
ზურგზე აკნე დელიკატური პრობლემაა, რომელიც ბევრს აწუხებს. ეს ზონა გამონაყარის ფორმირებისთვის ყველაზე მგრძნობიარეა. აქ ცხიმოვანი ჯირკვლები უფრო აქტიურად მუშაობენ, ფორები კი დაბინძურებისკენ მიდრეკილნი არიან. Girl.ge–ს რედაქციის რჩევები გაითვალისწინეთ და თქვენი კანი თანაბარი და გლუვი გახდება!
ზურგზე აკნე არა მხოლოდ ზაფხულში გვაწუხებს – წლის ნებისმიერ დროს გვსურს ლამაზად ამოჭრილი კაბა ჩავიცვათ, განსაკუთრებით წვეულებებზე! სამწუხაროდ, ზოგჯერ ამ სიამოვნებაზე უარის თქმა გვიწევს, რადგან კანი იდეალურად არ გამოიყურება!
როგორ მოვიშოროთ ზურგზე აკნე
მარტივით დაიწყეთ
ზურგზე აკნეს როგორც გარეგანი (მაგალითად, არასწორი მოვლა), ასევე შინაგანი (ჰორმონალური დისბალანსი) პრობლემები იწვევს. ანთების მოსაშორებლად ჰიგიენის მარტივი წესების დაცვით და კანის მოვლით დაიწყეთ.
თავი სწორად დაიბანეთ
ზოგჯერ ზურგზე აკნე ჩნდება იმის გამო, რომ თავს შხაპის დროს იბანთ. სად იღვრება მთელი ბინძური წყალი (მაპატიე, მაგრამ ნამდვილად ბინძურია)? მართალია, ზურგზე. ბალზამი ფორებს კიდევ უფრო ჭედავს.
თავი აბაზანაში წინ გადახრილმა დაიბანეთ. ეს მოსახერხებელი მეთოდია გრძელი თმის მფლობელთათვის, თმა ნაკლებად აიბურდება. რამდენიმე კვირა დააკვირდით – გამორიცხული არაა, რომ ზურგზე აკნე გაბრაზდება და სამუდამოდ მიგატოვებთ.
ტანის ცხიმიან ლოსიონზე უარი თქვით
სამწუხაროდ, ყველაზე ხარისხიანი ტანის ლოსიონიც კომედოგენურ თვისებას შეიცავს, თუ ზედმეტად ცხიმიანია ან უბრალოდ თქვენი ტიპის კანს არ უხდება. დროებით ზურგსა და მხრებზე კრემი არ წაისვათ. დიდი ალბათობით, გამონაყარის მიზეზი მასშია, თუნდაც სხეულის სხვა ნაწილზე ასეთ რეაქციას არ იწვევდეს.
გამონაყარი ნეჭით არ გაიხეხოთ
უხეში შეცდომა: გამონაყარი გაჩნდა, ზურგი ნეჭით უნდა გაიხეხოთ! ასე უკუ ეფექტს მიიღებთ – კანი დაზიანდება და ამ საზიზღრობას მთელ ზურგზე გაავრცელებთ, ანთებას გაამწვავებთ! აკნეს დროს უხეში ნეჭა არ გამოიყენოთ.
სალიცილის მჟავა გამოიყენეთ
დერმატოლოგები სახეზე აკნეს საწინააღმდეგოდ სალიცილის მჟავის ლოსიონებს ხშირად გვირჩევენ. ეს საშუალება შეიძლება სახის ნაზი კანისთვის ზედმეტად „თერმობირთვული“ აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ზურგზე გამოიყენებთ, კარგ შედეგს მიიღებთ. პრობლემურ კანზე ასეთი ლოსიონი წაისვით, რომ გამონაყარი გამოაშროთ.
