სტრესი აახალგაზრდავებს კანს. არ გჯერათ? კოსმეტოლოგი გეტყვით, რა ხდება

0
583
photo credit: Shutterstock

როცა ვნერვიულობთ, ეს არა მხოლოდ სულზე, არამედ სხეულზეც აისახება. ქალაქში ცხოვრება სტრესის გარეშე შეუძლებელია, თუმცა მისი მართვა და სასარგებლოდ გამოყენება რეალურია. Girl.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ჯანმრთელობის ცენტრის კოსმეტოლოგის, მაია ჟმარევას რჩევებს, თუ რომელი სტრესი ახდენს დადებით გავლენას კანზე და როგორ ვებრძოლოთ ნეგატიურ ეფექტებს.

სტრესი ჩვენი მეგობარი თუ მტერი?

იმის გასაგებად, თუ რა გავლენას ახდენს სტრესი ორგანიზმზე, აუცილებლად მის კლასიფიკაციაში უნდა გავერკვეთ. რა არის სტრესი მეცნიერულად? ორგანიზმის რეფლექსური რეაქცია გარე გამაღიზიანებლებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია – რეაქციის არ არსებობა ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს.

სტრესის სახეობები

დადებითი სტრესი ან ეუსტრესი

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს! სტრესი ყოველთვის მინუს ნიშნით არ გვხვდება! ეუსტრესი გამოწვეულია მოულოდნელი სასიამოვნო მოვლენებით, მაგალითად, ახლობლებთან ან საყვარელ ადამიანთან შეხვედრა, შეყვარება ან სიხარული, ნანატრი მოვლენის მოლოდინი. ასეთ მოვლენებს ოქსიტოცინის ჰორმონის ძლიერი გამოყოფა ახლავს. ოქსიტოცინი სისხლძარღვების ტონუსზე და ადამიანის ზოგად მენტალურ მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს. ერთად კანის აღმდგენ და გამაახალგაზრდავებელ უნარებზე დადებითად მოქმედებენ. ბედნიერი ადამიანი განსაკუთრებულად გამოიყურება: არამარტო თვალები, არამედ კანიც ანათებს. „ბედნიერების ჰორმონებს“ გრძელვადიანი ეფექტი აქვთ, ამიტომ კანი ახალგაზრდობის უნიკალურ კოდს იღებს – ასეთს ვერც ერთი სუპერ კრემი ან უახლესი სალონური პროცედურა ვერ გაჩუქებთ.

უარყოფითი სტრესი ან დისტრესი

დისტრესი ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: ინფორმაციული და ფსიქოემოციური. თუ პირველის მიზეზი ზედაპირზეა, ფსიქოემოციურ სტრესში გარკვევა უფრო რთულია. როგორც წესი, ღრმა ემოციური გაოგნების შედეგად ჩნდება – ბრაზი, წყენა, ეჭვიანობა ან დანაკარგი. ჩვენი გრძნობების სპექტრი უსაზღვროა, ამიტომ თითოეული შემთხვევა უნიკალურია, შესაბამისად, ორგანიზმი სხვადასხვაგვარად რეაგირებს.

ფიზიკური სტრესი

უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებზეც გავლენის მოხდენა შეგვიძლია. უბრალოდ გარკვეული წესები დაიცავით, ზედმეტი დატვირთვით მდგომარეობა არ გაამწვავოთ. განსაკუთრებით სახიფათოა, როცა ფსიქოლოგიური სტრესი ფიზიკურსაც იწვევს. ამას იწვევს მავნე ჩვევა (სიგარეტი, ალკოჰოლი), არასწორი კვება, მტანჯველი დიეტები, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი – გაგრძელება უსასრულოდ შეგვიძლია. შედეგად, კანი ბუნებრივ სისუფთავეს კარგავს, შებოჭილობა, ნაადრევი სიბერის ნიშნები ჩნდება, ნაოჭები იზრდება, მიმიკური ნაკეცები ღრმავდება.

რა არის სტრესის მარკერები

photo credit: Shutterstock

სტრესის დროულად ამოსაცნობად და გამაღიზიანებელი ფაქტორების გამოსარიცხად ორგანიზმის სიგნალებს მოუსმინეთ – მარკერები, რომლებსაც ხშირად ვუგულებელყოფთ, და ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვაწერთ.

ადამიანმა დღეში შეიძლება 1000–მდე მიკროსტრესი განიცადოს, განსაკუთრებით დიდი ქალაქის მაცხოვრებელმა.

სტრესის სიმპტომებს შეიძლება მივაკუთვნოთ ფიზიკური სისუსტე: თავბრუსხვევა, მადის დაკარგვა, უძილობა, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, სიცხე ან ჟრჟოლა. შეუძლებელია მსგავსი ნიშნები არ შევნიშნოთ, მაგრამ მათ ცუდ განწყობას, სურდოს ან დაღლილობას ვაწერთ. გაღიზიანება, დანაშაულის გრძნობა, შფოთვა, სიბრაზის ხშირი შეტევები არსაიდან არ ჩნდება – ისინი სტრესის ფაზას გვიჩვენებენ, როცა ორგანიზმი ახალ გამაღიზიანებელთან შეგუებას ცდილობს. გარდა ამისა, ნეგატივი გარეგნობაზეც ვლინდება – მთავარ დარტყმას სახის კანი იღებს. ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ, საკუთარ განწყობას მოუსმინეთ.

