
ამბობენ, რომ ყველაზე დაუჯერებელი ოცნების ასრულებაც კი შეიძლება, უბრალოდ ძალიან უნდა მოგინდეთ. კარგი, სამყაროვ: ჩვენ დიდი ხანია, ვოცნებობთ მთელი ცხოვრების სიყვარულის პოვნაზე ან თვეში ათი ათასობით ლარის გამომუშავებაზე. რატომ არ აგვიხდა სურვილი? “იმიტომ, რომ არაფერი გვაქვს სამაგიეროს გადასახდელად”. – გვპასუხობს ლარისა, წიგნის “ცხოვრების შეცვლის 100 გზა” ავტორი.
შემოქმედს მართლაც აქვს “იღბლიანი ბორბლისმაგვარი” პროგრამა, რომელშიც ნებისმიერი საჩუქრის შერჩევა შეგვიძლია. თუმცა, მხოლოდ განზრახვა და მიზნისკენ მიმავალი ნაბიჯები საკმარისი არაა. მივხვდი, რომ სურვილის ასასრულებლად “ანგარიშზე” ვირტუალური ვალუტა უნდა გვქონდეს – პირადი ძალა. მგონი, მივხვდი, როგორ გამოვიმუშავოთ და დავხარჯოთ იგი. ახლავე მოგიყვებით.
რად გვიჯდება სურვილის ასრულება?
წარმოიდგინეთ ჩემოდანი, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეზე უნდა მიიტანოთ. თუ იგი პატარა და მსუბუქია, მას ნებისმიერი ადამიანი გაუმკლავდება, თუმცა, თუ ჩემოდანი ოქროს ზოდებითაა გატენილი და 60, 90 ან 150 კგ-ს იწონის? ნებისმიერი მსურველი უკვე ვეღარ შეძლებს მის წამოწევას. ცხოვრებაშიც ასეა: დიდი ჩემოდანი (სურვილი) რომ წაიღოთ, დიდი ძალა გჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ ვერ გაუმკლავდებით ტვირთს ან გზად დაკარგავთ მას. რაც უფრო დიდი რესურსი გაქვთ, მით უფრო დიდია შესაძლებლობები, რომელთა “შეკვეთაც” შეგიძლიათ სამყაროსთვის. და, პირიქით, თუ იგი ძალიან ცოტაა, ნუ დაელოდებით, რომ გახდებით მილიონერი, იპოვით ოცნების სამსახურს, ღირსეულ პარტნიორს ან ადამიანებს, რომლებიც ცვლილებებისკენ გიბიძგებთ.
“თქვენი ანგარიში შეივსო”
პირადი ძალა თვითგანვითარების, თავში წესრიგის დამყარებისა და საკუთარი თავის გადალახვის შედეგად გროვდება. ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თავს იწვევთ და ერთი საფეხურით მაღლა იწევით, თქვენი უხილავი ანგარიში ივსება. მაგალითად, დიდხანს არ შეგეძლოთ ფიტნესზე სიარული. დილით, მაღვიძარას ზარის შემდეგ, თავს დაგესხათ “ხვალ-man” და ნაზად ჩაგჩურჩულათ: “მოდი, დღეს არა…” აი, როგორც იქნა, ნებისყოფას იკრებთ და თავს ვარჯიშზე წასვლას აიძულებთ. მას სულ უფრო იშვიათად ტოვებთ, სანამ სპორტით დაკავება ჩვევად არ გექცევათ. დაახლოებით ამ მომენტში “ძინ” – მოდის მოკლეტექსტური შეტყობინება სამყაროსგან: “თქვენს ანგარიშზე 1500 ვირტუალური ერთეული ჩაირიცხა.”
ან, მაგალითად, ვერ იტანთ უფროსს, თუმცა, ამაზე ისე ნერვიულობთ, რომ სიტუაციაში გარკვევას გადაწყვეტთ. შეისწავლით თქვენს შინაგან პროგრამებს და გაარკვევთ, რომ პრობლემის საწყისი მამასთან ურთიერთობიდან მოდის, ასწავლით საკუთარ თავს სამსახურებრივ კონფლიქტებზე სხვა კუთხიდან შეხედვას და, როგორც იქნა, ურთიერთობას ალაგებთ უფროსთან. ისევ “ძინ!” – თქვენს ანგარიშზე კიდევ 1000 ვ.ე. დაირიცხა.
