სილამაზის 10 საიდუმლო საკულტო ვარსკვლავებისგან

0
705

ამ სტატიაში, Girl.ge-ის რედაქციამ შეაგროვა ძვირფასი რჩევები 10 საკულტო ქალი ვარსკვლავისგან. ჩვენი დღევანდელი გმირები ნამდვილი ლამაზმანები არიან, რომლებმაც არამხოლოდ მიიღეს ბუნებისგან ეს ძღვენი, არამედ თავის მოვლის შესახებ ყველაფერი ისწავლეს და ახლა თითოეულ მათგანს ჩვენთვის ორიგინალური რეცეპტები აქვს.

სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნება შეუძლებელია საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობის გარეშე. თითოეულ ვარსკვლავს აქვს თავისი საიდუმლო, რომელიც თქვენც გამოგადგებათ.

1. სოფი ლორენი

დატკბით სიცოცხლით, ყოველი წამით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყოველთვის კარგი შთაბეჭდილების დატოვება შეძლოთ.

ეს უნიკალური ქალბატონი უკვე 80 წლისაა, თუმცა, დღემდე შესანიშნავად გამოიყურება და ღრმა დეკოლტეებზეც კი არ ამბობს უარს. მისი სილამაზის საიდუმლოზე ბევრი ხმა დადის – სოფი მართლაც არაუგვიანეს საღამოს 9 საათზე იძინებს და დიდი ხანია, თავს იკავებს ალკოჰოლისა და ხმაურიანი წვეულებებისგან.

“რთულია, შეუდარებლად გამოიყურებოდე, თუ ზარმაცი ხარ.” – ამბობს ვარსკვლავი. ლორენი თავს შესაშური შრომისმოყვარეობით უვლის: ყოველდღიურად, მსახიობი სახესა და სხეულზე ზეითუნის ზეთის ნიღბებს იკეთებს, დილის 5 საათზე დგება და აქტიურად ვარჯიშობს. რაც შეეხება კვებას – ვარსკვლავი გიჟდება ჭამაზე! თუმცა, ყველას ურჩევს: “მიირთვით ხშირად, თუმცა მცირე ულუფებით. მე დიდი რაოდენობით ბოსტნეულის სალათს, ცოტა ხორცსა და ზოგიერთ ხილს ვჭამ. სულ ესაა.”

2. მონიკა ბელუჩი

ბევრს ეშინია ასაკთან ერთად სილამაზის დაკარგვისა, მე კი ვცდილობ, ასეთ წვრილმანებზე არ ვიდარდო.

კიდევ ერთი შესანიშნავი იტალიელი ქალი ჩვენს სიაში. ბელუჩი ამბობს, რომ ცდილობს, გადაღებების გარეთ საერთოდ არ გამოიყენოს კოსმეტიკა – ასე კანს აუცილებელი დასვენების საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება დასვენებას: მონიკას თქმით, სტრესის მოხსნა და მოდუნება მთავარი გზაა ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებისკენ. კვირაში ერთხელ, ვარსკვლავი იღებს აბაზანას კოსმეტიკური ზეთებით. “ვგიჟდები აბაზანის მიღებაზე! ეს 45 წუთი და 1 საათიც კი ფასდაუდებელი დროა, რომელსაც მხოლოდ საკუთარ თავს მიუძღვნი.”

3. კლაუდია შიფერი

ჩემი მიზანია, არამხოლოდ ლამაზი, არამედ ჯანმრთელიც ვიყო.

90-იანების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქერა და ტოპ-მოდელი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს და კონკრეტულ რაციონს იცავს. მაშ ასე: ყოველდღე, არავითარი ტკბილეული, არავითარი “საზიზღრობა”! “ხილით, მწვანე ჩაითა და ფორთოხლის წვენით ვსაუზმობ. სადილზე მივირთმევ ქათმის მკერდს, მოხარშულ კვერცხსა და ბოსტნეულის სალათს. სამხარზე ვირჩევ პომიდვრის წვენს, შავ ყურძენსა და ბალახის ჩაის. სალათითა და ორთქლზე მოხარშული ბოსტნეულით ვვახშმობ.” – ამბობს ყოფილი მოდელი.

4. ელიზაბეთ ტეილორი

ახალგაზრდობაში თქვენი გარეგნობა თქვენი შინაგანი მე-ს ანარეკლია. 40 წლის შემდეგ კი თქვენი შინაგანი მე იწყებს თქვენს გარეგნობაზე ასახვას.

დიდებული ელიზაბეთ ტეილორი ყოველთვის ჯანსაღ ცხოვრებას როდი მისდევდა – მისი მხურვალე რომანები ჯანსაღ ძილსა და შინაგან სიმშვიდეს არ მოიაზრებდა. თუმცა, ლიზი საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობდა – ყოველ დღეს ასრულებდა სახის მასაჟით, რომელსაც დამოუკიდებლად, კოსმეტოლოგის გარეშე იკეთებდა.

5. შერონ სთოუნი

დიახ, დაბერების მეშინია. ხანდახან, უბრალოდ თავს ვაიძულებ დავჯდე, სარკეში ჩავიხედო და ვთქვა: “ბერდები და სრულიად სხვაგვარად გამოიყურები.”

შერონ სთოუნი 57 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და ძველებურად ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია წითელ ხალიჩაზე. საინტერესოა, რომ შერონს “ხალხური” რჩევების სწამს და რეგულარულად იღებს “კლეოპატრას აბაზანას” – რძითა და თაფლით. მსახიობი ირწმუნება, რომ სწორედ ეს რეცეპტი უნარჩუნებს მის სხეულს იდეალურ მდგომარეობას – კანი ყოველთვის დატენიანებული და სასარგებლო ელემენტებით გაჟღენთილია.

