
მეტწილად, სწორედ ნებისყოფაზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა, სამსახურებრივი წარმატება, პირადი მიღწევები და ურთიერთობები. სწორედ ნებისყოფა გვეხმარება არც ისეთი სასიამოვნო საქმეებით დაკავებასა და ბოლომდე გაძლებაში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რესურსის მართვის სწავლა – განსაკუთრებით, საახალწლო არდადეგების შემდეგ. მოიკრიბეთ ნებისყოფა მუშტში, ფსიქოლოგ ოლგა აკიმოვას რჩევებით.
სასარგებლო პირობითი რეფლექსის შექმნა
ნებისყოფა იქ გვჭირდება, სადაც არაა მყისიერი ხილული შედეგები, შთამბეჭდავი ემოციები, პროცესისგან სიამოვნებას ვერ იღებთ, თუმცა, არსებობს საკმარისი მოტივაცია: მინდა, მქონდეს ჯანსაღი კბილები, ამიტომაც ვიწმენდ, მინდა, მქონდეს ჯანმრთელი სახსრები, ამიტომაც ვიცავ ჯანსაღ წონას, მინდა განათლების მიღება, ამიტომაც ვსწავლობ. თუმცა, რაც უფრო მეტია ცხოვრებაში ისეთი საქმე, რომელსაც ნებისყოფა სჭირდება, მით უფრო ნაკლები ძალა გვრჩება თითოეული მათგანის რეალიზებისთვის.
ფსიქოლოგების თქმით, ნებისყოფას უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. მისი გავარჯიშება არ ნიშნავს მისი რაოდენობის გაზრდას, არამედ იმ მოქმედებების შესრულებას, რომლებსაც სასარგებლოდ ვთვლით. ფაქტობრივად, იქმნება ახალი პირობითი რეფლექსი, რომელიც მანამდე არ იყო: მაგალითად, კბილების რეგულარული წმენდა.
“წარმოიდგინეთ ჭურჭელი, რომელიც ნებისყოფის ძალითაა სავსე. ყოველი საქმისთვის, რომელსაც არ მოაქვს წამიერი სიხარული, თუმცა გადაწყდა, რომ ასე უნდა მოიქცეთ და დაატანოთ ნებისყოფა, ამ ჭურჭლიდან ძალას ვხვრეპთ. ხან კოვზით, ხან მთელი თასით. ჩვენი ჭურჭელი თანდათან ცარიელდება. რაღაც მომენტში, მთლიანად დაიცლება. მაშინ გვიკვირს: ვერაფრით წავედი სპორტ-დარბაზში, ან ვერ ვუთხარი უარი ორცხობილას, ან ვერ წავედი ექიმთან.” – ამბობს აკიმოვა.
სად მიდის ნებისყოფის ძალა?
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ნებისყოფა იხარჯება იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც საკუთარ თავზე ვიღებთ, რაღაცის გამო. ეს საკუთარი არჩევანია, თუმცა, არც ისეთი სასიამოვნო: საკუთარი განათლება, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება, ბავშვებსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
“ყოველთვის მოიძებნება რაღაც, რისი გაკეთებაც ამ მომენტში არ გვინდა, თუმცა, ეს აუცილებელია სიცოცხლისთვის. მაგალითად, დღესასწაულების შემდეგ, ვამბობ, რომ აღარ შევჭამ ტკბილეულს. თუმცა, ახალი წლიდან მორჩენილ კანფეტებთან ერთად ჩაის დალევა ძალიან მინდა, მაღაზიაში წასვლა და რამის მომზადება კი საშინლად მეზარება. კაფეში წასვლაც კი არ მინდა – ამასაც ხომ მომზადება უნდა. რომ არ ვჭამო ის, რაც ხელთ მაქვს, და ვჭამო ის, რაც გემრიელი და სასარგებლო იქნება, ნებისყოფა მჭირდება. არჩევანი არსებობს, თუ ამისთვის ძალა გეყოფათ: ამ მოამზადოთ თავად, ან მოწესრიგდეთ და წახვიდეთ კაფეში. ხოლო, თუ ნებისყოფა რაღაცაზე უკვე ძალიან დიდი რაოდენობით დახარჯეთ, ჭურჭელში ძალა აღარ დარჩება. მაშინ, ნებისყოფის რეალიზაცია შეუძლებელი იქნება. ამ შემთხვევაში, ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს იმაში, რომ რაღაც არ გააკეთეთ, რაც გინდოდათ, ამისთვის, უბრალოდ ძალა აღარ გეყოთ.” – აღნიშნავს ფსიქოლოგი.
აგრეთვე, ნებისყოფის ძალა იხარჯება სხვის პასუხისმგებლობაზეც. მაგალითად, შეიძლება იმის გაკონტროლებაც, დანაყრდა თუ არა მოზარდი შვილი ან ქმარი – ზრდასრული ადამიანი, რომელიც სავსებით შრომისუნარიანია. ან, საკმარისად სუფთა და დაუთოებული ტანსაცმელი აცვიათ თუ არა. “ჰოდა, ასე გამოდის, რომ, თუ ცხოვრება ისე მოეწყო, რომ ბევრი პასუხისმგებლობა გაკისრიათ, ნებისყოფა იხარჯება და ჭურჭელიც იცლება, ამიტომ, საკუთარი თავისთვის ნებისყოფა საერთოდ აღარ რჩება.” – ამბობს სპეციალისტი.
როგორ გავავსოთ ჭურჭელი?
აუცილებელია, მისცეთ საკუთარ თავს მოდუნების დრო, მოაწყოთ უსაქმურობის დღე. “თუ პასუხისმგებლობა და დაძაბულობა არ გაკლიათ, საკუთარ თავს კი არ აძლევთ უსაქმურობისა და მოდუნების დროს, ამასთან, დიეტასაც იცავთ და თავს დარბაზში წასვლას აიძულებთ, შეიძლება ავადაც კი გახდეთ. ამას ფსიქოსომატიკა ეწოდება.” – დაამატა აკიმოვამ.
რაც შეეხება ნებისყოფის განაწილებას – აუცილებელია პრიორიტეტების განაწილება. რა არის გადარჩენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა. ეს კი მოიაზრებს საკუთარ სხეულზე ზრუნვას – კვებას, სპორტს, დასვენებას, მოდუნებას, საკუთარი ინტერესების დაცვას, ბედნიერებას. პრიორიტეტების განლაგების შემდეგ მიხვდებით, რა ფლანგავს თქვენს ნებისყოფას და როგორ აღმოფხვრათ პრობლემა.