
მთელი დღე სამსახურში ხართ, საღამოს კი დაუგეგმავად საყვარელ ადამიანთან ვახშმობას ან მეგობართან შეხვედრას აპირებთ. ბედად კი სალონში make-up კორექციისთვის დრო არ გაქვთ. ნაცნობი სიტუაციაა? გამოსავალი არსებობს: კოსმეტიკის ჩანთაში ჰაილაითერი, წითელი ტუჩსაცხი და შავი კონტურის ფანქარი ჩადეთ. ასევე პროფესიონალი ვიზაჟისტის ალენა ლაპინის რჩევები დაიმახსოვრეთ, რომელთაც Girl.ge–ს რედაქცია გიზიარებთ.
1. ჰაილაითერი

ნებისმიერი დღის მაკიაჟი პრაიმერის წასმით იწყება. ეს წესად გქონდეთ! უნივერსალური კოსმეტიკური პროდუქტი თქვენი მაკიაჟის გამძლეობაზე იზრუნებს და გამოგადგებათ მაშინ, როცა მაკიაჟის სახეზე დიდხანს გაჩერებას აპირებთ. პრაიმერის ტექსტურა შემდეგ ფენებს (ტონალური, პუდრი და ა.შ.) შორის კავშირს უზრუნველყოფს.
საღამოს მაკიაჟი დღის მაკიაჟისგან უფრო მეტი გამოხატულობით გამოირჩევა. საღამოს განათება დღისგან სინათლისგან განსხვავდება, ამიტომ სახის ნაკვთები უფრო უნდა გამოკვეთოთ, მათზე ყურადღება გაამახვილოთ.
ამისთვის სკულპტორი/ჰაილაითერი გამოიყენეთ. როგორც წესი, გოგოების საუკეთესო მეგობრები ერთად იყიდება. მათ მაკიაჟის წამებში გახალისება და განახლება შეუძლიათ. ჰაილაითერი შეგიძლიათ პირდაპირ თითებით სახის ამოწეულ ნაწილებში (ყვრიმალები, ცხვირის ძგიდი, ტუჩის ზემოთ) წაისვათ – ასე კანს ბზინვარებას და განუმეორებელ ტექსტურას შემატებთ. შემდეგ ფუნჯით სკულპტორი ყვრიმალების, ნიკაპის ქვეშ და ცხვირის კიდეებთან წაისვით. ასე სახეს უმალ დაჭიმავთ და დახვეწილ იერს მიანიჭებთ.
2. ფანქარი

შავი ან ყავისფერი თვალის ფანქარი თქვენს კოსმეტიკაში დიდ ადგილს არ დაიკავებს, მაგრამ უფრო თვალების გამოკვეთაში დაგეხმარებათ. გირჩევთ სულ თან ატაროთ. უკვე დილით შეღებილი თვალით მაკიაჟის გაძლიერება მარტივი არაა და ეს კარგად იცით. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ტუშთან, რომ მოღალატესავით არ დაიყაროს როცა წამწამების შესწორება ან მეორე ფენის წასმა გვსურს.
ყველაზე ერთგული მეთოდი თვალების გამოსაკვეთად: წამწამების კონტური ფანქრით გააძლიერეთ. ამისთვის ზემოთ აიხედეთ და ზედა წამწამების კონტურზე, ლორწოვანი გარსის გასწვრივ ფანქარი წაისვით. ეს ძალიან მარტივად კეთდება და სქელი, გრძელი წამწამების შესანიშნავ ეფექტს იძლევა. შესაძლოა, ფანქარი ქვედა ქუთუთოს ლორწოვან გარსზე გადმოვიდეს – ამ შემთხვევაში ისე მოიქეცით, როგორც გსურთ! უფრო სექსუალური ხედვისთვის ფანქარი დატოვეთ, უფრო ღია და მკაფიო ხედვისთვის – მოიშორეთ.
3. ტუჩსაცხი

და ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტი – წითელი ტუჩსაცხი. მას უამრავი შეფერილობა აქვს – ჟოლოსფერი, მარწყვისფერი, ღვინისფერი, საზამთროსფერი და ა.შ. აირჩიეთ ის, რომელიც გიხდებათ: თბილი ან ცივი შეფერილობა. ნებისმიერი ტუჩსაცხი ქალურობას და მგრძნობელობას შეგმატებთ.
რჩევა: ტუჩების შეღებვისას თითის ბალიშებით ცოტა ტუჩსაცხი ლოყებზე წაისვით, როგორც რუმიანა. ასე სახეს სიჯანსაღეს, ხოლო მაკიაჟს მოდურ ნოტებს შემატებთ. გახსოვდეთ, რომ ზედიზედ რამდენიმე სეზონი პოპულარობის პიკზე სწორედ მონოქრომული მაკიაჟია (ერთი ფერის გამა).