არა მდუღარე) წყალში გახსენით 1 ს.კ. ჟელატინი, როცა წყალი ოდნავ გაგრილდება, ჩაალაგეთ თითები 12-20 წუთით.

6. იოდის საფარი

გარშემომყოფები ყვითელი ფრჩხილებით რომ არ შეაშინოთ, ჩაიტარეთ სამკურნალო პროცედურა ძილის წინ – ბამბის დისკით დაიფარეთ ფრჩხილის ზედაპირი იოდით და აცადეთ გაშრობა. ნუ ეცდებით ცამორეცხვას – ასე დაწექით დასაძინებლად. ღამით ხსნარი ფრჩხილებში შეიწოვება იმის მიხედვით, თუ რამდენადაა ფრჩხილის საფარი დაზიანებული – ჩვეულებრივ, ყველაზე მშრალი ფრჩხილი დილამდე მთელ იოდს შეიწოვს. გირჩევთ, ასეთი სეანსი კვირაში ერთხელ მაინც მოუწყოთ ფრჩხილებს.

7. ზეითუნისა და აბუსალათინის ზეთების აბაზანა

ფრჩხილებს ადრინდელ ელვარებას დაუბრუნებს და გააძლიერებს საგანგებო საშუალება – ჩაასხით ღრმა თასში ზეითუნისა და აბუსალათინის ზეთები თანაბარი პროპორციით, შეურიეთ და ჩაალაგეთ თითები. ზეითუნის ზეთი გამოკვებავს ფრჩხილებს ვიტამინებით და დაატენიანებს მათ, აბუსალათინისა კი დაუბრუნებს სიმკვრივეს და დააჩქარებს ზრდას.

8. გვირილისა და შვრიის ფანტელების ნიღაბი

ფრჩხილის სამკურნალო შემადგენლობის მომზადება გვირილის გამხმარი ყვავილებისა და შვრიის ფანტელების ნარევით შეგიძლიათ. შეურიეთ ისინი თანაბარი პროპორციით, დაასხით მდუღარე წყალი და აცადეთ გაგრილება. შემდეგ ბლენდერში ათქვიფეთ და გაუკეთეთ ფრჩხილებს საჩუქარი – ეს ნიღაბი აუცილებლად დაუბრუნებს მათ სიცოცხლეს, გელ-ლაქის მოხსნის შემდეგაც კი.

9. ხაჭოსა და მცენარეული ზეთის ნიღაბი

ეს ნიღაბი იდეალურია კალციუმის დეფიციტის დროს. ნებისმიერი ნატურალური ცხიმიანი ხაჭო ბლენდერში ათქვიფეთ ზეითუნის ან სხვა ნებისმიერ მცენარეულ ზეთთან ერთად – კონსისტენცია არაჟანს უნდა გაგონებდეთ. წაისვით ნიღაბი ფრჩხილებზე 30 წუთით და გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ.

10. გამაძლიერებელი ლაქები

დაბოლოს, ზემოთ აღწერილი ნებისმიერი პროცედურის ჩატარების შემდეგ, ტრადიციული მანიკურის ნაცვლად, შემოიფარგლეთ მხოლოდ სამკურნალო საფრით (RescueRxx, Nailtrition, Super Duper, Diamond Strenght, Nail Tek). იგი დაიცავს ფრჩხილის ზედაპირს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან და, ამავდროულად, გაამკვრივებს მას – ასეთი ფრჩხილის მოტეხვა ძალიან რთული იქნება!