
მწერებს, ისევე, როგორც ყველა სხვა არსებას, დედამიწაზე კანონიერი ადგილი უჭირავთ. თუმცა, არავის სურს, რომ ეს ადგილი მისი სახლი იყოს. რაც არ უნდა მოვიმოქმედოთ, მწერები და ყოველგვარი ხოჭოები დაუღალავად იჭრებიან ჩვენს სახლებში. Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა მოიშოროთ სახლიდან მწერების ყველაზე გავრცელებული სახეობები.
1. მტვრის ტკიპები
როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს მათი არსებობა, ნებისმიერ სახლში გვეგულება მტვირს ტკიპები. რამდენადაც ისინი კანის მკვდარი უჯრედებით იკვებებიან, მტვრის ტკიპები წარმატებით მრავლდებიან ნებისმიერ ქსოვილზე, რომელიც შეიცავს გემრიელ ნაწილაკებს, იქნება ეს ხალიჩა, შალითა, საწოლის თეთრეული თუ ბავშვის სათამაშოები. მართალია, ტკიპების სრულად მოსპობა შეუძლებელია, თუმცა, მათი პოპულაციის შემცირება ჩვეულებრივი წმენდით შეიძლება.
საწოლის თეთრეული ცხელ წყალში კვირაში არანაკლებ ერთელ უნდა გაირეცხოს, ხოლო ხალიჩა და ავეჯი რეგულარულად უნდა დაამუშავოთ მტვერსასრუტით. მტვრის ტკიპები ფუმფულა სათამაშოებს რომ მოაშოროთ, გამოიყენეთ საყინულე. დალუქეთ ნივთები ელვაშესაკრავიან პაკეტში და შედგით საყინულეში არანაკლებ 48 საათით – მტვრის ტკიპები ღრმა გაყინვას ვერ აიტანენ.
2. ცხვირგრძელა
ჩვეულებრივ, ეს მწერი სახლში საკვებ პროდუქტთან ერთად შემოგვყავს. ზრდასრული ცხვირგრძელები ბრინჯსა და სხვა მარცვლებში იყრიან თავს, კვერცხებს დებენ, ამიტომ ვერ მიხვდებით, რომ შინ მავნებელი მოიყვანეთ, სანამ არ გამოიჩეკება და საწყობს არ აავსებს! მათ წინააღმდეგ ყველაზე სწრაფი საშუალებაა წმენდა. მოიშორეთ ნებისმიერი დაულუქავი მშრალი პროდუქტი, მათ შორის ფქვილი, სიმინდის ფქვილი, შვრია, ბრინჯი, მაკარონი და დაფასოებული პროდუქტი, რომელსაც შიგნით დალუქული ტომრები არ აქვს. შემდეგ გადაყარეთ დალუქული პროდუქტების (წვნიანის ნარევები ან ჟელატინი) ყველა ყუთი. მიუხედავად იმისა, რომ ცხვირგრძელები ამ პროდუქტს არ მიირთმევენ, ყუთებში შეღწევა და დამალვა შეუძლიათ მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ ახალი ძალით შემოგიტიოთ. დაზიანებული პროდუქტების გადაყრის შემდეგ, გაწმინდეთ საწყობის თაროები და შეაშხეფეთ საჭირო ადგილებში საყოფაცხოვრებო ინსექტიციდები. როგორც კი სითხე გაშრება, მარაგი ხელახლა შეავსეთ.
3. ხალიჩის ხოჭოები
ზრდასრული ხოჭო თქვენს სახლს არაფრით ვნებს. სამწუხაროდ, იმავეს თქმა მის ჭუპრებზე არ შეგვიძლია. ისინი ხალიჩებს, ფარდებს, შალითებს, ტანსაცმელსა და წიგნებსაც კი ხვრეტენ. შეიძლება არც კი იცოდეთ, რომ ხოჭოები ჩაგისახლდნენ, სანამ უკვე მოყენებულ ზარალს არ შეამჩნევთ. თუ რაღაც საეჭვო შენიშნეთ, სახელოები აიკაპიწეთ და დალაგება დაიწყეთ. კარგად გადაწმინდეთ მტვერი და მტვერსასრუტით დაამუშავეთ ყველა ზედაპირი, მტვრის ნაწილაკები და ობობის ქსელები რომ მოაშოროთ – სწორედ ისინი მალავენ ამ მავნებლებს. შემდეგ გამოიღეთ კარადიდან და უჯრებიდან ტანსაცმელი, გარეცხეთ ან გაგზავნეთ ქიმწმენდაზე. დაბოლოს, დაამუშავეთ ხალიჩები ინსექტიციდით, ბორის მჟავით ან დიამიტის მიწით, დარჩენილი ჭუპრებიც რომ ამოწყვიტოთ.
