
ჭარბი წონა არ გაქვთ, ღაბაბი კი მაინც გაწუხებთ? ასეც ხდება. Girl.ge-ის რედაქცია გაგიზიარებთ ეფექტურ საშუალებებს, რომლებიც ამ პრობლემას სახლის პირობებში მოგაშორებთ.
ღაბაბის მოშორების ორნაირი გზა არსებობს – სახლის პირობებში ან პროფესიონალური ჩარევით. ჩვენ ახლა პირველ ვარიანტზე ვისაუბრებთ, კოსმეტოლოგიურ პროცედურებს კი სტატიის ბოლოს ჩამოვთვლით. აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი.
ღაბაბის მოსაშორებელი სავარჯიშოები
ხშირად, ქალებში ღაბაბის გაჩენის მიზეზი სახის სუსტი მუსკულატურაა. კუნთები უბრალოდ შესაფერისად ვერ იჭერს კანს, რასაც ასეთ არაესთეტიკურ იერამდე მივყავართ. კარგი ამბავიც გვაქვს: საყვარელი კუნთების ტონუსში მოყვანა ვარჯიშით შეგიძლიათ!
- ენის გამოყოფა
ნუ გაგეცინებათ. მიუდექით პროცესს სერიოზულად. მთავარია, ეფექტურად გამოიყენოთ მომენტი, როცა ოთახში მარტო აღმოჩნდებით, და შეუდექით სახის ტანვარჯიშს. კისრისა და ღაბაბის მონაკვეთის კუნთების დაჭიმვა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ენის ვარჯიშით შეიძლება. გამოწიეთ ენა მთელი ძალით – ეცადეთ, ცხვირის წვერს მისწვდეთ, სანამ ძლიერ დაჭიმულობას არ იგრძნობთ.
შემდეგ ჩაწიეთ ენა ქვემოთ, თითქოს ნიკაპის შეხება გნებავთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე. და ასე ყოველდღე! გარწმუნებთ, შესამჩნევ შედეგს მიიღებთ – კანი წამოიწევა.
- დაკვრითი მოძრაობები
პირველი სავარჯიშოს დასრულებისთანავე, შეუდექით მეორეს – ხელის მტევნის ზურგით, ოდნავ დაჰკარით ღაბაბს, ძლიერად არა, თუმცა საგრძნობლად.
- პირის გაღება
კიდევ ერთი ეფექტური სავარჯიშო: გადაწიეთ თავი უკან, პირი ფართოდ გააღეთ – ისე, რომ ყბის ქვეშ ძლიერი დაძაბულობა იგრძნოთ. დაითვალეთ ოცამდე და ძალიან ნელა დახურეთ პირი. გაიმეორეთ რამდენჯერმე. გაითვალისწინეთ, რომ კუნთების სწორი გავარჯიშების შემდეგ, ისინი ისევე გეტკინებათ, როგორც სპორტ-დარბაზში ვარჯიშის შემდეგ.
- ტუჩების მოძრაობა
ეს სავარჯიშო ამუშავებს ტუჩების, ლოყებისა და ქვედა ყბის კუნთებს. მის შესასრულებლად, გამოწიეთ და დაბერეთ ტუჩები. შემდეგ დაიწყეთ მარცხნივ, შუაში და მარჯვნივ გადატანა. გაიმეორეთ არანაკლებ ათჯერ.
- თავის აზიდვა
შემდეგი ეფექტური სავარჯიშო კისრისა და სახის კუნთების ტონუსში მოსაყვანად – თავის აზიდვა. არსებობს მისი ორი ვარიაცია – პირველ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაწვეთ დივანზე და თავი გადაკიდოთ. მეორე შემთხვევაში კი იატაკზე წვებით ზურგით და თავს სწორი ზედაპირიდან მაღლა წევთ. თუ კისრის პრობლემები გაქვთ, აირჩიეთ მეორე ვარიანტი. შესრულების საერთო ტექნიკა ასეთია:
– დაწექით საწოლზე, დივანზე ან იატაკზე და დადეთ თავი (ან კიდეზე, ან მყარ ზედაპირზე).
