მწვალებელი შეუყვარდათ: სტოკჰოლმის სინდრომის ყველაზე ცნობილი მსხვერპლნი

0
731

სტოკჰოლმის სინდრომი ფსიქიკის დამცავი მექანიზმია: მსხვერპლის გაუცნობიერებელი სიმპათია გამტაცებლის, მტანჯველის ან მოძალადის მიმართ. ძლიერი ემოციური გავლენის ქვეშ მძევლები მწვალებლების მიმართ თანაგრძნობას განიცდიან და თავს „ერთ გუნდად“ გრძნობენ. Girl.ge–ს რედაქცია ამ სინდრომის ყველაზე ცნობილ მსხვერპლებზე გიამბობთ.

ბრიგიტონ ლუნდბერგი, კრისტინა ენმარკი, ელისაბეთ ოლდგრენი

ტერმინის „სტოკჰოლმის სინდრომის“ ავტორობას კრიმინალისტ ნილსონ ბეიერუტოს აწერენ, რომელიც 1973 წელს გატაცების უცნაურ სიტუაციას აანალიზებდა.

1973 წლის 23 აგვისტოს სტოკჰოლმის ცენტრში „კრედიტბანკში“ მამაკაცი მუქი სათვალით და პარიკით შევიდა. ხელში ავტომატი ეჭირა. ეს იან ერიკ ოლსონი იყო, ყოფილი პატიმარი, რომელიც ახლახანს ციხიდან გაიქცა. იმ მომენტში ბანკში თანამშრომლების გარდა არავინ იყო – 4 ქალი და 1 კაცი. რომელიღაც მათგანმა განგაშის ღილაკზე დაჭერა მოასწრო, მაგრამ ოლსონმა პოლიციელი დაჭრა და მძევლებთან ერთად ფულის საცავში დაიმალა. უკვე იქიდან თავისი მოთხოვნები წამოაყენა: 3 მლნ კრონის, იარაღის და ავტომობილის გარდა მისი მეგობრის და მესაკნის, კლარკ ულოფსონის (ბანკის მძარცველი) მოყვანა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების მოკვლით იმუქრებოდა.

რამდენიმე საათში პოლიციელებმა ბანკში ულოფსონი მოიყვანეს, ფული მოიტანეს და გასასვლელთან „ფორდი მუსტანგი“ დააყენეს, მაგრამ სიტუაცია არ იცვლებოდა: ხელისუფლება მძევლების გათავისუფლებას ითხოვდა, ოლსონს კი ეშინოდა, რომ დამალვის მცდელობისას დახვრეტდნენ. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

შედეგად, მძევლებმა მძარცველებთან ერთად 3×14 მ ფართობის ოთახში 5 დღე გაატარეს. მძევლების ბედს მთელი ქვეყანა აკვირდებოდა, თავად კი მძარცველებთან საერთო ენა გამონახეს: ერთმანეთს ცხოვრებისეულ ისტორიებს უყვებოდნენ, დროს თამაშში ატარებდნენ და განიხილავდნენ, თუ როგორ გამომძვრალიყვნენ ამ სიტუაციიდან საუკეთესოდ.

მოგვიანებით, მძევლები ამბობდნენ, რომ მძარცველები მათ მიმართ კეთილგანწყობილნი იყვნენ და როგორც შეეძლოთ ზრუნავდნენ: გაყინულ კრისტინ ულოფსონს თავისი ქურთუკი მისცა, ბრიგიტს, რომელმაც ახლობელთან დარეკვა ვერ შეძლო, ანუგეშებდა, ხოლო ელისაბეთს, რომელსაც კლაუსტროფობიული შეტევა ჰქონდა, საცავიდან სასეირნოდ გაუშვა – მართალია, თოკით. კრისტინმა შვედეთის პრემიერ მინისტრსაც კი დაურეკა და მათი გათავისუფლებაც სთხოვა, თან მათთან ერთად წასვლის სურვილიც გამოთქვა.

29 აგვისტოს პოლიციამ შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა და საცავში ცრემლსადენი გაზი გაუშვა. პირველად მძარცველები გამოვიდნენ, შემდეგ მძევლები. კართან ერთმანეთს გადაეხვივნენ და ხელი ჩამოართვეს. მოგვიანებით, ყოფილმა მძევლებმა ადვოკატებიც დაიქირავეს და სასამართლოში გამტაცებლებს იცავდნენ.  მათი თქმით პოლიციელების უფრო ეშინოდათ რომ შემთხვევით არ დაეხვრიტათ და არა გამტაცებლების, რომელთაც მათთვის არაფერი გაუკეთებიათ.

სასამართლოში ულოფსონის წინააღმდეგ ყველა ბრალდება გაუქმდა, რადგან შეძლო იმის დამტკიცება, რომ ოლსონს არ ეხმარებოდა, პირიქით, მძევლების დახმარებას ცდილობდა. გათავისუფლების შემდეგ კრისტინ ენმარკთან ურთიერთობა დიდხანს შეინარჩუნა.

იან ერიკ ოლსონი ციხეში 10 წლით ჩასვეს. მის სანახავად ბრიგიტი ხშირად მიდიოდა. გარდა ამისა, უამრავი გულშემატკივარი ქალიდან წერილებს იღებდა.

პატი ჰერსტი

1974 წლის თებერვალში პატი ჰერსტი, ამერიკელი მილიარდერის და გაზეთის მაგნატის რენდოლფ ჰერსტის ქალიშვილი, მემარცხენე რადიკალურმა ტერორისტულმა დაჯგუფებმა „სიმბიონიზმის გამათავისუფლები ჯარი“ გაიტაცა. გოგონა 2 თვე კარადაში ჩაკეტეს. პირველი რამდენიმე დღე პირში ჩვარჩადებული და თვალებახვეული გაატარა, ტუალეტშიც არ უშვებდნენ. სცემდნენ და აუპატიურებდნენ. გატაცების მიზანი არა გამოსასყიდი, არამედ მძევლის გაცვლა პოლიტიკური მკვლელობისთვის ნასამართლევი „ჯარის“ ორ წევრზე იყო.

ხელისუფლებამ პატიმრების გათავისუფლებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მაშინ გამტაცებლებმა ჰერსტის ოჯახს სხვა მოთხოვნა წაუყენეს – კალიფორნიის თითოეული ხელმოკლე ოჯახისთვის სასურსათო დახმარების გაწევა. პატრიციას მამამ ღარიბებისთვის 2 მლნ დოლარი დაუყონებლივ გამოყო, მაგრამ სან–ფრანცისკოს გარეუბანში ჰუმანიტარული აქცია ნამდვილ ქაოსში გადაიზარდა, გაჭირვებულები არაფრის გარეშე დარჩნენ და მძევლებმა პატრიციას გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს. 3 აპრილს, გატაცებიდან 2 თვის შემდეგ ტერორისტებმა აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნეს, სადაც პატი ჰერსტი „ჯარში“ გაწევრიანებაზე საუბრობდა. გოგონამ თავისი სახელი უარყო, ოჯახში დაბრუნებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ „ახალ მეგობრებთან“ ერთად „მშვიდობისთვის ბრძოლას“ იწყებს.

მომდევნო ნახევარი წლის განმავლობაში პატი, როგორც დაჯგუფების წევრი, ყაჩაღობებსა და მკვლელობებში მონაწილეობას იღებდა. სექტემბერში გოგონა დააკავეს. პატიმ აღიარა, რომ მთელი ეს დრო იარაღმიბჯენილი ცხოვრობდა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სასტიკი ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ, მუდმივად აუპატიურებდნენ, ყოველ წუთს სიკვდილისთვის მზად იყო. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ პატრისიას სერიოზული პოსტტრავმული აშლილობა ჰქონდა.

ნატაშა კამპუში

1998 წლის 2 მარტს ავსტრიელი 10 წლის გოგონა სახლიდან გავიდა და სკოლისკენ გაეშურა, მაგრამ ვერ მიაღწია. მოგვიანებით გატაცების მოწმემ განაცხადა, რომ დაინახა 2 კაცი გოგონას თეთრ მიკროავტობუსში როგორ სვამდნენ. ოპერატიული ჩხრეკის მიუხედავად გოგონა ვერ იპოვეს. ამასთან გამტაცებელი ვოლფგანგ პრიკლოპილი დაკითხეს, მაგრამ, ბუნებრივია, არ აღიარა, ხოლო დაკავების მიზეზი არ არსებობდა.

8 წელი გოგონა 5 კვ.მ ზომის მიწისქვეშა, უფანჯრო კარადაში ცხოვრობდა, რომელიც პრიკლოპილის სარდაფში იყო მოწყობილი. მოგვიანებით მანიაკმა ნატაშას ბაღში გასეირნების უფლება მისცა. 2006 წლის 23 აგვისტოს ნატაშამ გაქცევა მოახერხა. გამტაცებელმა გოგონას ავტომობილის სალონის მტვერსასრუტით გაწმენდა უბრძანა, თავად ტელეფონზე საუბრით გაერთო. ნატაშამ მტვერსასრუტი ჩართული დატოვა, მეზობელ სახლამდე გაიქცა და მის მფლობელს პოლიციაში დარეკვა სთხოვა. პრიკლოპილი მიხვდა, რომ პოლიცია მისდევდა, მატარებელს შეუვარდა და გარდაიცვალა.