რა ხდება ორგანიზმში სტრესის დროს

სტრესის დროს ორგანიზმში სისხლში ჰორმონ კორტიზოლს გამოყოფს, რაც გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს. შედეგად, თმა, ფრჩხილები, კანი და მთლიანად ორგანიზმი იტანჯება. კანი ლოკალურ სტრესს განიცდის – ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, სიცივე, ტოქსიკური ნივთიერებები, მექანიკური დაზიანება, მიკროორგანიზმების შეტევა.

ნეგატიური განცდები კანზე დასუსტებული ბარიერული ფუნქციის გამო გამონაყარის, ფერიმჭამელების, სიწითლის სახით ვლინდება.

photo credit: Shutterstock

სტრესი კანის რესურსებს ამცირებს, რის გამოც უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე გენეტიკურად იყო ნავარაუდევი. სტრესის დროს ადგილს ვერ ვპოულობთ, კანიც „ნერვიულობს“: სისხლის და მკვებავი ნივთიერებების მიწოდება მცირდება, პერიფერიული სისხლძარღვები და კაპილარები ვიწროვდება – სახის ფერი მკრთალდება, თვალების ქვეშ მუქი წრეები ჩნდება. ზოგჯერ სისხლის გადინების დარღვევის გამო შეშუპება და სიბლანტე შეიმჩნევა. ამ ფონზე თმა სუსტდება და ცვივა, რადგან თმის ფოლიკულა საკმარის კვებას ვერ იღებს. ამ დროს ჭაღარაც ჩნდება. სტრესი ფრჩხილებზეც გავლენას ახდენს: გაზრდილი მტვრევადობა, ფირფიტების დათხელება და ცუდი ზრდა. შესაძლოა გაჩნდეს ბოს ხაზებიც – განივი ხაზებიც, რომლებიც კერატინის სინთეზის შეწყვეტის შედეგად ჩნდება.

როგორ ვებრძოლოთ სტრესს

ყველაზე მთავარია სიმპტომები არ უგულებელყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნევროზს, დეპრესიას ან უფრო სერიოზულ შედეგს გამოიწვევს. გულწრფელად უპასუხეთ კითხვებს: რატომ მაწუხებს ეს, რა შემიძლია გავაკეთო? ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან უბრალოდ ფსიქოლოგთან ნეგატიური მომენტები განიხილეთ და გაანალიზეთ. კონტრასტული შხაპი, ფინჯანი ჩაი მეგობართან ერთად, ჰობი ან პარკში სეირნობა გამოგაფხიზლებთ და სიტუაციას გამწვავების საშუალებას არ მისცემს.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. სწრაფი ნახშირწყლები დაივიწყეთ და მავნე ჩვევები ამოიღეთ. დაბალანსებული დიეტა დაიცავთ, ორგანიზმი ჭარბი მარილისგან, ტკბილი, ფქვილიანი და ცხიმიანი საკვების მოხმარებისგან გაათავისუფლეთ. არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი ძილი, ამ პერიოდში განსაკუთრებით აუცილებელია.

photo credit: Shutterstock

კოსმეტოლოგიური პროცედურის შერჩევისას თქვენი მდგომარეობა გაითვალისწინეთ. გახსოვდეთ, რომ ვერც ერთი, თუნდაც საუკეთესო პრეპარატი ვერ გიშველით, თუ ნერვიულობას გააგრძელებთ. ზოგიერთმა ინტენსიურმა მეთოდმა შეიძლება განუჭვრეტელი შედეგი მოგვცეს, ამიტომ უმჯობესია სპეციალისტთან კონსულტანცია გაიაროთ.

სახის მასაჟი და პროფესიონალური მოვლა სტრესის შედეგების მოშორებაში დაგეხმარებათ. მასაჟის დროს სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, სახის კანი უფრო ელასტიური ხდება, შეშუპება და ნაოჭების სიღრმე მცირდება. სჯობს მოსადუნებელი მასაჟი შეარჩიოთ, რომელიც სახის კუნთებზე აქტიურ გავლენას ახდენს და მოსადუნებელი ეფექტი აქვს. მოქმედების გაძლიერებას არომატული ზეთების გამოყენებით შეძლებთ.

კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ ნაზ პილინგს და კოსმეტიკურ პრეპარატებს ანტიოქსიდანტებით, ასევე ნიღბებს რეგენერაციული ეფექტით. ასეთი პროცედურების წყალობით კანი გლუვდება, დაძაბულობა მცირდება და სტრესის ნიშნები ქრება. შეგიძლიათ მსუბუქი სკრაბი გაიკეთოთ და ჟანგბადის ნიღაბი გამოიყენოთ, რომ კანს მკვდარი უჯრედები მოაშოროთ და ბზინვარება და ახალგაზრდობა აჩუქოთ. ასეთი პროცედურების სიხშირე სჯობს პროფესიონალთან დააზუსტოთ.

photo credit: Shutterstock

ყოველდღიურად გამოიყენეთ კრემი მაღალი SPF ფაქტორით. დამატენიანებელი საშუალება ჰიალურონის მჟავით ან მცენარეული ზეთით გამოიყენეთ. გამონაყარის სჯობს გამოიყენოთ კრემები დამამშვიდებელი კომპონენტებით და სალიცილის მჟავით.

რაც შეეხება თმის ცვენას, სჯობს გამოიყენოთ საშუალება B ვიტამინით. თავის მასაჟს დრო დაუთმეთ, რომ სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს და თმის ბოლქვები დანაყრდეს.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ცხოვრებაში სტრესის ბოლომდე მოშორება შეუძლებელია, მაგრამ მისი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება რეალურია, თუ ამ რჩევებს გამოიყენებთ.