
ალბათ, წარუმატებელი შეჭრის შემდეგ, არაერთხელ გიტირიათ სარკის წინ. თმა, რა თქმა უნდა, გაიზრდება, მაგრამ ამას დიდხანს უნდა ელოდოთ. Girl.ge-ის რედაქციამ თქვენს დასახმარებლად მოირბინა: დღეს გთავაზობთ 5 ხრიკს, რომლებიც თმის ზრდის პროცესს ააჩქარებს.
1. თმის მეზოთერაპია

თმის ზრდის ასაჩქარებლად, აუცილებელია თმის მძინარე ბოლქვების გაღვიძება. ჩვეულებრივ, ერთდროულად თმის ფოლიკულათა მხოლოდ 30% აქვს ადამიანს აქტიური, დანარჩენს სძინავთ. მათ გასაქტიურებლად საჭიროა სისხლის მიწოდების გაძლიერება და ფოლიკულების ვიტამინებითა და მკვებავი ნივთიერებებით გამოკვება. ამას ყველაზე კარგად უმკლავდება მეზოთერაპია – ინექცია უშუალოდ თავის თმოვანი ნაწილის კანქვეშა ფენაში. შესაყვანი კოქტეილის შიგთავსს ექიმი თქვენი კანის, თმის, მისი სიხშირისა და სტრუქტურის მიხედვით შეარჩევს. ტრადიციულად, ნარევი შეიცავს ამინომჟავებს, მიკროელემენტებს, ვიტამინებსა და დამატენიანებელ ნივთიერებებს. პროცედურა კურსად უნდა ჩაიტაროთ, რომელიც, ჩვეულბრივ, 5-8 განმეორებას მოიცავს, ერთკვირიანი ინტერვალებით. თმის ზრდა დაახლოებით 1.5-ჯერ აჩქარდება: თვეში ტრადიციული 1 სმ-ს ნაცვლად, თმა თითქმის 2 სმ-თი მოიმატებს.
2. კონცენტრატები თმის ზრდისთვის

ეს პროდუქტი ანელებს თმის ცვენას და, პარალელურად, ასტიმულირებს მის ზრდას. კონცენტრატები გამოდის ამპულების ან დიდი ფლაკონების სახით, თუმცა, ფორმა მათ ეფექტურობაზე არ აისახება. დააკვირდით, რომ შემადგენლობაში იყოს სტემოქსიდინი – ეს ნივთიერება აჩქარებს თმის ზრდას და აძლიერებს მის ძირებს. მეორე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია კერამიდი, შვიტის ექსტრაქტი, ვიტანოლი და ცილები. გამოყენების მინიმალური კურსი 1 თვეს მაინც უნდა გაგრძელდეს. იმისთვის, რომ ეფექტი მართლაც შესანიშნავი იყოს, ძალიან სასურველია, რომ საშუალება პროფესიონალმა – ტრიქოლოგმა ან კოსმეტოლოგმა შეარჩიოს.
3. ლაზერული სავარცხელი

ამ მოწყობილობის მოქმედების პრინციპი ფოლიკულების ლაზერული სხივების ენერგიით სტიმულაციას ეყრდნობა, რომლებიც აძლიერებს სისხლის მიკროცირკულაციას თავის კანისკენ. ლაზერული ენერგია, რომელსაც სავარცხელი ასხივებს, ადამიანისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოდ ითვლება, რამდენადაც დაბალი ინტენსივობა აქვს და მხოლოდ წერტილოვნად მუშაობს იმ მონაკვეთებზე, რომლებსაც სავარცხელი ეხება. მისი გამოყენება რეკომენდებულია კვირაში არაუმეტეს სამჯერ, 20-20 წუთით. დაივარცხნეთ თმა “ზრდის საწინააღმდეგოდ”, თითოეულ მონაკვეთზე 1-2 წუთით შეჩერდით.
4. თმის დარსონვალი

შესანიშნავი საშუალება თმის ძირების გასაძლიერებლად და თმის ასაჩქარებლად – დარსონვალის მიკრომუხტები. სუსტი მუხტის იმპულსებს მაღალი ძაბვა და სიხშირე აქვს, რაც აძლიერებს სისხლისა და ლიმფის მიკროცირკულაციას, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება და აჩქარებს თმის ზრდას. დარსონვალიზაციის პროცედურა, ჩვეულებრივ, 8-12 წუთით გრძელდება, მისი ჩატარება შეიძლება ყოველდღიურად, ეფექტი კი 15-20 წუთში გამოჩნდება. თავისი არსით, ესაა თავის კანის მასაჟი, ოღონდ არ დაგავიწყდეთ მეტალის სამკაულების მოხსნა, მაინც, მუხტია.
5. ვიტამინები

თმა უფრო ნელა იზრდება, თუ ორგანიზმში Е, D, С, В2, В5, В6, К ვიტამინების, ინოზიტის, ბიოტინისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტია. თმის გასაზრდელად აუცილებელია საკმარისი რაოდენობით მიკროელემენტები: კალციუმი, რკინა, თუთია, ფოსფორი, ქრომი, სელენი, სპილენძი, კალიუმი, იოდი. ბაზარზე უამრავი ვიტამინური კომპლექსია მსგავსი შემადგენლობით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა.