
დღეს Girl.ge-ს რედაქცია გიამბობთ ფრაზებზე, რომელთაც არ უნდა ენდოთ. ეს ე.წ. მანიპულაციური ფრაზებია.
ნეგატიური მანიპულაცია
ასეთი ფრაზების პირველი ჯგუფი შედგება წინა თქმით „შენ ხომ“: შენ ხომ დედა ხარ, შენ ხომ ქალი ხარ, შენ ხომ დიასახლისი ხარ და ა.შ.
ამ ფრაზების მიზანია, რომ მანიპულატორმა თავი კომფორტულად იგრძნოს და ადამიანში დანაშაულის გრძნობა გამოიწვიოს.
მართლაც, რა დიასახლისი ჰქვია, თუ ცხვრის ხორცის მომზადება არ შეუძლია, რა ცოლია, რომელიც ქმარს პენუარ ჩაცმული და ნაზი ღიმილით არ ხვდება მას შემდეგ, რაც მთელი დღე ამ ცხვრის ხორცს ამზადებდა.
ამ მანიპულაციისგან თავდასაცავად წინასწარ მომზადებული პასუხი შეგიძლიათ გამოიყენოთ: – შენ ხომ დედა ხარ! – როგორც კი ამ სიტყვებს გაიგებთ, ამაყად უპასუხეთ: არა მხოლოდ დედა, არამედ მსოფლიოში საუკეთესო დედა.
ჩემი ახლობლები დიდხანს ცდილობდნენ ჩემზე ზეწოლას ამ ფრაზით: შენ ხომ ფსიქოლოგი ხარ. ნამდვილად, ფსიქოლოგი ხომ არ განიცდის შიშს, სიბრაზეს, მრისხანებას, ხმას არასდროს სწევს.
მათგან დასაცავად სქემა შევიმუშავე და ახლა ფრაზას „შენ ხომ ფსიქოლოგი ხარ“ ვპასუხობ: „არა, ძვირფასო. ახლა ნევროზიანი ვარ“.
მანიპულაციური ფრაზების მეორე ჯგუფი, რომელსაც არ უნდა ენდოთ: „შენზე გავთხოვდები/დავქორწინდები, თუ წონაში დაიკლებ / სამსახურს მიატოვებ / ბავშვს გამიჩენ / დაქალთან მეგობრობას შეწყვეტ“. არ ენდოთ.
შეიძლება დაქორწინდეთ, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ ბედნიერი იქნებით. ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია „თუ“–ზე, მარცხისთვის განწირულია. „თუ“ არის კოდი, საიდუმლო შიფრი. მასში იმალება შანტაჟი და მანიპულაცია, სიძულვილი, ჩიხი, გზა არსაით.
საუკეთესო პასუხი იქნება: „თუ ცხოვრებაში არასდროს გნახავ, ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება. ჩაო კაკაო!“ და ქუსლების კაკუნით წადით.
ზემოთ მოცემული ჯგუფები ნეგატიურ მანიპულაციას მიეკუთვნება, რადგან ადამიანში დანაშაულის გრძნობას იწვევს. თუმცა ნეგატიური მანიპულაციების გარდა პოზიტიურიც არსებობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მლიქვნელობა.
პოზიტიური მანიპულაცია
ეს მანიპულაციური ფრაზების მესამე ჯგუფია. პრაქტიკულად ყველა ქალის ჟურნალი სავსეა რჩევებით, თუ როგორ მიიღოთ ქმრისგან ან პარტნიორისგან სასურველი მოქმედება, მაგალითად, გატეხილი ონკანის შეკეთება. „საყვარელო, შენზე უკეთ ამას ვერავინ გააკეთებს!“ – ფრაზა, რომლის გამოყენებას ქმრის სამართავად გირჩევენ, სინამდვილეში უდიდესი შეცდომაა.
მანიპულაცია, თუნდაც პოზიტიური, კარგს არაფერს მოგიტანთ. პირველ რიგში, ფარისევლობა მაშინვე იგრძნობა, ქვეცნობიერ დონეზე. რაც არ უნდა თქვათ, სიყალბის დამალვას ვერ შეძლებთ.
მეორეც, ასეთი ტიპის ფრაზა ხშირად აგრესიად აღიქმება. თქვენი ქმარი სულელი არაა და ხვდება, რომ სინამდვილეში არ გჯერათ, ონკანს სანტექნიკოსზე უკეთ რომ გააკეთებს.
ჩემი ახლობლის ცხოვრებიდან ერთ მაგალითს მოვიყვან. ერთ–ერთი ნათესავი დიდი ხანია ალკოჰოლიზმით იტანჯება. კიდეც დაიშიფრა და მკურნალობდა, რას არ აკეთებდა, მაგრამ არაფერმა უშველა. დაახლოებით 6 თვის წინ სარეაბილიტაციო ცენტრში წასვლას დათანხმდა და თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ერთ მშვენიერ დღეს თქვა, რომ ცენტრის დატოვება სურდა. გაირკვა, რომ განაწყენდა, როცა დაბადების დღე მიულოცეს.
ფსიქოლოგიური წიგნების მიხედვით ალკოჰოლიზმი უსიყვარულობისა და უსარგებლობის გრძნობის პირდაპირი შედეგია. ცენტრში ფსიქოლოგები ცდილობენ ყველანაირად აჩვენონ, რომ ის საჭიროა და უყვართ, მაგრამ ამავდროულად უხერხულ მეთოდებს იყენებენ, რაც მხოლოდ გულისრევის შეგრძნებას იწვევს.
ექიმები მთელი დღე ულოცავდნენ. მან კი უბრალოდ არ იცოდა, სად წაეღო ეს მილოცვები. თავიდან უხერხულობის გრძნობა წარმოიშვა, შემდეგ აღშფოთება, შემდეგ სიბრაზე, რომ სულელად თვლიდნენ. ის ხომ 50 წლის ზრდასრული ადამიანია, რომელსაც კარგად ესმის, რომ უცხო ადამიანს ისეთი დედობრივი სიყვარულით ვერ ეყვარება, რომელიც ასე აკლია.
შედეგად, ამ საშინელი მდგომარეობის გამოსასწორებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად დიდი ძალისხმევა დაიხარჯა. არც ერთი მანიპულაცია სასურველ შედეგს არ გამოიღებს. ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობის აგება მხოლოდ გულწრფელობით შეიძლება. სხვა ყველაფერს უბრალოდ ტვინის გამორეცხვა ეწოდება.