
მოდის სამყარო საკმაოდ არასტაბილურია. დიზაინერებს ყოველდღიურად უჩნდებათ ახალი აზრები, საინტერესო ჩანაფიქრები და ორიგინალური იდეები. პოდიუმებს ჩვენთვის მუდმივად სურპრიზი მოაქვს, ხანდახან წარსულიდანაც. მოდიდან გადასული კაბა-კომბინაციები, პლატფორმა, კომბინიზონები – მოდის მიმდევრები მათ დღემდე დაუჯერებელი ენთუზიაზმით იცვამენ. ეს არამხოლოდ ტანსაცმელს, არამედ აქსესუარებსაც ეხება, მათ შორის ერთ-ერთი კი ტვილია.
ესაა აბრეშუმის ვიწრო ლენტი, რომელსაც 1960 წლის სურათებსა და ლუქბუქებში ვხედავთ. ამ აქსესუარის მოსახერხებლობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი მრავალფუნქციურია. თუმცა, მისი ტარების ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, ბევრი მაინც სვამს კითხვას, თუ რასთან და როგორ უნდა გაიკეთონ იგი.
პასუხი ძალიან მარტივია: ტვილის გამოყენება მხოლოდ თქვენი ფანტაზიითაა შეზღუდული. მაშ ასე, Girl.ge-ის რედაქცია 7 ყველაზე პოპულარულ და მარტივ იდეას გთავაზობთ.
1. ჰალსტუხი-პეპელა
მისი საუკეთესო ალტერნატივა ტვილია. ამ აქსესუარით შეგიძლიათ იმ იდეების განხორციელება, რომელთა რეალიზება რთული იქნებოდა ჩვეულებრივი შარფით. სცადეთ მისი გაკვანძვა ჰალსტუხ-პეპელას სტილში. ასეთი დეტალი ყოველდღიური ლუქისთვის გამოდგება. თანაც, უჩვეულოდ გამოიყურება.

2. ჩოკერი
რა თქმა უნდა, ახლა ჩოკერებზე, 1990-იანების მსგავსად, მასიურად არ არიან გადარეულები, თუმცა, მსგავსი აქსესუარის მოყვარულებს საინტერესო ალტერნატივას ვთავაზობთ – ტვილის. უბრალოდ შემოიხვიეთ იგი კისერზე და ბოლოები ჩამოუშვით ან საინტერესოდ გაკვანძეთ.

3. ჰალსტუხი
ქალები მამაკაცის მოდიდან თითქმის ყველაფერს იღებენ: მკაცრ შარვლებს, პიჯაკებს, ჩექმებს, ღილებიან პერანგებს – გარდერობის ეს დეტალები ქალურ მოდაშიც პოპულარული გახდა. ამიტომაც, ჰალსტუხის მსგავსი აქსესუარი ნამდვილად დაამშვენებს როგორც საღამოს ლუქს (მას სექსუალობას მიანიჭებს), ისე საქმიან ლუქსაც, თანაც იდეალურად შეეხამება თეთრ პერანგს.

4. თმის ლენტი
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა ლენტის თმებში ჩამაგრებაა. შეგიძლიათ, გაიკეთოთ ცხენის კუდი, დიდი ზომის კონა და ლამაზად შემოახვიოთ აბრეშუმის ლენტი. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ახლა სლავური მოტივები ძალიან პოპულარულია, ამიტომ ტვილის ნაწნავში ჩატანებაც იდეალური გადაწყვეტილება იქნება პაემნისთვის.

5. ქამარი
მოდური აქსესუარები უბრალო ლუქსაც კი ორიგინალურად აქცევს. ქამრები მათ შორის ერთ-ერთი პირველია. ტვილი ამ შემთხვევაშიც გამოდგება: აიღეთ 2 ლენტი, გაკვანძეთ ლამაზად და შამოიხვიეთ გრძელ თეთრ ბლუზაზე, ან გამოკვეთეთ წელი კაბა-პერანგში.
მცირე ხრიკი! თუ 2 ტვილის გადაკვანძავთ, გაცილებით მეტი ვარიანტი გექნებათ ლუქის გასაფორმებლად. ეს ვარიანტი იდეალური იქნება plus-size გოგონებისთვის.

6. სამაჯური/ტვილი-საათი
ამ წლის ტრენდია სამაჯური/ტვილი-საათი. შეგიძლიათ, აბრეშუმის ლენტი მაჯაზე ორიგინალურ სამაჯურად გაიკვანძოთ, რომელიც საქმიან სტილს, საღამოს ან ყოველდღიურ ლუქს მოუხდება. აგრეთვე, ტვილიზე შეგიძლიათ ციფერბლატის დამაგრებაც, მაშინ ხელზე მოდური აქსესუარი გაჩნდება, რომელიც ნამდვილად მოიზიდავს გარშემომყოფთა ყურადღებას.

7. ყელსაბამი
პატარა, შავი კაბა ლუქს ელეგანტურობას დამოუკიდებლადაც შესძენს, თუმცა, მოდური და ზომიერად მკვეთრი აქსესუარი საჭირო აქცენტებს დასვამს. თუ ტვილს კისერზე შემოიხვევთ, ერთგვარ აბრეშუმის ყელსაბამს შექმნით, რომლიც ტარებაც არამხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეგიძლიათ.

თქვენ რომელ ვარიანტს მიანიჭებდით უპირატესობას?