
ფრანგული ელეგანტურობა – ესაა სილამაზის, სექსუალურობისა და მოდურობის უნარი, თანაც ისე, თითქოს, ამისთვის არავითარი ძალისხმევა არ დაგიტანებიათ. Girl.ge-ის რედაქცია Dessange Paris-ის მაკიაჟის მასწავლებელს, ლორენ მარტინს, იმის გასაგებად დაუკავშირდა, თუ რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო.
1. გამოიყენეთ შრატი და დამატენიანებელი კრემი მაკიაჟის გაკეთებამდე

“თქვენი კანი შიგნიდან რომ ბრწყინავდეს, ფენებად ტონალური კრემი კი არ უნდა დაიტანოთ, არამედ ხარისხიანად მოამზადოთ იგი მაკიაჟისთვის. მაშინ, შესაძლოა, ტონალური საერთოდ აღარც დაგჭირდეთ. მე ყოველთვის სამ ნაბიჯს ვდგამ, სანამ უშუალოდ მაკიაჟის გაკეთებას შევუდგები:
- თვალქვეშ ქუთუთოების კრემს ვისვამ, თვალთან არც ისე ახლოს. მას წარბქვეშ ძვალზეც ვისვამ. შემდეგ მსუბუქად ვიზელ კრემიან ადგილებს, კანს თითების ბალიშებს ვურტყამ 10-20 წამის განმავლობაში. გახსოვდეთ: უშუალოდ თვალქვეშ და ზედა ქუთუთოზე კრემის წასმა საჭირო არაა.
- შემდეგ, მთელ სახეზე წაისვით შრატი და ისევ მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ: თითის ბოლოებით გადაანაწილეთ შრატი სახის შუაგულიდან პერიფერიებისკენ. მასაჟი კანს ამკვრივებს და კანის ფერს დაუყოვნებლივ აუმჯობესებს.
- ბოლო მოსამზადებელი ეტაპი – დღის ნაკლებად ცხიმიანი კრემი, რომელიც ნებისმიერ ფუძესა და პრაიმერზე უკეთ იმუშავებს. კანი დატენიანდება, მას მომდევნო მაკიაჟით ვერ დააზიანებთ, თავად კრემი კი უზრუნველყოფს კოსმეტიკის უკეთ მოჭიდებასა და მაკიაჟის ხანგრძლივობას.
2. პუდრის წასმის საიდუმლო

პუდრა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია. ყოველდღიური შეღებვისთვის შეგიძლიათ, საერთოდ არ გამოიყენოთ ტონალური, უბრალოდ სახე ოდნავ გაიპუდროთ. თუმცა, პუდრის გამოყენებისას ყველაზე მთავარია, არ გადააჭარბოთ მისი გამოყენებით! პატარა საიდუმლოს გაგანდობთ: აიღეთ ფუმფულა ფუნჯი, უხვად ამოავლეთ პუდრაში, შემდეგ კი “გააშრეთ” ხელსახოცით ფუნჯი! ზედმეტი პუდრა მასზე გადავა, კანზე კი ზედმეტს არაფერს წაისვამთ: საფარი იდეალურად თხელი, თითქმის გამჭვირვალე გამოვა.
3. კონსილერის სწორად წასმის ხელოვნება
კონსილერის გამოყენების 2 გზა არსებობს: მისი წასმა შეიძლება თვალების შეღებვამდე და ამის შემდეგ. პირველი ვარიანტი იდეალურია, თუ მუქი ჩრდილების გამოყენებას და მათ ინტენსიურად წასმას არ აპირებთ. მაგალითად, თუ მხოლოდ ფანქარი და ტუში გაქვთ – თვალქვეშ არაფერი დაიყრება და კონსილერის საფარს არ დააზიანებს.
გირჩევთ, იგი მაინც ფუნჯით წაისვათ და არა თითებით – ეს უნდა გააკეთოთ პულსირებადი და არა გადასმითი მოძრაობებით. მას შემდეგ, რაც კონსილერს თვალქვეშ თანაბრად გადაანაწილებთ, ოდნავ გაიპუდრეთ ეს მონაკვეთი – ელვარების მოსაშორებლად და მაკიაჟის გასახანგრძლივებლად.
თუ, მაგალითად, გაკვამლული თვალების გაკეთება გსურთ მუქი ჩრდილებით, არსებობს იმის რისკი, რომ კოსმეტიკა ჩამოიყრება – სუფთა კანიდან ზედმეტი ფხვნილის მოშორება უფრო მარტივია. ამ შემთხვევაში, კონსილერი წაისვით მას შემდეგ, რაც თვალის მაკიაჟს დაასრულებთ.
4. აირჩიეთ მხოლოდ მშვიდი ფერები