4. მრავალფეხა
რეალურად, ეს კარგი მწერია. იგი არ ანადგურებს თქვენს სახლს და არ აბინძურებს საწყობს, ნაცვლად ამისა, იკვებება მავნე მწერებით: ტერმიტებით, ჩრჩილებითა და ტარაკნებით. თუმცა, თუ ამ მრავალფეხა მეზობლებთან თანაცხოვრება არ შეგიძლიათ, მოუწყვეთ სატყუარები ან დააფრქვიეთ ინსექტიციდი პლინტუსების, კარებისა და ფანჯრების გარშემო. ამავდროულად, მომავალი შემოჭრის თავიდან ასაცილებლად, მოაშორეთ ნაგავი სახლის პერიმეტრს და ამოავსეთ ყველა ნახეთქი თუ ნაპრალი, რომლიდანაც მათ სახლში შემოღწევა შეუძლიათ. მრავალფეხები ტენიან ჰაერზე მრავლდებიან, ამიტომ ჰაერის გამომშრობის შეძენაც ჭკვიანური იქნებოდა.
5. ხილის ბუზები
გასაოცარია, რა სწრაფად ვკარგავთ ამ მწერის გამრავლებაზე კონტროლს. თუ დილით ხილის გარშემო ერთ ბუზს შენიშნავთ, სამსახურიდან საღამოს დაბრუნების შემდეგ ათობით მწერს დაინახავთ. ეს თქვენი წარმოსახვა არაა – ეს ბუზები ძალიან სწრაფად მრავლდებიან! ხილის ბუზების ჭუპრები დადებიდან მხოლოდ 24 საათში იჩეკებიან, ამიტომ სწრაფად უნდა იმოქმედოთ, თუ მათი თავიდან მოშორება გსურთ. შეზღუდეთ მათი კვების წყაროები – შეინახეთ რბილი ხილი მაცივარში. გარდა ამისა, დაუყოვნებლივ გაწმინდეთ საჭრელი დაფები საკვების მომზადების შემდეგ, აგრეთვე, ყოველდღიურად გააცარიელეთ ნაგვის ურნა.
6. ფაროსანა
საშინელი სუნის მქონე ბაღლინჯოები, ჩვეულებრივ, ღია სივრცეში ცხოვრობენ და მრავლდებიან, თუმცა, როცა ტემპერატურა იკლებს, ისინი შენობებში ინაცვლებენ, სითბოში გასამრავლებლად. თუ ამ ფარისებრ ხოჭოებს სახლში ხედავთ, ნუ ეცდებით მათ გაჭყლეტას – როცა მათ აწუხებენ, ამაზრზენ სუნს უშვებენ, რომელიც მხოლოდ იზიდავს სხვა ხოჭოებს. სცადეთ მისი მოშორება მტვერსასრუტის გამოყენებით. როცა მორჩებით, ვაკუუმური ტომარა სახლიდან შორს უნდა გააცარიელოთ.
7. ჭიანჭველა
ძალიან პატარა, თუმცა დაუნდობელი დამპყრობლები არიან. ისინი სახლებში საკვების, წყლისა და თავშესაფრის საძიებლად შედიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი სამზარეულო და სააბაზანო მათი მთავარი სამიზნეებია. მართალია, სატყუარა-ხაფანგები ძალიან ეფექტურია ჭიანჭველების გასანადგურებლად, ისინი არც ისე უსაფრთხოა იმ ადგილებში გამოსაყენებლად, სადაც წვდომა აქვთ ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს. თუ ტრადიციული შხამების გამოყენება არ გსურთ, არსებობს უამრავი ბუნებრივი საშუალება, რომელთა ცდაც შეგიძლიათ. როგორც კი ამ მავნებლებს გაყრით, გაუქრეთ დაბრუნების სურვილი რეგულარული მომტვერსასრუტებით, ზედაპირების გადაწმენდით, რათა მოაშოროთ მათი კვალის სუნი, და ნაგავიც ყოველდღე გაიტანეთ.
