
შავგვრემანმა შესაფერისი ტუჩსაცხი რომ შეარჩიოს, არამხოლოდ თმის, არამედ კანისა და თვალის ფერებიც უნდა გაითვალისწინოს. Girl.ge-ის რედაქციამ შეადგინა მარტივი ინსტრუქცია, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად გამოძვრომაში.
რა ფერის პომადა უნდა წაისვას შავგვრემანმა
ახლა გარეგნობის სამი ყველაზე პოპულარული ტიპის მიხედვით გაგარკვევთ, თუ რა ფერის ტუჩსაცხი უხდებათ შავგვრემნებს. იპოვეთ თქვენი ტიპი!
მუქი კანი + თაფლისფერი თვალები
ტუჩსაცხის ფერი თბილი გამიდან უნდა აირჩიოთ. ასეთი ელფერი ხაზს გაუსვამს თვალის ღრმა ფერსა და ბუნებრივ რუჯს. არ თქვათ უარი მუქ, ღვინისფერ ტონებზე, რომლებიც ლუქს მსუბუქ იდუმალებას მიანიჭებთ. ამავდროულად, მოერიდეთ ვარდისფერს, “თოჯინისფერ” ფერებს, მკვეთრ იისფერს. ყოველდღიური მაკიაჟისთვის გამოდგება ხორცისფერ-ყავისფერი ვარიანტები. ესეც რამდენიმე შესაფერისი ფერი თაფლისფერთვალა, მუქკანიანი შავგვრემნებისთვის:
- კორალისფერი;
- მატე მუქი წითელი;
- ღვინისფერი;
- ქლიავისფერი;
- ყავისფერი ნუდი (განსაკუთრებით, თუ თვალებზე მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთეთ).
ღია ფერის კანი + ცისფერი თვალები
ასეთ შავგვრემნებს იდეალურად უხდებათ მკვეთრი, მოელვარე ფერის ტუჩსაცხები. თამამად გამოიყენეთ ალისფერი მატე ტუჩსაცხი, იგი, თითქოს, თქვენი ტიპისთვისაა შექმნილი. დღის მაკიაჟისთვის უპირატესობა მიანიჭეთ უფრო მშვიდ, გამჭვირვალე წითელს – მაგალითად, მბზინავ საცხს. მოკლედ, თქვენი ფერებია:
- მკვეთრი წითელი მატე;
- ფუქსია;
- ჟოლოსფერი;
- მუქი, ნაჯერი ვარდისფერი;
- კორალისფერი.
ზეთისხილისფერი კანი + მწვანე თვალები
ამ გარეგნობის ადამიანებს უხდებათ თბილი, ხავერდოვანი ფერები, რომლებიც წარმატებით ავსებს კანის სასიამოვნო ფერს და აქცენტს თვალის იშვიათ ფერზე აკეთებს. ამ ტიპის შავგვრემნები საკმაოდ მარტივად ირჩევენ ყოველდღიური მაკიაჟისთვის ტუჩსაცხს, თუმცა, საღამოსთვის მკვეთრი ფერის შერჩევა უჭირთ. ჩვენ გირჩევთ შემდეგ ვარიანტებს:
- ნარინჯისფერს;
- აგურისფერ-წითელი;
- კარამელისფერი;
- ატმისფერი;
- ტერაკოტა.