შერონის სილამაზის მეორე საიდუმლო, რომელსაც სიამოვნებით გვიზიარებს, გახლავთ ცოცხალი ლუდი. დიახ, ვარსკვლავი სიამოვნებით მიირთმევს 1-2 ბოკალს, ოღონდ მხოლოდ კეთილი ზრახვებით – ცოცხალი ლუდი შეიცავს A ვიტამინს, რომელიც ძალიან სასარგებლოა თმისა და ფრჩხილებისთვის.

6. ჯინა ლოლობრიჯიდა

20 წლისას ქალი ცივია, 30-ისას – თბილი, ხოლო 40 წლის ასაკში – მხურვალე!

მსახიობ ლოლობრიჯიდას წელის გარშემოწერილობა 59 სმ იყო და ეს ზომა ხანში შესვლისასაც არ დაუკარგავს! ვარსკვლავი ამტკიცებდა, რომ მისი სიგამხდრის საიდუმლო ზომიერი კვება და განტვირთვის დღეები იყო: “იტალიელი სამზარეულოს მოყვარული ვარ, თუმცა, ყოველ უქმეზე აუცილებლად ვაწყობ განტვირთვის დღეს, მინერალური წყლითა და ციტრუსით.”

აგრეთვე, ჯინას მიაჩნდა, რომ ქალის მიმზიდველობას საფუძვლად ლამაზი მკერდი უდევს, და ერთხელ ასეთი რჩევა გასცა: “აუცილებლად გამოკვეთეთ მკერდის ხაზი და ლამაზი დეკოლტე, ოღონდ არ მოგერიდოთ ფუშ-აფ ლიფების გამოყენება, თუ ბუნებას დიდი მკერდით არ დაუჯილდოვებიხართ.”

7. ქეთრინ დენევი

ნამდვილი ქალი – გონება, ხიბლი, სიკეთე და იუმორის გრძნობაა. იმავეს ველი მამაკაცისგან.

ქეთრინ დენევი ახალგაზრდობაშივე ზრუნავდა თავის კანზე და ყოველთვის ერიდებოდა მზის სხივებს. “მზე კარგი კანის მტერია” – თვლის მსახიობი. ამიტომ, პლაჟზე სათვალის, მზისგან დამცავი კრემისა და განიერი შლაპის გარეშე არასდროს გასულა. ამასთან, ქეთრინს სისუსტეც აქვს – მოწევაზე უარს ვერ ამბობს, არადა არაერთხელ სცადა.

მიუხედავად იმისა, რომ დენევს მთელი სამყარო ლამაზმანად მიიჩნევს, მსახიობი ძალიან კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ და აცხადებს, რომ ყველაფერი თავის მოვლის დამსახურებაა, ბუნებრივი მონაცემები კი არაფერ შუაშია: “მე არ მიმაჩნია, რომ ძალიან ლამაზი ქალი ვარ. თავს მივიჩნევ ქალად, რომელიც კარგად გამოიყურება.”

8. სინდი კროუფორდი

დილაობითაც კი სინდი კროუფორდივით გამოვიყურები.

სინდის სიგამხდრე მხოლოდ მისი დამსახურებაა. ბავშვობიდან, მოდელი სიმსუქნისკენაა მიდრეკილი და მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ებრძვის ჭარბ წონას: ყოველ დილით აუზში ცურავს და ნებისმიერი მგზავრობისას თან მიაქვს მინი სტეპერი.

რაც შეეხება კანის მოვლას, სინდი თავად ამზადებს თერმულ წყალს, რომელსაც რეგულარულად იყენებს. რთული არაფერია – ჩაასხით შხეფიან ბოთლში გაწმენდილი წყლისა და ძროხის რძის თანაბარი ნარევი და დაიტენიანეთ ამ ხსნარით კანი დღის განმავლობაში.

9. ჯენიფერ ლოპესი

თუ თავს ახალგაზრდად გრძნობ, ახალგაზრდა ხარ 40 და 50 წლის ასაკშიც. 20 წლისასაც შეიძლება, თავი ბებერი გეგონოს.

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლოების შესახებ არაერთხელ უსაუბრიათ, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავმა მართლაც საინტერესო და უჩვეულო რეცეპტი გაამხილა. აღმოჩნდა, რომ იგი თავის მადას გრეიფრუტის ეთერზეთის დახმარებით აკონტროლებს. მომღერალმა თქვა: “როცა ჭამა მინდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცემა, ეთერზეთის არომატს ვისუნთქავ და მადა მაშინვე ქრება.”

10. მარლენ დიტრიხი

ჭეშმარიტი ქალი არ ღელავს, აღელვებს.

მარლენ დიტრიხი მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავდა დიეტას, რომელსაც ჩვენს დროში ნებისმიერი ექიმი აკრძალავდა. ხანდახან, მსახიობი დღის განმავლობაში მხოლოდ ყავასა და წყალს მიირთმევდა! ამასთან, მას კანის ულამაზესი ფერი ჰქონდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამაში წვლილი არამხოლოდ კარგ გენეტიკას, არამედ იმ კრემის რეცეპტსაც მიუძღვის, რომელსაც მარლენი თავად ამზადებდა კვერცხის ცილის, 1 ჭიქა ცხიმიანი არაჟნის, მცირე ზომის ლიმონის წვენის, 50 გ არაყისა და 1 ს.კ. გლიცერინის გამოყენებით.