– შემდეგ წამოწიეთ თავი და ეცადეთ, იგი მკერდთან მიიტანოთ.
– გააჩერეთ თავი 10 თვლამდე და დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში.
– გაიმეორეთ სავარჯიშო, ყოველგვარი მყისიერი მოძრაობების გარეშე.
- ნიკაპის წამოწევა
სახისა და კისრის კუნთების გასაძლიერებლად და დასაჭიმავად, სცადეთ ეს სავარჯიშო. იგი არამხოლოდ ღაბაბს დაჭიმავს, არამედ სახის კუნთებსაც ტონუსში მოიყვანს. შესრულების ტექნიკა:
– დადექით და გაასწორეთ ზურგი და კისერი.
– აწიეთ ნიკაპი ჭერისკენ და მომუწეთ ტუჩები მაქსიმალურად მაგრად.
– შეინარჩუნეთ პოზიცია 10 წამით, შემდეგ მოადუნეთ კუნთები და ჩამოწიეთ ნიკაპიც.
– გაიმეორეთ სავარჯიშო დღეში ათჯერ, ღაბაბის მოშორება თუ ნამდვილად გსურთ.
- კისრის ტრიალი
კისრის ტრიალი შესანიშნავი საშუალებაა სახისა და კუნთის გასაძლიერებლად. სავარჯიშოს შესრულება შეგიძლიათ როგორც სახლში, ისე სამსახურშიც. შესრულების ტექნიკა:
– ნელა და ფრთხილად მიაბრუნეთ თავი ერთ მხარეს, ნიკაპი მხრის პარალელური რომ აღმოჩნდეს.
– დარწმუნდით, რომ თვალები განზე იყურება.
– დაუყოვნებლივ ჩამოწიეთ თავი დაბლა და შეატრიალეთ მეორე მხარეს.
– გაიმეორეთ დღეში ორჯერ, 10-10-ჯერ.
- სავარჯიშო პლატიზმისთვის
გააკეთეთ აქცენტი პლატიზმაზე – კისრის არეში განლაგებულ თხელ და ბრტყელ კუნთზე. სავარჯიშო წამოწევს ჩამოწელილ კანს და ტონუსში მოიყვანს კისრის კუნთებს. შესრულების საბაზისო ტექნიკა:
– დადექით და გაასწორეთ ზურგი და კისერი.
– შეწიეთ ტუჩები კბილებისკენ, ყბის არეში ხრტილებს რომ მიაჭიროთ.
– ჩააბრუნეთ ტუჩის კიდეები ქვემოთ, თითქოს მოიწყინეთ.
– გააჩერეთ სახე ამ მდგომარეობაში 10 წამით. გაიმეორეთ ათჯერ.
- სავარჯიშო ჩოგბურთის ბურთით
კიდევ ერთი შესანიშნავი და მაქსიმალურად მარტივი საშუალება სახისა და კისრის კუნთების ტონუსში მოსაყვანად – ჩოგბურთის ბურთით ვარჯიში. რა უნდა გააკეთოთ:
– მოათავსეთ ჩოგბურთის ბურთი ღაბაბის ქვეშ და დაიჭირეთ იგი კისრისა და ღაბაბის კუნთებით.
– შემდეგ მიაჭირეთ ბურთს მაქსიმალურად სწრაფად და ცოტათი დაწიეთ თავი დაბლა.
– გაიმეორეთ სავარჯიშო დღეში ორ მისვლად, ათ-ათჯერ. მარტივი ტექნიკა ღაბაბს მოგაშორებთ.
ღაბაბის მოსაშორებელი მასაჟი და ნიღბები
თუ ღაბაბის გაჩენის მიზეზი არა ჭარბი წონა, არამედ კანის ჩამოწელვაა, დაიწყეთ მასაჟის კეთება. შესაძლოა, ამდენად რთულ პრობლემასთან მასაჟით ბრძოლის იდეას სკეპტიკურად უყურებდეთ, თუმცა, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. ეს მართლაც ეფექტური საშუალებაა, თუ მისი შესრულება ყოველდღე არ დაგეზარებათ.