თიხის ნიღბები გაიკეთეთ
უფრო ნაზი, მაგრამ არანაკლებ ეფექტური მეთოდი: ცისფერი თიხის ნიღბები. ზურგსა და მხრებზე კვირაში 1–2–ჯერ წაისვით. ასეთი ნიღაბი ფორებს ღრმად წმენდს და ანთებას აშრობს. მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ სკრაბზე გადადით!
სკრაბით დაიმუშავეთ
როგორც უკვე გითხარით, ზურგზე აკნეს მოსაშორებლად ნეჭა არ გამოგადგებათ, მაგრამ სკრაბები შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ. მას შემდეგ, რაც ნიღბებით ან სალიცილის მჟავით აკნეს გამოაშრობთ, სკრაბი გამოიყენეთ. ყურადღება! ახალ აკნეზე სკრაბის გამოყენება არ შეიძლება – ასე კანს დააზიანებთ, აკნეს მთელ ზურგზე გაავრცელებთ და მიკრონაწიბურებს მიიღებთ.
სწორი ალგორითმი: ჯერ აკნეს გამოშრობას დაელოდეთ, შემდეგ ტანის სკრაბი გამოიყენეთ, რომ კანი გაიწმინდოთ.
თუ არაფერმა გიშველათ
თუ ჩვეულებრივი კოსმეტიკური პროცედურები სახლის პირობებში შედეგს არ იძლევა, სავარაუდოდ, ზურგზე აკნეს მიზეზი შინაგანი პრობლემებით არის გამოწვეული. გამოდის, ექიმს უნდა მიმართოთ. ამ თემაზე კოსმეტოლოგებს გავესაუბრეთ და გავარკვიეთ, თუ როგორ ვუმკურნალოთ ზურგზე აკნეს.
ზურგზე ანთებითი და არაანთებითი ელემენტების გაჩენის მიზეზი როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი ფაქტორებია.
გარეგანი ფაქტორები:
- უხარისხო, სინთეტიკური ქსოვილის ტანსაცმელი, ტანზე მომდგარი ვიწრო ტანსაცმელი, სხვისი ნივთის გამოყენება (საწოლის თეთრეული, აბაზანის ღრუბელი და ა.შ.);
- არახელსაყრელი გარემო ფაქტორები: მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება. ამ შემთხვევაში კანის ადგილობრივი იმუნიტეტი მცირდება;
- ტენიანობა ან, პირიქით, მშრალი ჰაერი კანზე ნეგატიურ გავლენას ახდენს;
- არასწორი მოვლა: სწორი ჰიგიენის არ ქონა. იშვიათი ან, პირიქით, ძალიან ხშირად დაბანა;
შინაგანი ფაქტორები:
- ცხიმის ჭარბი გამოყოფა, ფორების შემადგენლობის ცვლილება ან ბლოკირება;
- ჰორმონალური ფონის დარღვევა ან დისბალანსი (პუბერტატული პერიოდი, სქესობრივი მომწიფების პერიოდი);
- გენეტიკური მიდრეკილება;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
- დაუბალანსებელი კვება;
- მავნე ჩვევები;
- ზედმეტი სტრესი;
- ავიტამინოზი (ვიტამინების დეფიციტი);
სალონური პროცედურები ზურგზე აკნეს მოსაშორებლად
მსგავსი პრობლემის შემთხვევაში რეკომენდებულია ისეთი კოსმეტიკური პროცედურები, როგორიცაა:
- ქიმიური პილინგი;
- კრიოთერაპია (ასე ეწოდება „სიცივით მკურნალობას“);
- ფონოფორეზი (კანის ღრმა ფენებში სამედიცინო პრეპარატის და კოსმეტიკური საშუალების შეყვანა ულტრაბგერითი ზემოქმედებით);
- მეზოთერაპია (კანის ვიტამინებით გამოკვება – ბიოაქტიური ნივთიერებების კანქვეშ შეყვანა);
- პლაზმოთერაპია (სისხლის პლაზმის პრეპარატების კანქვეშ შეყვანა).