
პუდრას სამართლიანად მიიჩნევენ მაკიაჟის დედოფლად. იგი ათანაბრებს კანის რელიეფს, ანეიტრალებს ცხიმის ლიპლიპს, აფიქსირებს მაკიაჟს და მშრალი ტექსტურებისთვის შესანიშნავი ფუძის როლს ასრულებს! თუმცა, რეალობა სხვაგვარია: ბევრი ვერ იტანს ამ კოსმეტიკურ პროდუქტს და ერიდება მის გამოყენებას. “იქნებ, უბრალოდ არ იცით მისი სწორად გამოყენება?” – გეკითხებათ Girl.ge-ის რედაქცია და პუდრასთან დაკავშირებულ 6 მითსაც გაგაცნობთ.
“მაკიაჟის გაკეთება პუდრის გარეშეც შეიძლება, თორემ ყველა ნაოჭს გამოვაჩენ!”
“არა, პუდრა არ წამისვა, კანზე ცუდად ჩანს!”
“მოდი, პუდრის გარეშე, კანს აშრობს!”
და რჩეული: “ოღონდ პუდრა არა! იგი კანის ნასვრეტებს ავსებს და მაშინვე მუწუკები დამეყრება!”
გოგონებო, სერიოზულად ფიქრობთ ასე? ვიზაჟისტის მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში, პუდრთან დაკავშირებით ყველაზე მეტი უარყოფითი მოსაზრება მოვისმინე. თითქოს, ეს უძველესი ბიუთი-პროდუქტია, ქალებმა კი დღემდე ვერ ისწავლეს მისი გამოყენება. თუ თქვენ იმ ქალებს შორის ხართ, რომლებიც უნდობლობითა და სიფრთხილით ეკიდებიან პუდრს, გირჩევთ, ჩემი რჩევები გაითვალისწინოთ. დარწმუნებული ვარ, ასე პუდრა თქვენს საყვარელ დამხმარედ იქცევა!
მითი №1: რაც მეტია პუდრა, მით უკეთესი
ფრაზა “კარგი პროდუქტი ბევრი ვერ იქნება” პუდრას ნამდვილად არ ეხება, მაკიაჟში იგი ბევრი არ უნდა იყოს. პუდრა კანზე უთხელეს ვუალად უნდა დაიტანოთ. თუ პუდრას რამდენიმე ფენად წაისვამთ, იგი ნიღბის ეფექტს შექმნის. პუდრა დაგროვდება მიმიკური ნაოჭების ზონებში და მათზე ყურადღებას გაამახვილებს. ფხვიერი პუდრის წასასმელად, გამოიყენეთ მხოლოდ მოცულობითი, ფუმფულა ფუნჯი. დაფიქრდით, რამდენად აქტუალურია თქვენი ღრუბელი, იქნებ, მისი ჩანაცვლებსა და რეალური შედეგის დანახვის დრო მოვიდა. კიდევ ერთ ხრიკს გიზიარებთ: პუდრის მსუბუქი, უწონო საფრის მიღება მარაოსებრი ფუნჯით შეგიძლიათ.
მითი №2: წასმისას ხახუნის მაქსიმალური ძალაა საჭირო
მნიშვნელოვანია პუდრის წასმა ტონალურ კრემზე ან პრაიმერზე, ძალიან მსუბუქი, თქვეფვითი, დელიკატური მოძრაობებით. თუ დასამალავი (ანთება, მუწუკი ან სხვ.) არაფერი გაქვთ, ერთი საშუალება სავსებით საკმარისი იქნება. პუდრა დააფიქსირებს თქვენს მაკიაჟს და იმის გარანტად იქცევა, რომ საღამოს შინ ისეთივე დაბრუნდებით, როგორიც დილით გახვედით. ფუნჯის სახეზე ინტენსიური ხახუნი კატეგორიულად დაუშვებელია! მსგავსი აგრესიული დატანების შემდეგ, ტონალურ კრემს გადაჭიმავთ, რის გამოც კანზე ლაქები და ნაწიბურები გაჩნდება.
