სილამაზის მბრძანებლები: 6 დაუვიწყარი ქალი სილამაზის ინდუსტრიაში

0
880

ჩვენი სტატიის გმირები მართლაც ძალიან ძლიერი ქალბატონები გახლავთ. ამ შესანიშნავმა ქალებმა მოდის მათეული იმპერია შექმნეს და სილამაზის სამყაროში ნამდვილ ლეგენდებად იქცნენ. მათ დაამტკიცეს, რომ მყიფე გოგონას შეუძლია, ბიზნესის ნამდვილ ზვიგენად იქცეს, და გვაჩუქეს კოსმეტიკა, რომლის გარეშე დღეს კანის ყოველდღიური მოვლა წარმოუდგენელი იქნებოდა.

1. ლილიან ბეტანკური

ეჟენ შულერმა, ლეგენდარულ ლილიან ბეტანკურის მამამ, საფუძველი ჩაუყარა მცირე კოსმეტიკურ ბრენდ L`Oreal-ს, რომელშიც მოხერხებულმა გოგონამ 15 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ლილიანმა არამხოლოდ გააგრძელა მისი საქმე, არამედ L`Oreal-ი უზარმაზარ კოსმეტიკურ ბრენდად აქცია, რომელსაც დღემდე უდიდესი შემოსავალი მოაქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, გოგონას მემკვიდრეობით ერგო სახელგაფუჭებული კომპანია: მესიე შულერი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს აფინანსებდა, ამიტომ ლილიანს თავის სახელზე უარის თქმა მოუხდა! თუმცა, ბეტანკური სერიოზულად იყო განწყობილი, იგი კომპანიის მთავარ აქციონერად იქცა და თავად იღებდა მონაწილეობას კოსმეტიკის შემუშავების ტექნოლოგიურ პროცესებში, აგრეთვე, პროდუქციას საკუთარ თავზე ცდიდა. რკინის ქალბატონის შრომა წყალში არ ჩაყრილა: ლილიანი სიკვდილამდე მსოფლიოში ყველაზე მდიდარ და გავლენიან ქალად ითველბოდა, რომლის ქონება 30 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.

2. ესთე ლაუდერი

ცნობილი ესთე ლაუდერი ემიგრანტების ოჯახში რვიდან ერთ-ერთი ბავშვი იყო. იგი ქვინსში, ნიუ-იორკის ქალაქგარეთ ცხოვრობდა. კოსმეტოლოგიითა და დერმატოლოგიით ესთე ძალიან პატარა ასაკში დაინტერესდა – ბიძამისი ექიმ-დერმატოლოგი იყო, გოგონას კი უყვარდა დროის მის კაბინეტში გატარება და აკვირდებოდა პაციენტების კონსულტაციას. ჯერ კიდევ ბავშვობაში, იგი ცდილობდა თავისი კრემების მოფიქრებას, ურევდა სხვადასხვა ინგრედიენტს, რომლებსაც სამზარეულოში პოულობდა.

მისი ცხოვრება დაქორწინების შემდეგ შეიცვალა: ქმარი ჯოზეფ ლაუდერი ესთეს საყრდენად და თანამოაზრედ იქცა. მათ ერთად გახსნეს მცირე ქარხანა, ღამით კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებდნენ, დილით კი თავად ჰყიდდნენ. ესთეს, სამედიცინო ცოდნის გარდა, მეწარმის ნიჭიც აღმოაჩნდა. მან, მაგალითად, პირველმა მოიფიქრა ასეთი მარკეტინგული ხრიკი: გოგონებს, შენაძენთან ერთად, საჩუქრებსაც ატანდა. თავისი ელვისსისწრაფით განვითარებად ბიზნესს თავიდან ბოლომდე თვითონ აკონტროლებდა: მაშინაც კი, როცა უკვე ცნობილი და მდიდარი იყო, იგი აგრძელებდა კლიენტებთან ტელეფონით კონსულტაციას, ხანდახან კი თავად დგებოდა ნიუ-იორკის მაღაზიის დახლთან. მანვე მოიფიქრა ლურჯი შეფუთვის დიზაინი. იგი ფიქრობდა, რომ სწორედ ეს ფერი გამოიყურება კარგად ნებისმიერ სააბაზანოში.