8. ტარაკანი
ეს მთელი ქვეყნის, განსაკუთრებით კი დიდი ქალაქების პრობლემაა. თუ ერთს სამზარეულოში ან სააბაზანოში ხედავთ, დარწმუნებული იყავით, რომ ბევრნი არიან. მას შემდეგ, რაც სახლში შემოიჭრნენ, ტარაკნების შევიწოება რთულია, ამიტომ მიიღეთ ძლიერი, სწრაფი და ეფექტური მეთოდები. მოათავსეთ ხაფანგები ნიჟარის ქვეშ, უნიტაზის უკან, მაცივრის გვერდით და სხვა ადგილებში, სადაც ისინი იმალებიან. შეცვალეთ ხაფანგები რეგულარულად და გამოიყენეთ ინსექტიციდები ახალ ტარაკნებთან საბრძოლველად. გარდა ამისა, მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები, თქვენი სახლი მათთვის ნაკლებად საინტერესო რომ გახდეს. მოაშორეთ მათი საკვების წყაროები – აალაგეთ სუფრა ჭამის დასრულებისთანავე, საკვები დალუქულ შეფუთვებში შეინახეთ და ყოველდღე გაიტანეთ ნაგავი. აგრეთვე, შეგიძლიათ ცხოველების თასიდან საკვების ნარჩენებიც გადაყაროთ, როცა ისინი ჭამას მორჩებიან.
9. კანალიზაციის ბუზები
ეს მწერები იქ ცხოვრობენ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელით ფრთებიან არსებას – თქვენი წებოვანი კანალიზაციის სიღრმეში. ნიჟარაში ან შხაპის ხვრელში ამ ბუზებს იმიტომ ვხედავთ, რომ ისინი იკვებებიან და კვერცხებს დებენ ლპობად ჭუჭყში, რომელიც სწორედ გაჭედილ კანალიზაციაში იჩენს თავს. თუ ეს მწერები ნიჟარის გარშემო შენიშნეთ, სიტუაცია ასე უნდა გამოასწოროთ: პირველ რიგში, დააკვირდით, რომელი ხვრელიდან ამოფრინდნენ ისინი. დიდი ალბათობით, კანალიზაციაში რაღაც გაიჭედა. იგი უნდა გაწმინდოთ, თორემ ბუზებს ვერ მოიშორებთ. გამოიყენეთ მილისებრი ჯაგრისები დაგროვებული ლორწოს მოსაშორებლად, შემდეგ გახსენით სიფონი ნიჟარის ქვეშ, ჭუჭყის ნარჩენები რომ მოაშოროთ. ჩარეცხეთ სისტემა ცხელი წყლით და დაასრულეთ პროცედურა ფერმენტული გამწმენდის ჩაყრით, ბუზის კვერცხებიც რომ გაანადგუროთ.
10. მცოცავი ვერცხლა
მოელვარე და მცოცავი ვერცხლა ის ბაღლინჯოა, რომლის ნახვაც შენობაში არასდროს მოგინდებათ. ეს მავნებელი სიამოვნებით მიირთმევს ქსოვილს, ქაღალდს, წებოსა და მუყაოს ყუთებს. ვერცხლა ნებისმიერ პირობებში ცოცხლობს, დინოზავრებიც კი მოინელა, ამიტომ მისი სახლიდან გაგდება დიდი გამოწვევაა. თუმცა, მათი მოშორება შესაძლებელია სატყუარების, ინსექტიციდების ან ბუენბრივი ნივთიერებების (ბორის მჟავა, დიამიტის მიწა) გამოყენებით. მოაშორეთ გაზეთების დასტა, წეტილები და ძველი მუყაოს ყუთები. შეინახეთ არასეზონური ტანსაცმელი და საცვეთი მასალები პლასტმასის კონტეინერებში, აგრეთვე, ამოიღეთ მშრალი პროდუქტი შეფუთვიდან და შეინახეთ მჭიდროდ დაცულ კონტეინერებში.
თქვენ როგორ ებრძვით სახლის მწერებს?