აგრეთვე, შეგიძლიათ ღაბაბის ზონის წამოსაწევად გაიკეთოთ მაკორექტირებელი ნიღბები, კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის შემცველობით. ეფექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესამჩნევი, თუ ღაბაბი ასაკობრივი ცვლილების შედეგად გაჩნდა. ნიღბები ცხიმოვან ფენებს არ ებრძვის.
1. ჩქმეტა
როგორ მოვიშოროთ ღაბაბი სახლის პირობებში? პირველ რიგში, მასაჟამდე წაისვით პრობლემირ ზონაზე ცხიმიანი კრემი. შემდეგ კანი გაახურეთ – დაიწყეთ კანის ჩქმეტა ისე, რომ სისხლის ნაკადი იგრძნოთ, ოღონდ კანი არ გაწელოთ.
2. თაფლის მასაჟი
ტრადიციულად, თაფლი ღაბაბთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად ითვლება. თუ ამ პროდუქტზე ალერგია არ გაქვთ, კი არ მიირთვათ, გაიკეთეთ მასაჟი. დაწვრილებითი ტექნიკა:
- გაათბეთ თაფლი ორთქლზე, თბილი და თხელი რომ გახდეს.
- წაისვით იგი პრობლემურ ზონაზე და დაიწყეთ გადანაწილება ცენტრიდან პერიფერიამდე.
- გაიკეთეთ მასაჟი დიდი თითებით – იმოძრავეთ ღაბაბის ცენტრიდან ყურის ბიბილოებისკენ.
- ჯამში, პროცედურა 10 წუთზე მეტს წაიღებს.
3. ლიმფოდრენაჟული მასაჟი ჰიალურონის მჟავის კრემით
კანს გაამკვრივებს ნებისმიერი კრემი, რომელიც ჰიალურონის მჟავას შეიცავს. როგორც წინა ვარიანტში, წაისვით მასა პრობლემურ ზონაზე და გაიკეთეთ ინტენსიური მასაჟი თითებით. იგი წრიული მოძრაობებით უნდა შესრულდეს, რათა გაძლიერდეს სისხლის მიმოქცევა და სახეს ჭარბი სითხე მოშორდეს. ლიმფოდრენაჟის გაკეთება შემდეგი ინსტრუქციით შეგიძლიათ:
- წამოწიეთ თავი მაღლა. სწრაფი, მოფერებითი მოძრაობებით წაისვით კრემი, კისრის ცენტრიდან ნიკაპამდე.
- იმოძრავეთ კისრის მარჯვენა მხარისკენ, ამავე ტექნიკით. ფრთხილად დაიმუშავეთ ქვედა ყბები.
- მოათავსეთ საჩვენებელი თითი ყბის ზოლის ქვეშ, შუა თითის სახსარი კი – ყბის ზოლე, ორი თითი ასო V-ს ფორმას რომ ქმნიდეს. თუ თითებს სწორად მოათავსებთ, ღაბაბის გამოწეულ ნაწილს მოაქცევთ შუაში.
- შემდეგ გაატარეთ თითები კანზე, ოდნავ ზეწოლით. გააგრძელეთ ასე ხუთჯერ, ორივე მხრიდან.
- გაიმეორეთ მასაჟი კვირაში 2-3-ჯერ, პირველ შედეგებს 1 თვეში შენიშნავთ.
პროფესიონალური პროცედურები
- მიოსტიმულაცია (ელექტრონული იმპულსები კუნთებს მაღალი აქტივობის რეჟიმში შეკუმშვას აიძულებს).
- რადიოტალღური ლიფტინგი (ქსოვილზე მოქმედებს განსაკუთრებული დიაპაზონის მქონე რადიოტალღები, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, უჯრედები იწყებს რეგენერაციას, კანი იჭიმება, ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა, პირიქით, მცირდება).
- ლიპოლიპტიკური ინექციები (ოპერაციული ჩარევის გარეშე შლის ცხიმის უჯრედებს).
- მინი-ლიპოსაქცია (ყველაზე რადიკალური მეთოდი. ქიმიური ჩარევით იღებენ ცხიმის ქსოვილებს და კერავენ ჩამოწელილ კანს).