ფრანგ გოგონებს არ უყვართ მკვეთრი მაკიაჟი. ჩემი პარიზელი კლიენტები ყოველთვის მაფრთხილებენ: “მკვეთრი არ იყოს!”, აი, საქართველოში, პირიქით, თითქმის ყველა კლიენტმა მთხოვა სმოუქის გაკეთება, თანაც მკვეთრი ფერებით. ასეთი საინტერესო განსხვავებაა ჩვენ შორის.
მე თვითონაც მშვიდი, ბუნებრივი და ხორცისფერი ფერების მომხრე ვარ ფრანგული სტილის მაკიაჟისთვის. თუ საუბარია ჩრდილებზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგულდაგულოდ გადანაწილება: ეს მაკიაჟს მაქსიმალურად ბუნებრივ იერს აძლევს. გადანაწილებისთვის გირჩევთ “ჩინური ფუნჯის” შეძენას – ესაა ფუმფულა ფუნჯი წაწვეტებული დაბოლოებით. ვერ წარმოვიდგენ, მის გარეშე როგორ ვიმუშავებდი.
5. გამოიყენეთ სანთებელა და ფანქარი თვალის იდეალური მაკიაჟისთვის

ხანდახან, მე ძალიან მომწონს თვალის მოხატვა ფანქრით და წამწამების შეღებვა ტუშით – ეს იდეალური მინიმუმია! თვალის ლორწოვანი ლამაზად რომ შეიღებოს, დაიმახსოვრეთ ერთი მარტივი ხრიკი ფრანგული მაკიაჟისთვის: რბილი შავი ფანქარი რამდენიმე წუთით გააჩერეთ სანთებლის ცეცხლზე. მაშინ გრიფელი დარბილდება და მომყოლი გახდება, ეს ძალიან მოსახერხებელია. ამიტომ, ჩემს კოსმეტიკის ჩანთაში ყოველთვის იპოვით სანთებელას.
6. წარბების შეღებვის სწორი ტექნიკა

წარბი მაკიაჟის ფუძეა, იგი მას ამთლიანებს და სრულყოფს. პირადად მე, უპირატესობას ვანიჭებ წარბების მუქი ჩრდილებით შეღებვას, თუმცა, ფანქრის გამოყენებაც შეიძლება.
ჩემი საიდუმლო იდეალური წარბებისთვის ასეთია: პირველ რიგში, თმის ღერები დაივარცხნეთ ქვემოთ – ასე მათი ზრდის ზოლს კარგად დაინახავთ. ეს ზოლი ფრთხილად შეიღებეთ ჩრდილებით. გამოიყენეთ თხელი, კონუსური ფუნჯი. შემდეგ უბრალოდ დააბრუნეთ თმები “ადგილზე”, ზემოთ აივარცხნეთ. შედეგი გაამყარეთ გამჭვირვალე გელით. მზადაა!
7. წაისვით ფერ-უმარილი ფენებად

მსუბუქი ფერ-უმარილი ნებისმიერი მაკიაჟის ბოლო შტრიხია. აქ საკვანძო სიტყვაა “მსუბუქი”, იგი არ უნდა იყოს ზედმეტად შესამჩნევი, უბრალოდ სახის ფერს მსუბუქად უნდა ასწორებდეს. მე უპირატესობას მშრალ ფერ-უმარილს ვანიჭებ და მას ფენებად ვისვამ, ინტენსიურობა რომ დავარეგულიროთ.
აიღეთ სპეციალური ფუნჯი და ამოუსვით ფხვნილში. ზედმეტი ჩამოაშორეთ ხელსახოცით, როგორც პუდრის შემთხვევაში. ფუნჯზე ცოტა ფხვნილი დარჩება, წაისვით პირველი ფენა ლოყებზე. თუ არასაკმარისად გეჩვენებათ, გაიმეორეთ პროცედურა 2-3-ჯერ.
საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ, როცა ფერ-უმარილს ასე ისვამთ, რთულია ზედმეტის წასმა, ფერის ზედმეტად გაინტენსივება. აი, თუ ფუნჯზე ბევრი ფხვნილი იქნება, სახიდან ზედმეტების მოშორება გაგიჭირდებათ.”