
ლამაზი ღიმილი და ჯანმრთელი კბილები ჩვენი მიმზიდველობის წინაპირობაა. უმჯობესია, კბილებს თავიდანვე კარგად მოვუაროთ, შემდეგ მათ მკურნალობაში რომ არ ვყაროთ ფული და დრო. თუმცა, სამწუხაროდ, თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად უშვებს შეცდომებს. Girl.ge-ის რედაქცია ამ სტატიაში მოგიყვებათ, თუ რას აკეთებთ ყოველდღე არასწორად და როგორ უნდა გამოასწოროთ ეს შეცდომები.
1. უგულებელყოფთ ღრძილებიდან სისხლდენას
თუ კბილების წმენდის შემდეგ ყოველდღე მცირე რაოდენობით სისხლს აფურთხებთ, ეს ექიმთან წასვლის საბაბია! სწორედ ასე იწყება პაროდონტოზი – ღრძილების დაავადება, რომელიც კბილების ცვენას იწვევს – და სულაც არაა აუცილებელი, ამ დროს ტკივილს გრძნობდეთ. ღრძილებს შეიძლება წლების განმავლობაში სდიოდეს მცირე რაოდენობის სისხლი, ბოლოს კი სავალალო შედეგებამდე მიგიყვანთ. გამორიცხული არაა, რომ უფრო რბილი ჯაგრისი ან სპეციალური პასტა გჭირდებოდეთ, ღრძილების გამაძლიერებელი ეფექტით.
2. კბილებს ქაოტური მოძრაობებით იხეხავთ

კბილის წმენდის სწორ ტექნიკას ნებისმიერი სტომატოლოგი გაგაცნობთ. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა კბილებს არასწორად იწმენდს, რაც ნადებს უხარისხოდ აშორებს და მინანქარს სწრაფად ჩამორეცხავს. წმენდის დროს, მოძრაობა “ჩამორეცხვადი” უნდა იყოს, ზემოთ-ქვემოთ ტრაექტორიით – მხოლოდ ასე უნდა გაიწმინდოთ კბილები როგორც წინა, ისე უკანა მხარეს. აი, საღეჭი კბილები კი ზემოდან, წრიული მოძრაობებით უნდა გაიხეხოთ.
3. რეგულარულად ითეთრებთ კბილებს სტომატოლოგთან
სამწუხაროდ, ყველაზე თანამედროვე და ნაზი გათეთრებაც კი სტრესია კბილის მინანქტისთვის. კბილის აღმდგენი პასტები გათეთრების დროს მოყენებული ზარალის მხოლოდ ნაწილს ანაზღაურებს, მინანქარი გათხელდება და გამყიფდება, კარიესის გაჩენის რისკი რამდენჯერმე გაიზრდება.
4. ზედმეტად მყარ ჯაგრისებს ირჩევთ

თუ ფიქრობთ, რომ უხეში ჯაგრისი კბილების უფრო ეფექტურად გაწმენდაში დაგეხმარებათ, ცდებით. ასეთი ჯაგრისი მხოლოდ სტომატოლოგთან ერთად უნდა შეარჩიოთ და იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ, თუ ნადები ძალიან სწრაფად გიგროვდებათ ან ძალიან ბევრს ეწევით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ ყავის ან ჩაის მოყვარული ხართ, საშუალო სიხისტის ჩვეულებრივი ჯაგრისიც საკმარისი იქნება – ასე თქვენი მინანქარი უფრო დიდხანს გაძლებს.
5. კბილის ჯაგრისს არასწორად ირჩევთ
კარგი ჯაგრისი ისაა, რომელსაც მეტი თმა აქვს. მწარმოებლები გვთავაზობენ სხვადასხვა ტიპის რეზინის დანამატებს, ჭრილებსა და ფორმებს – რეალურად, ეს მხოლოდ მარკეტინგული სვლა და მასალაზე ეკონომიის გაკეთებაა. ამიტომ, კბილის ჯაგრისის არჩევისას, ყურადღება მიაქციეთ იმათ, რომლებსაც თმები მაქსიმალურად მჭიდროდ აქვს ჩამაგრებული – სწორედ ეს მოგცემთ კბილის ნადებისგან ხარისხიანად გაწმენდის საშუალებას.
6. არ მკურნალობთ მცირე კარიესს, რომელიც არ გტკივათ

თუ კბილებზე კარიესის საწყისებს ამჩნევთ, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – ექიმთან წასვლის დროა! წვრილი კარიესი შეიძლება წლების განმავლობაში არ გტკიოდეთ, თუმცა, კბილის შიგნიდან განადგურებას ვერ შენიშნავთ და, საბოლოოდ, მას დაკარგავთ.
7. ცივ და ცხელ ტემპერატურებს შორის ზედმეტად მკვეთრ ცვლილებებს უშვებთ
ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც საკუთარი კბილებისთვის შეგიძლიათ, ესაა ნაყინზე ყავის ან ჩაის დაყოლებაა! ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები დამღუპველია მინანქრისთვის – მასზე მიკრონახეთქები ჩნდება, რაც კარიესის განვითარებას გამოიწვევს. ყურადღებით იყავით!
8. კბილებს პროფესიონალურად არ იწმენდთ
კბილების პროფესიონალური წმენდა – ეს ის პროცედურაა, რომელიც არამხოლოდ ათეთრებს კბილებს (და მინანქრის ნამდვილ ფერს გამოაჩენს), არამედ მოგაშორებთ კბილის ქვას და გააძლიერებს მინანქარს. წმენდის დროს, მინანქარს უსვამენ სპეციალური მინერალურ შემადგენლობას, რომელიც აღადგენს მის შემადგენლობას და აწებებს წვრილ ნახეთქებს.
9. არ იყენებთ კბილის ძაფს

გაიხსენეთ, რამდენჯერ გირჩიათ სტომატოლოგმა კბილის ძაფის შეძენა? რამდენჯერ შეიძინეთ იგი? გამოვიცნოთ? არც ერთხელ. ნუ გააუფასურებთ ამ მაგარ რამეს – მხოლოდ ძაფს შეუძლია კბილებს შორის სივრცის ეფექტურად გაწმენდა. სხვათა შორის, კარიესი, უმეტესად, სწორედ იქედან იწყება. გამოიყენეთ იგი დღეში ერთხელ მაინც – ეს სავსებით მარტივია, კბილები კი მადლობას გეტყვიან!