
ჟაკეტი ჩვენი გარდერობის უცვლელი ნაწილი გახდა. მას ვიცვამთ ოფისში, საღამოს წვეულებაზე, ღონისძიებაზე, სეირნობის და მეგობრებთან არაფორმალური შეხვედრის დროს. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ამ სეზონის მოდურ ნაქსოვ ჟაკეტებს, რომლებიც ცივ სეზონზე ელეგანტური და საინტერესო სტილის შექმნაში დაგეხმარებათ.
ტრიკოტაჟი პოდიუმზე ერთ–ერთი მთავარი ტრენდი გახდა. დიზაინერებმა დაამტკიცეს, რომ ნაქსოვი კარდიგანი და კაბა ძველმოდური აღარაა. პოდიუმზე ტრიკოტაჟის კოსტუმების, შარვლების, კარდიგანების, სვიტერების, ქვედაბოლოების, პალტოების და ჩანთების ბევრ ვარიანტს შეხვდებით. დღეს ტრიკოტაჟის ჟაკეტებზე შევჩერდებით და გიამბობთ, თუ რომელ მოდელს უნდა მიაქციოთ და რას ერთად ატაროთ.
Missoni, შემოდგომა–ზამთარი 20/21
მოდის სახლი Missoni წარმოგიდგენთ თავისუფალ ნაქსოვ ჟაკეტს ბრენდისთვის დამახასიათებელი ჭრელი პრინტით. გვირჩევენ, რომ ის შიშველ ტანზე ორნამენტებიან ფართო შარვალთან და გადასაკიდ ჩანთასთან ერთად ვატაროთ. თქვენ შეგიძლიათ ლუქს ტყავის ქამარი და სქელი, ერთფერიანი როლინგი დაუმატოთ.
Chanel, შემოდგომა–ზამთარი 20/21
Chanel–ის ჩვენებაზე ვიხილეთ გრძელი ნაქსოვი ჟაკეტი, რომელიც მონოქრომული სტილის მთავარი დეტალი გახდა. მასთან შეგიძლიათ ჩაიცვათ ტრიკოტაჟის ფართო შარვალი ან ნახევრად მომდგარი საშუალო სიგრძის ქვედაბოლო. ლუქს შეგიძლიათ რომანტიკული შიფონის ბლუზი დაუმატოთ.
Altuzarra, შემოდგომა–ზამთარი 20/21
ბრენდი Altuzarra გირჩევთ ჩვეული კოსტუმი–ორეული ნაქსოვი კომპლექტით ჩაანაცვლოთ: დახვეწილი ჟაკეტით და ქვედაბოლოთი. ლუქი შეავსეთ გაფორმებული ქამრით, დახვეწილი ფეხსაცმლით და ლამაზი ჩანთით ან კლატჩით.
მოდური ნაქსოვი ჟაკეტები – 2021
& Other Stories, 366 ლარი
თავისუფლად ნაქსოვი ჟაკეტი ღილებით ქურთუკის და კარდიგანის შესანიშნავი ალტერნატივა გახდება. ეს მოდელი შეგიძლიათ თეთრ მაისურზე მოიცვათ, გრძელი, ფართო შარვალი და მასიური ბოტასები შეუხამოთ – მოდური, კომფორტული, ყოველდღიური ლუქი გამოგივათ. უფრო ელეგანტური სტილის შესაქმნელად ტყავის შარვალი, ჰაეროვანი ბაფთიანი ბლუზა და ცხვირიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი დაუმატეთ. თბილ ამინდში ტრიკოტაჟის ოვერსაიზი ჟაკეტი მოკლე ტოპთან, ჯინსის შარვალთან ან ქვედაბოლოსთან ელეგანტურად გამოიყურება.
Reclaimed Vintage, 133 ლარი
ამ სეზონზე მოდაშია მოკლე ჟაკეტები. მათ სკეპტიკურად ნუ უყურებთ: თუ მაღალწელიან ქვედაბოლოსთან ან შარვალთან ჩაიცვამთ, ფეხებს ვიზუალურად დააგრძელებთ, სიმაღლეს გაზრდით და სხეულს უფრო პროპორციულს გახდით. ყურადღება მიაქციეთ მოკლე ნაქსოვ ჟაკეტს არგაილის ზოლებით და გადმოწეული საყელოთი. ოფისში შეგიძლიათ მკაცრ ქვედაბოლო–ფანქართან და კლასიკურ ფეხსაცმელ–ნავთან ერთად ჩაიცვათ, ოფისის გარეთ – მაღალწელიან ჯინსთან და თასმებიან ბოტებთან ერთად. მის შიგნით თხელი როლინგი, ყელთან მომდგარი ტოპი ჩაიცვით ან უბრალოდ შიშველ სხეულზე ატარეთ, როგორც ჯემპერი.