როცა ნატაშა კამპუშს გამტაცებლის გარდაცვალების შესახებ უამბეს, ის ატირდა.

ჯეისი ლი დიუგარდი

გატაცება კალიფორნიაში მოხდა. 1991 წელს 11 წლის ჯეისი ცოლ–ქმარმა ფილიპ და ნენსი გარიდოებმა გაიტაცეს. გოგონა სახლთან სკოლის ავტობუსს ელოდა. ამ მომენტში გაჩერებასთან ავტომობილი გაჩერდა, ქალი გადმოვიდა და ბავშვი მანქანაში შეაგდო. გოგონას მამინაცვალი შეეცადა ველოსიპედით დაწეოდა, მაგრამ ვერ შეძლო. გატაცებაზე ეჭვი მშობლიურ მამაზე მიიტანეს, მაგრამ ის უდანაშაულო აღმოჩნდა.

ფილიპ გარიდო, ჯეისის გამტაცებელი, გაუპატიურების და გატაცების ბრალდებით 2–ჯერ დაპატიმრებული იყო, ხოლო 1977 წელს 50 წელი მიუსაჯეს. ციხეში ნენსი გაიცნო, ქალი თავის ბიძას ნახულობდა. 80-იანებში წყვილი დაქორწინდა, მოგვიანებით ფილიპი პირობით გაათავისუფლეს. 3 წლის შემდეგ ჯეისი გაიტაცა.

გოგონა ცხოვრობდა გარიდოს სახლში, რომელსაც მაღალი გალავანი ჰქონდა გარშემორტყმული. პატიმრობის პერიოდში ფილიპისგან 2 გოგონა შეეძინა: პირველი – 1994 წლის აგვისტოში, მეორე – 1997 წლის ნოემბერში. ჯეისი პირველად დედა 14 წლის ასაკში გახდა, თავს გარიდოს ქალიშვილად ასაღებდა, ხოლო გოგოებს – მის უმცროს დებად. შესაძლოა, ჯეისი ოჯახში არასდროს დაბრუნებულიყო, ფილიპ გარიდოს პოლიციაში თავად რომ არ მიეყვანა.

დამნაშავე ბლოგს მართავდა, რომელიც მის საკუთარ „ღვთის ნების ეკლესიას“ ეძღვნებოდა და 2009 წელს პოლიციისგან საზოგადოებრივი ღონისძიების ჩასატარებლად ნებართვის აღებას შეეცადა. პოლიციელმა სტუმარი უცნაურად ჩათვალა და კიდევ ერთი შეხვედრა დაუნიშნა, რომელზეც გარიდოს ჯეისი და მისი ორი ქალიშვილი ახლდა. მაშინ პოლიციელს უკვე გოგონას ქცევა საეჭვოდ მოეჩვენა და მათ ცალკე გასაუბრება ჩაუტარეს. გარიდომ განაცხადა, რომ ყველა გოგო მისი ტყვეები არიან (თუმცა სამივე მამას ეძახდა). ჯეისმა თავი ალისად გამოაცხადა და განაცხადა, რომ გოგოების დედაა, 29 წლისა და უბრალოდ ახალგაზრდულად გამოიყურება. თითქოსდა ბავშვებთან ერთად მოძალადე ქმარს გაექცა, ხოლო გარიდომ მთელი ოჯახი შეიფარა და მათ მიმართ კეთილგანწყობილი იყო. ბოლოს და ბოლოს ფილიპ გარიდომ და ჯეისმა პოლიციას სიმართლე უთხრეს.

ჯეისი ოჯახში დაბრუნდა, მაგრამ ნათესავების თქმით, დამნაშავეებთან მისი ემოციური კავშირი ძალიან ძლიერი იყო. ჯეისის თქმით ბავშვები ტიროდნენ, როცა გაიგეს, რომ მათი მამა ციხეში ჩასვეს. როგორც გაირკვა, ჯეისს მათთვის არასდროს უთქვამს, რომ გარიდომ გაიტაცა – სიმართლე მხოლოდ მამის დაპატიმრების შემდეგ გაიგეს.

წყაროcosmo