მოკლედ, პირად ძალას აგროვებთ ყოველთვის, როცა უმკლავდებით შიშებს, იწვევთ საკუთარ თავს, ამსხვრევთ სტერეოტიპებს, რომლებიც ცხოვრებაში გიშლით ხელს. ეს რაც შეიძლება სწრაფად რომ მოხდეს, შეადგინეთ თვითკონტროლის ცხრილი და გაითვალისწინეთ მასში გრაფები, რომლებიც სპორტს, დღის რეჟიმს, ურთიერთობებსა და თქვენი სხვადასხვა “დემონის” დამარცხებას უკავშირდება. ამ გვერდზე იპოვით მიღწევების სიას, თითოეული ნაწილის “ღირებულებასთან” ერთად. ეს, რა თქმა უნდა, ალეგორიაა, რადგან მიღწევის რაღაც ერთეულით განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა, ძირითადი პრინციპი ასეთია: რაც უფრო სასარგებლო და მნიშვნელოვანია თქვენ მიერ დატანებული ძალისხმევა, მით უფრო ძვირად დაფასდება იგი.
სამყარო იღებს შეკვეთებს
მას შემდეგ, რაც “ვალუტა” დააგროვეთ, აირჩიეთ სამყაროს მენიუში სასურველი “კერძი”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონცენტრირდით მიზანზე ან ოცნებაზე: წარმოიდგინეთ იგი დეტალურად, წარმოიდგინეთ ისიც, თუ რას განიცდით, როცა იგი ასრულდება, აქციეთ იგი თქვენი მომავლის ნაწილად. რა თქმა უნდა, არსებობს შეზღუდვებიც. მაგალითად, “ანგარიშზე” გიგანტური ბალანსის შემთხვევაშიც კი, ვერ შეძლებთ დიდი ბრიტანეთის დედოფლად ქცევას. მაქსიმუმ, ჰერცოგის ცოლი… მოკლედ, ტყუილად რომ არ ელოდოთ, აირჩიეთ “კერძი” რეალობიდან, რომლის გაკონტროლებაც შეგიძლიათ.
ხანდახან, სურვილები თითქმის დაუყოვნებლივ სრულდება, თუმცა, ხშირად, ამას დრო სჭირდება. შეგიძლიათ, სამყაროს დედლაინი დაუდგინოთ, მაგალითად, “შესანიშნავი მამაკაცი ვალენტინობის დღემდე მინდა გავიცნო”. კარგი სიახლე: სურვილის ასრულების შემდეგ, ანგარიშზე ვალუტის რაოდენობა იგივე რჩება.
როგორ ხდება ეს ცხოვრებაში
თავად პირადი ძალის ცნება მაგიურ და ეზოთერიკულ თეორიებში გვხვდება, ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი წიგნი კი მსგავს კონცეფციას გვთავაზობს. იგი საკუთარ თავზე გამოვცადე, ახლობლებს, გამომწერებსა და მკითხველებს შედეგები გავუზიარე და ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ეფექტური მეთოდია.
არავითარი მაგია
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივი და ლოგიკურია. ჩვენი ცხოვრების არსი განვითარებაში მდგომარეობს, იგი კი მხოლოდ ყოველდღიური დაბრკოლებების გადალახვის შედეგად ხდება. როცა აკეთებთ იმას, რისი ძალაც მანამდე არ გქონდათ, რწმუნდებით: “დიახ, მაგარი ვარ, შემიძლია!” საკუთარი თავის პატივისცემა ზრდის თვითშეფასებას, ხოლო რაც უფრო მაღალია იგი, მით უფრო ძლიერდება იმის შეგრძნება, რომ მეტს იმსახურებთ. თუ მანამდე რაღაც შუალედურს დათანხმდებოდით, ახლა სულ სხვა რამეებზე ოცნებობთ. “ამას ვიმსახურებ!” ნამდვილ სასწაულს ჩადის, დამიჯერეთ!