შეუდარებლად ლამაზი: როგორ და რატომ უნდა შეწყვიტოთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება

0
756
photo credit: Getty Images

ადრე ვფიქრობდი, რომ დამოუკიდებლობაა საცხოვრებლად და დასასვენებლად ფულის შოვნა, კვერცხის შეწვა სახლის გადაწვის გარეშე და ოფისში დროულად მისვლა. აღმოჩნდა, რომ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი თავი ნინა ბარანოვას აღარ შევადარო.

ბარანოვა და კაზლოვა

უკვე პირველი კლასიდან მე და ნინამ მეგობრობა–მეტოქეობა დავიწყეთ. ვინ უფრო ლამაზად წერს? ვინ უფრო სუფთად წმენდს დაფას? ვინ მიიღო უფრო მეტი ვარსკვლავი საკლასო მუშაობისთვის? ორივე კარგი მოსწავლე ვიყავით და ორივე ჩვენი მასწავლებლის, ლუდმილას სიყვარულზე პრეტენზიას გამოვთქვამდით.

„დღეს ბარანოვა უფრო მიყვარს, მან „მასწავლებლის დღიური“ ლამაზად შეინახა“ – არაპედაგოგიურად აღნიშნავდა ლუდმილა და სეირნობისას ნინა მასწავლებელთან ხელჩაკიდებული მიდიოდა, დანარჩენი – მხოლოდ კლასელებთან წყვილში.

ნინა და ანტონინა

უნდა ითქვას, რომ ნინა ამ სოციალური შედარებით სიამოვნებას იღებდა, მე კი ვიტანჯებოდი. კონკურენცია საერთოდ არ მიყვარს. სკოლაში ვერ ვიტანდი რბოლას, კითხვის კონკურსებს და საზეიმო ხაზებს, სადაც ზოგს აქებდნენ, ზოგს კი საყვედურობდნენ. დღემდე არ ვმონაწილეობ თიმბილდინგში, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებიან, არ ვუყურებ ოლიმპიადას. ფეხბურთის ჩემპიონატს მაინც ვუყურებ, მაგრამ საჯარიმოს დროს სხვა ოთახში გავდივარ – ნერვები არ მყოფნის. ადრენალინისგან ფიზიკურად ცუდად ვარ. ლუდმილას გამო მორალურად გაუსაძლისი გახდა. სხვა ინოვაციურ სკოლაში გადავედი, სადაც ბავშვებს საჯაროდ არ საყვედურობდნენ.

ჩვევის გამო ბარანოვას მაინც დღემდე ვეჯიბრები. პერიოდულად სოციალურ ქსელში შევდივარ, რომ ვნახო, მისი საქმე როგორაა. თუ ლეოპარდის პრინტის შარვლით, ხელოვნური წამწამებით და დაგრძელებული თმით ვიმსჯელებთ, ნინამ ფსონი სილამაზე დადო. აქ, ვერ გავეჯიბრები – ვმშვიდდები და ჩემს საქმეს ვიწყებ. მალე ბნელი ძალა კვლავ სოციალური ქსელისკენ მიბიძგებს.

ქერა და კურდღელი

ამბობენ, რომ კიდევ მარტივად გამოვძვერი. დაფიქრდით, ამდენი წლის განმავლობაში ბარანოვა ერთადერთი ოფიციალური კონკურენტია. სხვებს უფრო უჭირთ. მაგალითად, როცა მშობლები მთელი ბავშვობა ვიღაცას გადარებთ. დედა და მამინაცვალი ასე არასდროს იქცეოდნენ. მე და ჩემმა დამ ვიცოდით, რომ ის უკეთ კითხულობს და ხატავს, მე კი კარგად ვწერ და თარიღებს ვიმახსოვრებ, მაგრამ ამ ინფორმაციას ერთმანეთის დასახმარებლად ვიყენებდით. ის სახვითი ხელოვნებისთვის ზამთრის პეიზაჟს მიხატავდა, მე კი ანდრეი ბოლკონსკის შესახებ ესეს ვუწერდი. შესაშური რეგულარულობით ვხვდებოდი გოგოებს, რომლებიც ცდილობდნენ ჩემთან მეგობრობა–მეტოქეობის დაწყებას – სკოლაში, უნივერსიტეტში და სამსახურში.