ასე გამოიმუშავა ესთემ მრავალმილიონიანი ქონება, აყვავებული ბიზნესი კი თავის ვაჟს გადასცა. სხვათა შორის, ლაუდერმა დიდხანს იცოცხლა – 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

3. ელიზაბეთ არდენი

მომავალი ბიზნეს-ლედისა და კოსმეტოლოგის, ელიზაბეთ არდენის ბავშვობა რთული იყო: დედა ადრე გარდაეცვალა, მამას კი დღიდან დღემდე ძლივს გაჰქონდა ოჯახი, ტორონტოში ბოსტნეულის გაყიდვით. პატარა ელიზაბეთი მამას მუშაობაში ეხმარებოდა და, ხშირად, სკოლაში წასვლასაც კი ვერ ასწრებდა. როცა გოგონა წამოიზარდა, გადაწყვიტა, მედდა გამხდარიყო და სწორედ სამედიცინო კურსებზე დაინტერესდა კოსმეტოლოგიით. საავადმყოფოში მუშაობისგან თავისუფალ დროს, არდენმა თავისი პირველი ცდები დაიწყო: იგი ურევდა კრემების ინგრედიენტებს, როცა შენიშნა, თუ როგორ გავლენას ახდენდა კვერცხის ცილა კანის სიმკვრივეზე. ეს მისი პირველი, მცირე აღმოჩენა იყო.

მალე ელიზაბეთი ნიუ-იორკში გადავიდა და გადაწყვიტა, გამდიდრებულიყო, რადაც არ უნდა დაჯდომოდა. მან საკმაოდ დიდი თანხა ისესხა და მდიდარი ქალებისთვის რესპექტაბელური სალონი გახსნა, რომელშიც თავის საავტორო კოსმეტიკას ჰყიდდა. საქმე კარგად წავიდა! სწორედ ელიზაბეთი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ქალებს არამხოლოდ სახის, არამედ ტანის კანის მოვლაც შესთავაზა, მოიფიქრა ლოსიონები და გამწმენდი საშუალებები. ამასთან, ელიზაბეთმა ნამდვილი რევოლუცია მოაწყო, როცა აშშ-ში პირველი სპა-სალონი გახსნა, რომელიც უზომო პოპულარობით სარგებლობდა მდიდარ ქალებს შორის. არდენმა 88 წლამდე იცოცხლა და 11 მლნ დოლარის ქონებას ფლობდა.

4. სოლანჟ დესიმული

ბრენდ Decleor-ის დამფუძნებლის, სოლანჟ დესიმულის ისტორია მართლაც შთამაგონებელია! იგი დიდხანს მუშაობდა კოსმეტოლოგად, ამავდროულად, დაინტერესებული იყო უახლოესი ტექნოლოგიებით თავის მოვლის კოსმეტიკის შექმნის სფეროში. 1974 წელს, მან საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ამისკენ მას ნაოჭმა უბიძგა. დიახ! 30 წლის ასაკში, კოსმეტოლოგმა სახეზე შენიშნა ნაოჭი, რომელიც მას მოსვენებას არ აძლევდა. ჰოდა სოლანჟმა გადაწყვიტა, თავად შეექმნა იდეალური კრემი, რომელიც ასაკთან ბრძოლაში დაეხმარებოდა.

მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კოსმეტიკის დამზადება ეთერზეთებზე. ეს ახლაა ტრენდი, თორემ მაშინ სიახლე იყო. დესიმული ინგრედიენტებს მთელი მსოფლიოდან ყიდულობდა, ურევდა და ცდებს ატარებდა. ასე იქცა პატარა Decleor-ი მსხვილ კომპანიად, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდა ცნობილი.

