როგორ გამოვიყენოთ კოსმეტიკა, რომ იგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს.

0
841
Photo credit: Getty Images

იცოდით, რომ თქვენს კრემებში, ნიღბებში, შრატებსა და სხვა კოსმეტიკურ პროდუქტში არსებული ზოგიერთი ინგრედიენტი აქტიურად ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან? კომპონენტები არამხოლოდ აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტურობას, არამედ “ჩაგრავენ” კიდევაც ერთმანეთს, მათ მოქმედებას თითქმის აუქმებენ. გაწითლება, აქერცლვა, წვა და გაღიზიანების სხვა ნიშნებიც ინგრედიენტების არასწორი შეხამების შედეგია. Girl.ge-ის რედაქციამ შეადგინა იმ ინგრედიენტების სია, რომელთა შერევაც არ შეიძლება. ჩაინიშნეთ!

არ შეურიოთ: ბენზოილპეროქსიდი და რეტინოლი

თუ აკნეს ებრძვით, ალბათ, გეცოდინებათ, რომ ეს ორივე ინგრედიენტი გაღიზიანებას ეწინააღმდეგება. თუმცა, არსებობს საფუძვლიანი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გვხვდებიან ისინი ერთ პროდუქტში ერთად: ბენზოილპეროქსიდი შესანიშნავად უმკლავდება ანთებას, თუმცა, რეტინოლის მოქმედებას აუქმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ არ ღირს ასეთი საშუალებების ერთმანეთზე წასმა. გამოიყენეთ ბენზოილპეროქსიდის შემცველი პროდუქტი დილით, რეტინოლიანი – ძილის წინ.

შეურიეთ: რეტინოლი და გლიცერინი

რეტინოლი თავის მოვლის სასწაულმოქმედი საშუალებაა. თუმცა, მას უარყოფითი მხარეც აქვს: აშრობს კანს. აი, რატომ გვირჩევენ კოსმეტოლოგები და დერმატოლოგები მის ზომიერად გამოყენებას. რეტინოლით გამოწვეული სიმშრალისა და გაღიზიანების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ინგრედიენტი გლიცერინია – მძლავრი დამატენიანებელი.

არ შეუირიოთ: C ვიტამინი და AHA-მჟავები

ამ ორივე ინგრედიენტს ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, თუმცა, ერთმანეთთან შერევის შემთხვევაში, ისინი არღვევენ თქვენი კანის pH-ბალანსს, მჟავიანობის ძალიან მაღალი დონის გამო. გარდა ამისა, C ვიტამინის AHA-მჟავის შემცველ პროდუქტთან ერთად გამოყენებით, თქვენ არსებითად ამცირებთ ამ ვიტამინის ეფექტურობას. რატომ უნდა გადაყაროთ ფული ტყუილად?

შეურიეთ: C ვიტამინი და ფერულის მჟავა

C ვიტამინი მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ამცირებს მცირე ნაოჭების რაოდენობას და გვეხმარება პიგმენტაციასთან ბრძოლაში. მისი მოქმედება ძლიერდება, როცა იგი ფერულის მჟავას ერწყმის.

არ შეურიოთ: ვიტამინი B3 და AHA-მჟავები 

აგრეთვე ცნობილი, როგორც ნიაცინამიდი, ვიტამინი B3 ის საშუალებაა, რომელიც გვეხმარება კანის სტრუქტურის აღდგენასა და გაუმჯობესებაში. იგი საუკეთესოდ მუშაობს ნეიტრალური pH-ის გარემოში, თუმცა, ტუტოვან AHA-მჟავებთან ერთად, B3-მა შეიძლება წარმოქმნას ნიკოტინის მჟავა, რასაც კანის გაღიზიანება მოჰყვება. გარდა ამისა, საშუალებები კონფლიქტში შედიან და ერთმანეთის მოქმედებას აუქმებენ.

შეურიეთ: რეტინოლი და ჰიალურონის მჟავა

ჰიალურონის მჟავა დიდებულად ატენიანებს კანს და სასწაულებს ჩადის: ჰიალურონის 1 მოლეკულა იზიდავს და ინარჩუნებს წყლის მოლეკულებს, რომლებიც ათასჯერ მეტია მის მასაზე. როგორც ცნობილია, რაც უფრო ვბერდებით, მით უფრო მეტ სითხეს კარგავს კანი, რეტინოლის ტიპის მძლავრი ანტიასაკობრივი კომპონენტების გამოყენება კი მოითხოვს დამატებით დატენიანებას. ჰიალურონის მჟავა შესანიშნავი ვარიანტია.

არ შეურიოთ: C ვიტამინი და რეტინოლი

რეტინოლი და რეტინოიდები კანის მოსავლელი მძლავრი ინგრედიენტებია, რომლებიც ამცირებს ნაოჭების, აკნეს, პიგმენტაციის რაოდენობებს, კოლაგენის წარმოებას. სწორედ ამიტომაა რეტინოლის შემცველი პროდუქტი ასეთი პოპულარული. თუმცა, როგორც ხუკვე ვთქვით, მედალს მეორე მხარეც აქვს – შესაძლებელია კანის გაღიზიანება. ამ ალბათობის გაძლიერება შეუძლია რამდენიმე ინგრედიენტს, მათ შორის, C ვიტამინს. თავად ეს ინგრედიენტი ეფექტურად ებრძვის დაბერების ნიშნებს, თუმცა, მისი რეტინოლთან შერევა არ შეიძლება, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ.

შეურიეთ: C და E ვიტამინები

რამდენადაც ეს ორივე ვიტამინი ანტიოქსიდანტია, ერთმანეთთან შერწყმისას მძლავრ საშუალებას ქმნიან. ისინი ერთად იცავენ თქვენს კანს გარესამყაროში არსებული თავისუფალი რადიკალებისგან და ამცირებენ დაბერების ნიშნებს. გარდა ამისა, ეს იდეალური ვარიანტია მზისგან დამცავი შემადგენლობისთვის.

არ შეურიოთ: AHA-მჟავები და რეტინოლი

AHA-მჟავები, მათ შორის, გლიკოური, რძე- და სალიცილის მჟავა აუმჯობესებს კანის ტექსტურას, მინიმუმამდე დაჰყავს კანის ნასვრეტების ზომა, პიგმენტაციისა და აკნეს რაოდენობა. თუმცა, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ეცადეთ, არ შეურიოთ რეტინოლი AHA-მჟავებს.

ეს ინგრედიენტები ერთმანეთში რომ არ აურიოთ, გირჩევთ, ყოველთვის შეისვენოთ სხვადასხვა პროდუქტის დატანებებს შორის.