Y.A.S, 281 ლარი
ყოველდღიური სტილის განახლებას კრემისფერი ან თეთრი ტრიკოტაჟის ჟაკეტით შეძლებთ. გთავაზობთ ელვა შესაკრავიან ნიმუშს, გადაწეული საყელოთი და ჯიბეებით. თუ მრავალფენიანი ლუქის შექმნა გსურთ, პერანგი, ტყავის შარვალი დაუმატეთ და ფეხსაცმელზე აქცენტი გააკეთეთ. ელეგანტური, ქალური სტილი რომ მიიღოთ, ჟაკეტს ნაქსოვი, საშუალოს სიგრძის კაბა და მაღალი ტყავის ჩექმა დაუმატეთ. სპორტული სტილის მოყვარულებს ვურჩევთ ნაქსოვ ჟაკეტს როლინგთან, შარვალ–ჯოგერთან და კრემისფერ ზამშის ჩექმებთან ერთად.
& Other Stories, 322 ლარი
ლავანდისფერი სეზონის ჰიტია. ის ნებისმიერ სტილს სინაზეს, რომანტიკას და სიმსუბუქეს მატებს. ცივი ამინდისთვის გირჩევთ პასტელური იასამნისფერი ნაქსოვი ჟაკეტი შეიძინოთ. მას ცისფერი ჯინსი და თეთრი, თასმებიანი ბოტები ან კრემისფერი შარვალი და ყავისფერი ტყავის ჩექმა დაუმატეთ. თუ გეშინიათ, რომ ზედმეტად „საღამურ“ სტილს შექმნით, ლავანდისფერ ჟაკეტს შეუხამეთ შავი ტყავის შარვალი ან ვინილის ქვედაბოლო და მასიური აქსესუარები.
Mango, 223 ლარი
თუ ექსკლუზიურ ვარიანტს ეძებთ გთავაზობთ შავი ფერის მოდელს უჩვეულო ღილებით. შეგიძლიათ ატაროთ შიშველ სხეულზე, ტოპის, ბანდოს ზემოთ. ასეთი ჟაკეტი ყოველდღიური, საქმიანი ან საღამოს წვეულებისთვის გამოგადგებათ. პირველ შემთხვევაში, ბაზურ ტოპთან, მაღალწელიან ჯინსთან და პატარა, რელიეფურ ტყავის ჩანთა–ბაგეტთან ერთად ჩაიცვით. ოფისისთვის როლინგი და ფართო, კლასიკური შარვალი შეუხამეთ, ხოლო წვეულებაზე ქვედაბოლო ბზინებით და აქცენტური აქსეუარები.
Wallis, 209 ლარი
ელეგანტური საქმიანი სტილის მოყვარულებს გამოადგება ტვიდის ჟაკეტი. კოკო შანელის კლასიკურ სტილს შექმნით, თუ ტვიდის ქვედაბოლოსთან და აბრეშუმის ბლუზთან ერთად ჩაიცვამთ. ჟაკეტი ფართო, ფრიალა შარვალს, პლესებიან საშუალო სიგრძის ქვედაბოლოს ან მკაცრ კაბას უხდება. ჟაკეტს დახვეწილი გულსაბნევი ან მსუბუქი აბრეშუმის შარფი დაუმატეთ. მოდური ქეჟუალ–სტილი რომ შექნათ ჟაკეტის შიგნით ბამბის პერანგი ჩაიცვით, დაუმატეთ სწორი ჯინსის შარვალი და კლასიკური ფეხსაცმელი–ნავი.
Mokko Brand, 310 ლარი
ტვიდის კიდევ ერთი ვარიანტი – უჯრედებიანი ჟაკეტი. ის ელეგანტურ, მაღალწელიან შარვალ პალაცოსთან და აბრეშუმის ბლუზთან ერთად მოდურ კომბინაციას ქმნის – ასე შეგიძლიათ ოფისში ან საქმიან შეხვედრაზე წახვიდეთ.
B.Style, 464 ლარი
პერანგისებრი ტრიკოტაჟის ჟაკეტი ყოველდღიური სტილის იდეალურ ნაწილს წარმოადგენს. შეგიძლიათ როლინგი და ჯინსი დაუმატოთ ან ტყავის შარვლით და სტრუქტურირებული პერანგით უფრო საინტერესო სტილი შექმნათ.