მათ ვეწინააღმდეგებოდი და ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებდი, ისინი ბრაზდებოდნენ ან დაჟინებით მოითხოვდნენ. ყოველთვის მაინტერესებდა, თუ საიდან გაჩნდა ეს მათში ან რით შემეძლო მათი დახმარება. სხვათა შორის, ყველა გოგო ჭკვიანი, ლამაზი, ნიჭიერი და მოთხოვნადი იყო. მაგალითად, გულახდილი საუბრის ამბობდნენ შემდეგს: „მჭირდება, რომ ვინმემ შემაქოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან სიამოვნებას ვერ ვიღებ“.

ან „როცა ფეისბუქზე ვიღაცის მიღწევების შესახებ ვკითხულობ, გუნება მიფუჭდება, თუნდაც ყველაფერი კარგად იყოს. მე 3 კგ დავიკელი, მან 5 კგ!“ აი, კიდევ ერთი: „დედა დღემდე მეზობლის ქალიშვილზე ირინაზე მიყვება, რომელიც ხან თხოვდება, ხან ბინას ყიდულობს, ხან შორდება, ხან ქმარს ბინის გამო უშივის და ყოველთვის სუპერგენიალური და ჩემზე უკეთესია! 30 წლის ვარ, მეცნიერებათა კანდიდატი, ტყუპების დედა და უბრალოდ საოცარი ქმარი მყავს, მაგრამ განა დაუმტკიცებ?“

და ბოლოს, ასეთი რამ მოვისმინე: „დღეს ჩემთვის სრულად უსარგებლო ანგორას კურდღელი შევიძინე, მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზ, გამხდარ ქერას არ შეხვედროდა, რომელიც ასევე მას უყურებდა. ვზივარ სამზარეულოში, ვკითხულობ, ჩემი თავი მძულს“.

რაში სჭირდება ხალხს სხვისი კურდღელი? განა ეს პრობლემას მოაგვარებს? ჩემი აზრით, ასეთი დამოკიდებულებით ფსიქოლოგს უნდა მიმართონ.

შინაგანი „მე“ და იუნგი

ჩემს საყვარელ ფსიქოლოგს ნელი იაკიმოვას მივმართე. „განსხვავების დანახვა ჩვენი ბუნებრივი თვისებაა, – დამამშვიდა სპეციალისტმა, – განსხვავებას პატარა ბავშვებიც ხედავენ. დედა დიდია, მე პატარა, მამა მანქანას ატარებს, მე მისით მივდივარ და ა.შ. ასეთი სახის შედარებაში ცუდი არაფერია. პირიქით, ბავშვს საკუთარი მეს, შესაძლებლობების და შეზღუდვების გაცნობიერებაში ეხმარება. შედარება მავნე ხდება, როცა შედარებას შეფასებას უმატებენ: „ქეთი ბებიას უსმენს, შენ ხულიგანი ხარ“, „მაშა კარგი მოსწავლე, შენ კი, ეჰ“! და მსგავსი. მაშინაც კი, თუ შედარება თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება, შედეგი იგივე: სწავლობთ, რომ არსებობს ერთგვარი სკალა, სადაც რაც შეიძლება საპატიო ადგილი უნდა დაიკავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ შეგიყვარებს.

საშიშია, არა?

ასეთი დოგმები უბრალოდ არ ქრება. თითქმის მთელი ცხოვრება გვიწევს კრიტიკის ხმის მოსმენა და ცდა, ცდა: შედარება, თვითსრულყოფილება. ხალხი კი უფრო მეტია და უქმოდ არ ჩერდებიან: ზოგი ოქროს მედალს იღებს, ზოგი „ოსკარს“. ყოველთვის იპოვით იმას, ვინც რაღაცაში გაჯობებთ. შედეგად, ყოველთვის გაღიზიანებული, განაწყენებული, იმედგაცრუებული ხართ და მხოლოდ იმას ცდილობთ, რომ ვიღაც სხვა გახდეთ, საკუთარი „მეს“ პოვნას არ ცდილობთ. როგორ გავჩერდეთ? როგორ დავიბრუნოთ ნამდვილი და უნიკალური მე? კარლ გუსტავ იუნგი დარწმუნებული იყო, რომ თითოეულ ადამიანში უნივერსალური თვისებები და შესაძლებლობები ერთ და განუმეორებელ სურათს ქმნის. ორ, ერთნაირი ფსიქოლოგიური სტრუქტურის ადამიანს ვერ იპოვით, როგორც იდენტურ თითის ანაბეჭდს. იუნგი საკუთარი უნიკალურობის თანდათანობით გაცნობიერების პროცესს  რთული სიტყვა „ინდივიდუაცია“ უწოდა. თავისი არსით, ესაა შინაგანი მესკენ მიმავალი გზა, რომლისკენ სვლა ბუნებრივი პროცესია.