მითი №3: რაც უფრო სწრაფად წაისვამ, მით უფრო ეფექტური იქნება
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, პუდრა თქვენს ჯადოსნურ ჯოხად იქცევა. იგი დაფარავს კანის ცხიმოვან ლიპლიპს და შესანიშნავად გაათანაბრებს კანის რელიეფს, გაფართოებული ნასვრეტები და პოსტაკნე ხომ ასეთი კანის ხშირი მეგზურები არიან. პუდრა ეფექტური რომ იყოს, ნუ იჩქარებთ, არ წაისვათ იგი ტონალური კრემის წასმისთანავე. დაელოდეთ რამდენიმე წუთით, სანამ ტონალური კრემის კანთან “ჩაჭიდების” ეფექტი არ გაჩნდება. თუ პუდრას მაშინვე წაისვამთ, გაჩნდება იმის რისკი, რომ იგი ტონნალურს შეიწოვს და ისევ ნიღბის ეფექტს შექმნის. სხვათა შორის, პროფესიონალ ვიზაჟისტთა უმეტესობა პუდრას მაკიაჟის ფინალურ შტრიხად იტოვებენ, როცა თვალებიცა და ტუჩებიც მზადაა.

მითი №4: პუდრაზე კრემოვანი ტექსტურები უნდა წაისვათ
არა, არა და კიდევ ერთხელ არა! მთავარი დაიმახსოვრეთ: პირველ რიგში, გამოიყენეთ ყველა კრემოვანი პროდუქტი (ტონალური კრემი, კორექტორი და კონსილერი) და მხოლოდ ამის შემდეგ გაამყარეთ მათი ეფექტი პუდრით. თუ ჯერ პუდრა წაისვით და მხოლოდ ამის შემდეგ გაგახსენდათ კრემოვანი ფერ-უმარილი, ეპიკ-ფეილს მიიღებთ და ჩამობანა მოგიხდებათ, რადგან ფერ-უმარილი ლაქებად დაგაჯდებათ.
მითი №5: პუდრა ფუძე ვერ იქნება!
კიდევ ერთი საწყენი შეცდომა! პუდრა მშრალი ტექსტურის, მაგალითად, სკულპტორების, ჰაილაითერების, ფერ-უმარილებისა და თვალის ჩრდილებისთვის შესანიშნავი ფუძე იქნება. დარწმუნებული ვარ, მაკიაჟში მშრალი ტექსტურები უკეთ მუშაობს და აი, რატომ! პირველ რიგში, ისინი მშრალვე ტექსტურაზე ნაწილდება, მეორეც, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მაკიაჟში ისინი უფრო მტკიცეა. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს: თუ ჩრდილის წასმამდე ქუთუთოს გაიპუდრავთ, პუდრა ხელს შეუშლის ზედმეტ სითხეს, რომელიც კანის ამ მონაკვეთს ახასიათებს და უზრუნველყოფს ჩრდილების სიმტკიცეს.
მითი №6: პუდრა ავსებს ნასვრეტებს
დაბოლოს, როცა მესმის, რომ პუდრა კანის ნასვრეტებს ავსებს და კანს არ აძლევს სუნთქვის საშუალებას, მეჩვენება, რომ შესანიშნავი სქესის ზოგიერთი წარმომადგენელი ქვის ხანაში ჩარჩა. დიდი ხნის წინ შეიცვალა ტექნოლოგიები და პუდრა არამხოლოდ აღარ ავსებს ნასვრეტებს, პირიქით, დამატებით ატენიანებს მას, იცავს გარემოს აგრესიული ფაქტორებისგან და შეიცავს უამრავ აქტიურ კომპონენტს, რომლებსაც ჩვენი კანის მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია.