
გხის (ან უბრალოდ გის) კარაქი – ესაა ძროხის წყალგამოცლილი, მოოქროსფრო კარაქი (ერბო), რომლის გამოყენებაც პირველად ინდოეთში დაიწყეს. მას ორი მთავარი თავისებურება აქვს: ჩვეულებრივი ერბოსგან განსხვავებით, გხი არ შეიცავს ლაქტოზას (ბევრს აქვს მასზე ალერგია), აგრეთვე, დიდხანს ინახება. სხვათა შორის, მეორე პუნქტის დასამტკიცებლად უნდა გადავიდეთ ძველ დროში, როცა აღმოსავლეთში ამ პროდუქტს თაობიდან თაობას გადასცემდნენ საჩუქრის სახით.
ბოლო წლებში, გხის შესახებ აიუვერდისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის შედეგად გაახსენდათ. ჩვენ ვკითხეთ ექსპერტებს – დიეტოლოგსა და აიუვერდის ექიმებს, თუ რამდენად სჯობს გხის კარაქი ჩვეულებრივ ერბოს, როგორ გამოვიყენოთ იგი სწორად და არსებობს თუ არა უკუჩვენებები.
ოლგა დეკერი – დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი
-“გხის კარაქი იგივე ერბოა, თუმცა, იგი ოდნავ განსხვავებულად მუშავდება: გხის უფრო მეტხანს ადნობენ. თუმცა, მის შემადგენლობაში ცხიმების რაოდენობა იმდენივეა, რამდენიც ჩვეულებრივ ერბოში: 30% მოდის ცხიმებზე, მათ შორის 15% კი უჯერი ცხიმებია. უნდა აღინიშნოს, რომ ნაღების კარაქში უფრო მეტი ცხიმია, ვიდრე ერბოსა და გხიში, ამიტომ, იგი ნაკლებად კალორიულია და, შესაბამისად, გახდომის მსურველებისთვის – უკეთესი. თუმცა, კერძების მომზადება უკეთესია გხიზე ან ერბოზე, რადგან პროცესში ეს ცხიმები ნაკლებ კანცეროგენს გამოიმუშავებს, შესაბამისად, ორგანიზმისთვის უფრო სასარგებლოა.”
-რატომ გვირჩევენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები მაინცდამაინც გხის?
–“ვფიქრობ, ბლოგერები გხის მხოლოდ აიუვერდას მოდაში შემოსვლისა და აღმოსავლური პროდუქტებისადმი საზოგადო ინტერესების გამო გვირჩევენ. ამასთან, ინტერნეტში ძალიან პოეტურად ჟღერს ყოველგვარი ეპითეტები და შედარებები: “თხევადი ოქრო, სასწაულმოქმედი საშუალება ინდოეთიდან…” მის სასარგებლოდ მოქმედებს ლაქტოზის არქონაც, რაც ახლა ძალიან პოპულარულია პროდუქტებში. თუმცა, მე, როგორც მომხმარებელი, რომელიც ვხედავ ნაჯერი ცხიმების მოხმარების ვარიაციებს, გეტყვით, რომ აუცილებელი არაა მხოლოდ გხის ან ჩვენთვის ჩვეული ერბოსა და კარაქის გამოყენება. ორგანიზმს სჭირდება ცხიმი ღორის ქონიდან, წითელი ხორციდან, თხილიდან, ავოკადოდან თუ სხვა პროდუქტებიდან. ხოლო, თუ საკვების მომზადებაზე ვსაუბრობთ, ჩემს კლიენტებს (თუ ლაქტოზაზე ალერგიულები არ არიან) ვურჩევ ჩვეულებრივი ერბოს გამოყენებას, გხის ნაცვლად. პირველ რიგში, იმიტომ, რომ იგი უფრო იაფია, მეორეც, გხისა და ერბოს შორის, სასარგებლო თვისებებში განსხვავება არ არსებობს.
-როგორ გამოვიყენოთ გხის კარაქი ან ერბო სწორად?
–“გხის კარაქის ან ჩვეულებრივი ერბოს გამოყენება მრავალფეროვანია: კულინარიაში მათი დამატება შეიძლება ცხელ კერძებში, შეიძლება მათზე რამის შეწვა. ზოგიერთი ერბოს ცალკეულ პროდუქტადაც მიირთმევს. ეს მისაღებია, თუმცა, სურვილისამებრ. პრინციპში, ეს კარაქები კერძებშიც არ კარგავს თვისებებს.
კარაქების გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად, უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ, რომ ცხიმების ერთადერთ წყაროდ კარაქი არ უნდა აქციოთ. ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, დაუმატეთ რაციონს ცხიმების სხვადასხვა წყარო. მათთვის, ვინც დიდ ყურადღებას აქცევს კვებას, აუცილებელია ცხიმების მოხმარების დღიური ნორმის დაცვაც. კონკრეტული ციფრი არ არსებობს – იგი დამოკიდებულია ასაკზე, წონასა და მიზნებზეც კი – იქნება ეს გახდომა, კუნთოვანი მასის მომატება თუ წონის შენარჩუნება. თუმცა, მაგალითად, 50-60 კგ ქალისთვის, რომელსაც წონის შენარჩუნება სურს, დღეში ცხიმების ნორმა 45 გრამს შეადგენს (შეგახსენებთ, იგი არამხოლოდ კარაქის, არამედ სხვა პროდუქტებისგანაც უნდა მიიღოთ!).”
–აქვს თუ არა ერბოს უკუჩვენებები?