ამ გზაზე შეიძლება დაბრკოლებები შეგვხვდეს. თავიდან მოლოდინების, მოთხოვნების და სტერეოტიპების სახთ, რომელთაც თანდათანობით საკუთარი სურვილებით და ღირებულებებით ვცვლით. შემდეგ საკუთარ აჩრდილთან დამეგობრება გველოდება – იმ თვისებებთან და ბნელ ხასიათთან, რომელსაც საკუთარ თავში არ ვიღებთ. მათ აღიარება, „ათვისება“ სჭირდება და ხელს აღარ შეგიშლიან. ამის შემდეგ თქვენს ანიმუსთან ან ანიმასთან შეხვედრა მოგიწევთ – სულის განსახიერება ქალის (მამაკაცის) ფსიქიკაში. როცა ბოლო ცდუნებას დაძლევთ, ბრძენი გახდებით, რომელმაც ყველაფერი გააცნობიერა და ყველაფერი იცის, შეგიძლიათ თქვენი მეობის რეალიზაციას მიაღწიოთ – პიროვნების და უნიკალურობის საფუძველი.

როგორც იუნგი წერდა „შინაგანი „მეს“ პოვნა ჩვენი ცხოვრების მიზანია, რადგან ეს მეტნაკლებად სრული გამოხატულებაა წინასწარმეტყველური კომბინაციის, რომელსაც ჩვენ ინდივიდუალობას ვუწოდებთ“.

კაფე და კარადა

გასაგებია, რომ საკუთარი მესკენ მიმავალი გზა ადვილი არაა, მაგრამ უნდა დაიწყოთ. რით დავიწყოთ? „მნიშვნელოვანია საკუთარი თავი გაიცნოთ, საკუთარ „მესთან“ კონტაქტი დაამყაროთ და თანდათან მშობლების შეტყობინებებისა და საზოგადოებრივი სტრეოტიპებისგან გათავისუფლდეთ“ – ამბობს ფსიქოლოგი. საკუთარ თავთან კარგი კონტაქტით ეს დოგმები თავისით ქრება, როგორც ფურცლები. კონტაქტის დასამყარებლად საუკეთესო გზა დაკვირვებაა. საკუთარი თავი უნდა შეისწავლოთ, გრძნობებს, ფიქრებს, სურვილებს, შეგრძნებებს ყურადღება უნდა მიაქციოთ, არ გააკონტროლოთ, გააკრიტიკოთ ან შეცვალოთ. ამოცანის გასამარტივებლად, ხშირად დასვით კითხვები: ახლა რას ვაკეთებ? რას ვგრძნობ? რა გრძნობები მაქვს შიგნით? ახლა რაზე ვფიქრობ? ამ წამს რა მსურს? რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი? ვფიქრობ იმის გაგრძელებას, რასაც ვაკეთებ, თუ რაიმეს შეცვლის მოთხოვნილება მაქვს?

შემდეგი ნაბიჯი საკუთარი „მეს“ დაბრუნებაა – იმის გაგება, თუ რა მოგწონთ, რა გიყვართ. მარტივით დაიწყეთ. მაგალითად, საკუთარ თავს უფრო მეტი არჩევანი მიეცით და ყოველჯერზე დაფიქრდით, თუ რა გსურთ, თუნდაც კაფეში საჭმლის შეკვეთისას ან ტანსაცმლის კარადაში შენახვისას. ჩაინიშნეთ, თუ როგორ აკეთებთ არჩევანს, რა გეხმარებათ ან ხელს გიშლით, როგორ იცვლება გრძნობები პროცესში. როცა ისწავლით წიწიბურას შეკვეთას „ცეზარის“ ნაცვლად და კლასიკური შარვლის ტარებას „ბოიფრენდების“ ნაცვლად, შეგიძლიათ უფრო რთულ არჩევანზე გადახვიდეთ, მაგალითად ეგზისტენციალურობამდე.

ერთ მშვენიერ დღეს მზად იქნებით იკითხოთ: „რა არის ჩემი მისია ამქვეყნად?“ და გულწრფელად უპასუხებთ ისე, რომ ქერათმიანი ქალი კურდღლიანად და ბარანოვას მსგავსი არ გაგახსენდეთ. მთავარი ფსიქოლოგიური პარადოქსი ისაა, რომ შეცვლას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როცა საკუთარ თავს ისეთს მიიღებთ, როგორიც ხართ. არა სხვებზე უკეთესი, არამედ უკეთესი – განსხვავება უკვე გასაგებია?