
იოგა ფეხმძიმეებისთვის, ბავშვებისთვის, მამაკაცებისთვის, გახდომისთვის… ნაოჭების საწინააღმდეგო იოგაზე თუ გსმენიათ რამე? აღმოჩნდა, რომ ამ ყოვლისშემძლე პრაქტიკის დახმარებით, ასაკობრივ ცვლილებებთან ბრძოლა, სახის სკულპტურის შეცვლა და ნაოჭების გაჩენის პროფილაქტიკაც კი შეიძლება.
რეალურად, ნაიჭების საწინააღმდეგო იოგა არამხოლოდ სახესთან, არამედ მთელ სხეულთან მუშაობას ითვალისწინებს, ჩვენს ორგანიზმში ხომ ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია. ხანდახან, ნაადრევი ნაოჭები ან სახის ოვალის ცვლილებები ჩვენს ასაკზე კი არა, სხეულის არასწორ მდგომარეობაზე ან მხრის არეში დაჭიმულობაზე მიუთითებს. ამიტომ, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და ერთობლივად მუშაობა როგორც სახეზე, ისე კისერზე, მხრებზე, მკერდის არესა და მთელ ხერხემალზე.
გახურება
დააგროვეთ პირში ჰაერი და გადაიტანეთ ერთი ლოყიფან მეორეში, შემდეგ დაატრიალეთ წრიულად, მთელ პირის ღრუში. შემდეგ დაბერეთ ტუჩები და დაზილეთ ენით ლოყები, სასა და ტუჩების შიდა ზედაპირი. ახლა დაიზილეთ ყურები, დაწყებული ბიბილოებით, ზემოთკენ, რბილი წრიული მოძრაობებით. გაგიკვირდებათ, თუმცა, ყურებზე უამრავი ბიოლოგიურად აქტიური წერტილია, რომელთა დაზილვით ორგანიზმში ერთბაშად რამდენიმე პროცესს ვიწყებთ. ამასთან, ეს ტექნიკა აძლიერებს სისხლის მიმოქცევას სახის არეში, ახურებს, გვეხმარება გამოღვიძებასა და გამოფხიზლებაში. ძირითადი კომპლექსისთვის საბოლოოდ რომ მოვემზადოთ, კარგად უხახუნეთ ერთმანეთს ხელის გულები, მიიღეთ სითბოს შეგრძნება და თითის ბალიშების დაკვრითი მოძრაობები გადაატარეთ სახეს, კეფას, კისერსა და თმას.
კისრის დანაყოფის გაძლიერება
მარჯვენა ხელით მიაწექით თავის მარჯვენა ნაწილს და დაიწყეთ ფრთხილად ზეწოლა, თავით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ, ხელს უკან მიაწექით. გაიმეორეთ ეს მოძრაობა სუნთქვის რამდენიმე ციკლის განმავლობაში, შემდეგ კი გაიმეორეთ მეორე მხარეს და კეფაზე. ეს სავარჯიშო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მტკიცე და ჯანმრთელი კისერი ლამაზი სახის საფუძველია.
თვალის წრიული კუნთების გაძლიერება
ამ სავარჯიშოს ტონუსში მოჰყავს ყველა კუნთი, ხსნის დაძაბულობას და აგლუვებს თვალის გარშემო ნაზ კანს, რაც მზერას აახლებს და აელვარებს. დახუჭეთ თვალები, მიმართეთ მზერა წარბების შუა ნაწილისკენ, შემდეგ გაწიეთ თვალები მარჯვნივ და მარცხნივ, ისე, რომ თვალები არ გაახილოთ (ათჯერ ორივე მხარეს). ეცადეთ, მოძრაობები გააზრებულად გააკეთოთ, თვალები მაქსიმალურად განზე გაწიეთ. დაასრულეთ წრიული მოძრაობებით, ეს უნდა იყოს სრული წრეები მაქსიმალური ამპლიტუდით. შემდეგ გაახილეთ თვალები, მოათავსეთ შუა თითი წარბქვეშ, საჩვენებელი – წარბზემოთ, ოდნავ წამოწიეთ წარბი ზემოთ (მთავარია, არც ისე ძალიან დაჭიმოთ წარბი, თვალის გარშემო კანი რომ არ დაწიოთ. ახლა გადაიტანეთ მზერა ცხვირის წვერზე, მოჭუტეთ თვალები და გააჩერეთ მზერა წარბშუა. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 5 სუნთქვითი ციკლის განმავლობაში, შემდეგ გაახილეთ თვალები და, წარბებზე თითების აუღებლად, გაიმეორეთ სავარჯიშო კიდევ რამდენჯერმე.
ლოყებისა და ყვრიმალების გაძლიერება
შემდეგი სავარჯიშო აძლიერებს ლოყებისა და ყვრიმალების კუნთებს, ჭიმავს სახის ოვალს, აგლუვებს ნაოჭებს და ხელს უშლის ახლების გაჩენას, დახურული პირით შეასრულეთ რამდენიმე წრიული მოძრაობა ენით, ტუჩებისა და ლოყების მთელი შიდა ზედაპირის გარშემო. ახლა დაბერეთ ლოყები და დაიწყეთ თითების მსუბუქად დაკვრა. ამავდროულად, ეცადეთ, ჰაერ ცოტათი მაღლა მიაწვეთ, დაკვრითი მოძრაობები კიდევ უფრო აქტიურად შეასრულეთ. შემდეგ მოდუნდით და დაისვენეთ. შესვენების შემდეგ, გააღეთ პირი ასო “O”-ს ფორმით. დაიდეთ საჩვენებელი თითები თვალქვეშ, ყვრიმალის ზედა ნაწილზე, და სცადეთ გაღიმება (უნდა იგრძნოთ, როგორ აწვება ლოყები თითებს ზემოთ). სავარჯიშოს დასრულებისას, გადაატარეთ ლოყებისა და ყვრიმალების მთელ ზედაპირს ჩქმეტვითი მოძრაობები.
ანტიგრავიტაცია
ნაოჭების გაჩენა უკავშირდება დედამიწის მიზიდულობას, ამიტომ, ფიზიკისა და თავად ბუნების მოსატყუებლად, შეასრულეთ “ჩაბრუნებული” პოზები. გაშალეთ ფეხები, რამდენადაც შეგიძლიათ. თეძოებში მოიხარეთ, წინ გადაიწიეთ, იატაკის პარალელურად, და დაწიეთ თავი ქვემოთ. თუ თავი იატაკამდე ვერ მისწვდება, დაიდეთ სპეციალური “იოგას აგური” ან უბრალოდ წიგნების დასტა. ასეთ მდგომარეობაში მანამდე გაჩერდით, სანამ კომფორტულად იგრძნობთ თავს, შემდეგ კი ფრთხილად, მკვეთრი მოძრაობების გარეშე “შეკრიბეთ” ფეხები და გაასწორეთ კორპუსი.