ნაჯერი ცხიმების მოხმარება საშიში შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე ან ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებები აქვთ. აგრეთვე, ნუ გადაამეტებთ გხის ან ერბოს მოხმარებას, თუ სამედიცინო ჩვენებებით გჭირდებათ წონაში დაკლება. ამ შემთხვევაში, გამოიყენეთ კარაქი. შედარებისთვის: 100 გ კარაქზე მოდის დაახლოებით 80% ცხიმი, ამ რაოდენობის გხი კი 99% ცხიმს შეიცავს. რა თქმა უნდა, განსხვავება არც ისეთი დიდია, მაგრამ ნამდვილად არსებობს.
სხვა საქმეა, თუ გხის აიუვერდით ან ინდური კულტურით გატაცების გამო იყენებთ.
გხის კარაქი აიუვერდაში
მუჰამმედალი პალასერი – აიუვერდისა და იოგის ცენტრ “კერალის” მთავარი ექიმი, აიუვერდის დოქტორი.
–“გხის კარაქი ფართოდ გამოიყენება ინდური ხალხური მედიცინის სისტემაში. მას თერაპევტული თვისებები აქვს, აუმჯობესებს საკვების მონელებასა და ნაწლავის მიკროფლორას, აქრობს კანის სიმშრალის პრობლემას. აიუვერდაში იგი აუცილებელია განწმენდითი პროცედურისთვის (კერძოდ, პანჩაკარმის კურსისთვის): აუმჯობესებს აიუვერდული სამკურნალო პრეპარატების თვისებებს, ამიტომ მას ცხიმხსნადი სამკურნალო საშუალებების ფუძედ იყენებენ. გხის კარაქის მეშვეობით, სასარგებლო ნივთიერებები აღწევენ ორგანიხმის უჯრედებში და აჯანსაღებენ ადამიანს უჯრედულ დონეზე.
ჩვეულებრივ ცხოვრებაში, გხის მირთმევა საკვებში შეიძლება: ყოველდღიურად, მისი 1-2 ჩ.კ. დამატება შეიძლება ფაფებში, ბრინჯში, ღვეზელებში, ბოსტნეულის პიურეში, მასზე შეიძლება რამის შეწვაც. გარდა ამისა, ამ პროდუქტს სამკურნალოდაც იყენებენ: გხისა და მცირე რაოდენობით თაფლისა და თბილი რძის შერევით შესანიშნავი ხველის საწინააღმდეგო საშუალება მიიღება. თუმცა, გაციების მწვავე ფორმების (ძლიერი სურდოს, სველი ხველის და სხვ.) დროს, გამორიცხეთ გხის კარაქი.
თუმცა, ინდოეთში გხის გამოყენებით ყველაზე გავრცელებული კერძი მასალა-კიჩადის ბრინჯია. ქვემოთ იხილავთ მის რეცეპტს “კერალის” ცენტრის კაფე “უტტუპურას” შეფ-მზარეულისგან.
აიუვერდული რეცეპტი გხის კარაქით: მასალა-ჩიკადის ბრინჯი
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა წვრილად დაჭრილი ბოსტნეული (აირჩიეთ ყვავილოვანი კომბოსტო, კარტოფილი, ლობიო, სტაფილო, ბარდა ან სხვა);
- 1/2 ჭიქა ბასმატის ბრინჯი;
- 1/4 ჭიქა მწვანე მუნგის მარცვლები;
- 1/4 ჭიქა ყვითელი მუნგის მარცვლები;
- 3 ს.კ. გხის კარაქი;
- 1 ჩ.კ. კუმინის თესლი;
- 1 ჩ.კ. მდოგვის თესლი;
- 3-4 ც მიხაკი;
- 1 სმ დარიჩინის ჩხირი;
- 1 დაფნის ფოთოლი;
- 5-6 კარის ფოთოლი;
- 1 წვრილად დაჭრილი საშუალო თავი ხახვი;
- 7-8 წვრილად დაკეპილი ნივრის კბილი;
- 1 სმ წვრილად დანაყული ჯანჯაფილის ფესვი;
- 3 ჭიქა წყალი;
- 1 ჩ.კ. დაფქული კურკუმა;
- 1.5 ჩ.კ. დაფქული წიწაკა ჩილი;
- 1 ჩ.კ. დაფქული ქინძი;
- მარილი გემოვნებით;
- 1 ჩ.კ. გარამ მასალა;
- 2 ს.კ. დაჭრილი ქინძი.
მომზადება
1. გარეცხეთ ბრინჯი და მუნგი. დაადნეთ კარაქი ორთქლსახარშში, დაუმატეთ კუმინისა და მდოგვის თესლი. როცა თესლი შიშინს დაიწყებს, დაუმატეთ კარისა და დაფნის ფოთლები, ხახვი, ჯანჯაფილი, ნიორი, მიხაკი და დარიჩინი. მოურიეთ მიღებულ მასას.
2. როცა ხახვი ნახევრად გამჭვირვალე გახდება და არომატი გაჩნდება, დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული და მარილი. კარგად მოურიეთ, შუშეთ მასა ნელ ცეცხლზე.
3. დაუმატეთ დანარჩენი სუნელები: კურკუმა, ჩილი, გარამ მასალა და ქინძი. კარგად მოურიეთ და 3 ჭიქა წყალი დაუმატეთ. მოუმატეთ ცეცხლს.
4. როცა ყველაფერი ადუღდება, დაუმატეთ ჩალბობილი ბრინჯი და მუნგი. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ ქინძი. თუ საჭირო იქნება, დაუმატეთ მარილი.
5. დაახურეთ ორთქლსახარშს თავსახური და ხარშეთ კიჩადი 4-5 სტვენამდე. გამორთეთ გათბობა და დაუწიეთ წნევას მოწყობილობაში.
მიირთვით მასალა-კიჩადი ცხლად.