
„ხაჭოს ბალიშები“ საუკეთესოა, რაც სამზარეულოში დამემართა! ნაზი და სწრაფი პეროგი ხაჭოთი და ალუბლით – მისი მომზადება ზამთარში აუცილებლად უნდა სცადოთ. როცა გარეთ ცივა და თოვს, სახლში ლიმონიანი ჩაის დალევა და გემრიელი პეროგის მირთმევა ერთი დიდი სიამოვნებაა!
გაჩერდით, ფანჯარაში გაიხედეთ და შემდეგ ამ პეროგის ნაჭერი აიღეთ: კაკაოს არომატი, ნაზი ხაჭოს შიგთავსში ალუბლის მსუბუქი სიმჟავე იგრძენით. ამ მომენტში მხოლოდ თქვენ, პეროგის გემო და თოვლიანი დილა ან შუადღე ან საღამოა. შესაძლოა, ბედნიერება სწორედ ისაა, რომ წვრილმანებით გახარება შეძლოთ, როგორც ამას პატარა ბავშვები აკეთებენ.
ნაზი და სწრაფი ხაჭოს პეროგი
დღეს Girl.ge-ს რედაქცია გირჩევთ განცდები და შიშები დაივიწყოთ, ცუდზე არ ჩაიციკლოთ, უბრალოდ ეს შესანიშნავი ხაჭოს პეროგი ალუბლით მოამზადოთ. გემოს სიტყვებით აღწერა შეუძლებელია, უნდა სცადოთ!
ცომის ინგრედიენტები:
- 150 გრ ფქვილი
- 2 კვერცხი
- 3 ს/კ კაკაო
- 100 გრ შაქარი
- 7-8 გრ ვანილის შაქარი
- 50 მლ მცენარეული ზეთი
- 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 50-70 მლ რძე
- მწიკვი მარილი
- 100 გრ ალუბალი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 250 გრ ხაჭო
- 1 კვერცხი
- 2 ჩ/კ სახამებელი
- 50 გრ შაქარი
- 2 გრ ვანილი
- არაჟანი (აუცილებლობის შემთხვევაში)
მომზადება:
1. ცომის მოსამზადებლად მოსახერხებელ ჭურჭელში ფქვილი, კაკაო, ვანილის შაქარი, გამაფხვიერებელი და მარილი აურიეთ.
2. ღრმა თასში კვერცხი და შაქარი მყარ ქაფამდე ათქვიფეთ. ათქვეფა გააგრძელეთ და მცენარეული ზეთი და რძე დაუმატეთ. ორ ნაწილად მშრალი ნარევი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. არაჟნის მსგავსი ცომი უნდა მიიღოთ. თუ სქელი გამოვა, ცოტა რძე შეგიძლიათ დაუმატოთ.
3. შიგთავსისთვის ხაჭო, შაქარი, ვანილი, კვერცხი და სახამებელი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. თუ ხაჭო ცხიმიანი არაა, ცოტა არაჟანი დაუმატეთ. თუ ბლენდერი არ გაქვთ, ხაჭო საცერზე გახეხეთ. მოსახერხებელი რომ იყოს, ხაჭოს მასა საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ.
4. საცხობ ფორმას (მე მრგვალ ფორმას ვიყენებ, სჯობს კვადრატის ფორმის 20×20) პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ფორმის ძირზე ცომი დაასხით. ცომზე ალუბალი მოათავსეთ. მე გაყინული ალუბალი გამოვიყენე, ცომში დამატებამდე გავალღვე.
5. ახლა შიგთავსზე. იდეალურია, თუ საკონდიტრო ტომრით სხვადასხვა კვადრატებს ან რომბებს გააკეთებთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
მე გვიან ღამით გამოვაცხვე და კარადაში საკონდიტრო ტომრის ძებნა არ დამიწყია. უბრალოდ კოვზით ხაჭოს შიგთავსი ცომზე გადავიტანე, ბორცვის ფორმით. ხრიკი იმაშია, რომ იმ ადგილებში, სადაც ხაჭოა, ცომი ვარდება, ხოლო იქ, სადაც არაა, ამოდის, რადგან მასში გამაფხვიერებელია. შედეგად ცომის ბალიშებს მიიღებთ.
6. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ.
7. ესეც ასე, ნაზი და სწრაფი პეროგი ხაჭოთი და ალუბლით მზადაა. გემრიელად მიირთვით!
დარწმუნებული ვარ, რომ ნაზი და სწრაფი პეროგი ხაჭოთი და ალუბლით თქვენთვის ერთ–ერთი საყვარელი რეცეპტი გახდება. სხვათა შორის, ალუბლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცვი, ლურჯი მოცვი და მოცხარი. ზაფხულში უფრო მეტს გავყინავ და ასეც ვცდი.
ასევე შეგიძლიათ ცოტა დარიჩინი და ფორთოხლის ცედრა დაუმატოთ, ნამდვილად ზამთრულ დესერტს მიიღებთ!