ვამზადებთ ხორცს: იტალიური ოსობუკოს სწორი რეცეპტი

0
997
Photo credit: CTC

ოსობუკოს მომზადებისას მთავარია, ძვალს გარედან ხორცი და შიგნიდან – ტვინი ჰქონდეს. ახლა ასეთი ნაჭრების შეძენა ნებისმიერ მსხვილ სუპერმარკეტში შეიძლება. შემდეგ უკვე ტექნიკა მოდის. Girl.ge-ის რედაქცია დღეს გაგიზიარებთ სწორი ოსობუკოს მომზადების რეცეპტს შეფ-მზარეულისგან.

ოსობუკოს ისტორია

“გახვრეტილი ძვალი” – სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება იტალიურიდან ცნობილი იტალიური კერძის სახელწოდება. ადრე მის მოსამზადებლად მხოლოდ ხბოს ხორცს იყენებდნენ, თუმცა, ახლა შეხვდებით ცხვრის, საქონლისა და ღორის ხორცის ოსობუკოსაც. მთავარია, ეს იყოს ცხოველის მენჯ-ბარძაყის ნაწილი, რომლის ძვალსაც შიგნით ტვინი ექნება.

ოსობუკო ტრადიციულ მილანურ კერძად ითვლება, თუმცა, ქვეყნის სხვადასხვა მოშორებულ ნაწილებში მას სხვადასხვანაირად ამზადებენ. განსხვავება ბოსტნეულისა და სუნელების არჩევანში მდგომარეობს. ზოგი ფიქრობს, რომ სწორ ოსობუკოში არ უნდა იყოს პომიდორი, სხვები კი მის გარეშე კერძს ვერ წარმოიდგენენ, ქვეყნის ერთ ნაწილში მას ღვინოს უმატებენ, მეორეში – არა. ჩვენი ნაცნობი შეფ-მზარეული კი გვთავაზობს ცნობილი იტალიური კერძის მილანურ ვარიანტს.

ოსობუკოს რეცეპტი შეფ-მზარეულისგან

Photo credit: CTC

ინგრედიენტები:

  • 5 სტეიკი საქონლის ხორცი, მენჯ-ბარძაყის ნაწილი
  • 500 გ სიმინდის ფაფა
  • 4 ც სტაფილო
  • 10 კბილი ნიორი
  • 5 ც თეთრი ხახვი
  • 60 გ ფქვილი
  • 70 მლ ზეთი
  • 90 გ კარაქი
  • 1/2 კონა ოხრახუში
  • 10 მარცვალი შავი პილპილი
  • 2 ც დაფნის ფოთოლი
  • პილპილი
  • მარილი

მომზადება

Photo credit: CTC
  1. ხორცის ნაჭრები დაამარილეთ, მოაყარეთ პილპილი, ამოავლეთ ფქვილში ყველა მხრიდან.
  2. მოათავსეთ ხორცი ცხიმწასმულ ტაფაზე, შეწვით ორივე მხრიდან, ოქროსფერი ქერქის გაჩენამდე (4-4 წუთი ორივე მხარეს, მაღალ ცეცხლზე). გადადეთ მომზადებული ნაჭრები საცხობ ლანგარზე.
  3. სტაფილო გაფცქვენით და დაჭერით მსხვილად. შეწვით 15 მლ ზეთზე. მოათავსეთ სტაფილოს ნაჭრები ხორცთან ერთად.
  4. გაფცქვენით 10 კბილი ნიორი და დაყარეთ ლანგარზე, თანაბრად გადაანაწილეთ ხორცის გარშემო.
  5. ხახვი ფაფცქვენით და დაჭერით ლებნებად. შეწვით მსუბუქად 15 მლ ზეთზე და დაუმატეთ ხორცს.
  6. ხორცს დაუმატეთ დაფნის ფოთლებიც, სურნელოვანი პილპილიც, დიდი მწიკვი მარილიცა და დაფლეთილი ოხრახუშიც. დაასხით ხორცს 700 მლ წყალი ისე, რომ ხორცის ნახევარი დაფაროს.
  7. დაახურეთ ლანგარს კილიტა (ფოლგა), კიდეებზე კარგად მოუჭირეთ და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 2 საათით.
  8. მზა ხორცი გადადეთ თეფშზე.
  9. ქვაბში გადაღვარეთ ბოსტნეული ბულიონითურთ, ამოიღეთ დაფნის ფოთოლი და ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერში, სოუსის კონსისტენციამდე. შეფი გვირჩევს, რომ ბოსტნეულის ნახარში მთლიანად არ გადავღვაროთ და ცოტა მოვიტოვოთ, სოუსის სისქის საკონტროლებლად.
  10. სიმინდის ფაფა ჩაყარეთ 1.5 ლ მდუღარე წყალში და ხარშეთ მომზადებამდე, მუდმივად ურიეთ სათქვეფით. მომზადებისას დაუმატეთ 2 მწიკვი მარილი. აკონტროლეთ გარნირის კონსისტენცია წყლის დამატებით.
  11. ფაფის მომზადების დასრულებისას, დაუმატეთ 90 გ კარაქი და მოურიეთ.
  12. ულუფებად გადაანაწილეთ თეფშებზე ხორცის ნაჭრები, მოასხით ბოსტნეულის სოუსი და მორთეთ რეჰანის ფოთლებით.

გემრიელად მიირთვით!