5. ბობი ბრაუნი

ვიზაჟისტი ბობი ბრაუნი 58 წლის ასაკში უკვე ცოცხალ ლეგენდად ითვლება! ოდესღაც, ბობიმ ბოსტონის სამხატვრო კოლეჯი დაამთავრა და თეატრის გრიმიორის დიპლომი აიღო. მას გრიმის მსგავსი მაკიაჟი არასდროს მოსწონდა, ამიტომ ახალგაზრდა ბობი ნიუ-იორკში გადასახლდა და ვიზაჟისტობას მიჰყო ხელი, თავის კლიენტებს კი მუდმივად მოუწოდებდა ბუნებიობისკენ. 1991 წელს, მან გადაწყვიტა, რომ არსებული კოსმეტიკა არ იყო საკმარისი, და თავისი – იდეალურის შექმნა გადაწყვიტა. მეგობარ ქიმიკოსთან ერთად, მან ტუჩსაცხების მცირე ხაზი გამოუშვა, რითაც ბრენდ Bobbi Brown-ს საფუძველი ჩაეყარა.

პირველმა ხაზმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და ბობის ვიზაჟისტად იწვევდნენ ცნობილი ჟურნალებსა და მოდის ჩვენებებში, მან კი, ამავდროულად, თავისი ბიზნესი განავითარა და სავაჭრო ნიშანი Bobbi Brown-ი გაადიდა. 2016 წელს ვიზაჟისტმა საკუთარი ბრენდი Estée Lauder-ს დაუტოვა (ამ კომპანიამ ბობის ნიშანი 1995 წელს შეისყიდა). გარდა ამისა, ბრაუნი ყოველთვის იყო დაკავებული გოგნების განათლებით: იგი დღემდე ატარებს მასტერ-კლასებს, გამოსცა რამდენიმე წიგნი, რომლებშიც მრავალი ხრიკი და თავისი საიდუმლო ეშმაკობები გაანდო ხალხს.

6. პეთ მაკგრათი

გასაოცარი ქალი, ვიზაჟისტი პეთ მაკგრათი თავის სფეროში ყველაზე გავლენიანი ქალია. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პეთს არ აქვს სპეციალური განათლება, იგი აბსოლუტურად თვითნასწავლია და ამტკიცებს, რომ დედის წყალობით დაინტერესდა კოსმეტიკით, მოდისა და სილამაზის სფეროთი. პეთმა კარიერა ჟურნალ I-D-ში დაიწყო, სადაც ყველას აოცებდა თავისი უნარით, ერთმანეთისთვის შეეხამებინა ფერები და ტექსტურები.

დღეს პეთთან მოხვედრა დაუჯერებლად რთულია, სწორედ ის ქმნის Dolce & Gabbana-სა და Dior-ის სარეკლამო კამპანიებისთვის საკულტო ლუქებს, ისვე უკეთებს მაკიაჟს მოდელებს Louis Vuitton-ის, Prada-ს, Miu Miu-ს, Balenciaga-ს და სხვა ბრენდების უმნიშვნელოვანეს ჩვენებებზე. ამერიკულმა Vogue-მა კი მაკგრათს სილამაზის თანამედროვე ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება უწოდა, თანაც სამართლიანად – მისი შრომა ხომ არამხოლოდ მაკიაჟი, არამედ უმაღლესი ხელოვნებაა.

ახლა პეთს საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი Pat McGrath Labs-ი აქვს, რომელიც დაუჯერებელი წარმატებით სარგებლობს ბიუთიჰოლიკებს შორის. ყველაფერი კი ოქროსფერი პიგმენტით დაიწყო! ახლა სავაჭრო ნიშნის ხაზში სახის კოსმეტიკა, ჩრდილების პალეტები, წამწამების ტუში, ტუჩსაცხები თუ ლაინერებია. ყველაფერი საკმაოდ ძვირია, თუმცა, ეს პეთის გულშემატკივრებს ვერ აკავებს.