როგორ დავიბანოთ თავი სწორად: მნიშვნელოვანი წესები, რომლებიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს

0
896
Photo credit: Getty Images

ერთი შეხედვით, თავის დაბანაზე მარტივი რა შეიძლება იყოს?! თუმცა, რეალურად, ამ საქმეს ყველა უშეცდომოდ ვერ უმკლავდება. ახლა Girl.ge-ის რედაქცია თავის სწორად დაბანის წესებს გაგაცნობთ.

ჩვენი თმა და თავის კანი მუდმივ გაწმენდას საჭიროებს, რამდენადაც ყოველდღიურად, თმიანი ნაწილი 1-2 გ კანის ქონს გამოყოფს. ამ ემატება დასავარცხნი საშუალებების ნარჩენები და გარეგანი ფაქტორების დამაბინძურებელი ეფექტი. ამიტომ, თმა ხშირად გამოიყურება უსიცოცხლოდ, დაღლილად და საერთოდ არ ექვემდებარება დავარცხნას. მას ჯანსაღი ელვარება და სიგლუვე რომ დაუბრუნოთ, იგი ყველა წესის დაცვით უნდა დაიბანოთ: დაასველეთ წყლით, დაისხით ცოტაოდენი შამპუნი ხელის გულზე, უხახუნეთ ხელები ერთმანეთს, ქაფის წარმოქმნამდე, წაისვით თავის კანზე და არა თმაზე. ქაფის მასა, რომელიც შამპუნისა და წყლის ურთიერთქმედების შედეგად გაჩნდება, თავად გაწმენდს თმას მთელ სიგრძეზე. შეგიძლიათ, კანი თითის ბოლოებით დაიზილოთ, ოღონდ ეცადეთ, თმა ერთმანეთში არ ახლართოთ. თუ გრძელი ან საშუალო სიგრძის თმა გაქვთ, დახარეთ თავი წინ, შამპუნის ჩამობანის დროს.

ცხიმიანი კანის მფლობელებს კი ლამის შექსპირული კითხვა აწუხებთ – დაიბანონ თუ არ დაიბანონ. ერთი მხრივ, თმა საკმაოდ სწრაფად ისვრება და უსიამოვნო იერი აქვს, მეორე მხრივ კი არსებობს მოსაზრება, რომ ხშირი დაბანა ქონის ჯირკვლებს უფრო აქტიურად ამუშავებს. საბედნიეროდ, ეს მოსაზრება მცდარია. თმა იმდენად ხშირად უნდა ჩამოიბანოთ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. მითუმეტეს, სწრაფად დასვრადი თმისთვის არსებობს საშუალებები, რომლებიც ხშირ გამოყენებაზეა გათვლილი. ერთადერთი შეზღუვა ეხება მასაჟს დაბანის პროცესში და ცხელ წყალს. აი, კონტრასტული შხაპი კი ძალიან სასარგებლო იქნება! ტემპერატურის ცვლილებების გამო, სისხლძარღვები უფრო აქტიურად იმუშავებს, გაუმჯობესდება სისხლის ნაკადი კანის ზედა ფენებისკენ. განსაკუთრებით სასარგებლოა თმის ჩამობანა ცივი წყლით, თუ იგი დასუსტებული და ცვენისკენ მიდრეკილია, ეს გააძლიერებს თმის ძირებს.

ხოლო, თუ დღის განმავლობაში თავის დაბანის შესაძლებლობა არ მოგეცემათ, საღამოს კი თვალისმომჭრელად უნდა გამოიყურებოდეთ, მიმართეთ მშრალ შამპუნს, რომელიც რამდენიმე კოსმეტიკური ბრენდის ნაწარმს შორის შეგხვდებათ. ესაა ფხვნილისებრი მასა, რომელიც იწოვს ჭარბ ცხიმს და სუფთა იერს აძლევს თმას.

მშრალი თმისა და თავის კანის მფლობელებიც ერიდებიან თავის ხშირად დაბანას, რადგან ეშინიათ, რომ ასე იგი უფრო უსიცოცხლო და მსხვრევადი გახდება. ესეც მცდარი შეხედულებაა. თუ თქვენს თმასა და კანს დატენიანება აკლია, გამოიყენეთ სპეციალური სპრეიები და ნიღბები. დაბანაზე უარის თქმა მხოლოდ უარესად დააზიანებს თმას.

შამპუნის შერჩევა

ამ პროდუქტის ძირითადი ფუნქცია თმიდან და თავის კანიდან ქონისა და მსგავსი ჭუჭყის ჩამოშორებაა. იგი მაქსიმალურად ეფექტური რომ იყოს, გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ეტიკეტზეა მითითებული. თუ მწარმოებელი ამბობს, რომ შამპუნი თმაზე 2-3 წუთით უნდა გაიჩეროთ, ესე იგი, სწორედ ეს დროა საჭირო მის შემადგენლობაში არსებული კომპონენტების გასააქტიურებლად. მაგალითად, ასეთი პირობა ხშირად გვხვდება ქერქლის საწინააღმდეგო ან ფერის შესანარჩუნებელი საშუალებების შეფუთვაზე. თუ ამ რეკომენდაციებს უგულებელყოფთ, სასურველ ეფექტს ხარისხიანი პროდუქტისგანაც კი ვერ მიიღებთ.

გამწმენდი ინგრედიენტების გარდა, ბევრი შამპუნი შეიცავს დამცავ ნივთიერებებსაც, რომლებიც გვიცავს ქლორიანი წყლის მავნე ზეგავლენისგან. რა თქმა უნდა, იდეალში, თმა გადადუღებული ან გაფილტრული წყლით უნდა დაიბანოთ, რათა ქლორი და კირი თმის სიღრმეში არ დაილექოს, თუმცა, ხშირად, ამისთვის დრო არ გვაქვს. სწორედ ამ შემთხვევისთვის გამოგადგებათ შამპუნი, რომელიც არბილებს ხისტ წყალს. გამოიყენეთ იგი იმ შემთხვევაშიც, თუ რეგულარულად სტუმრობთ აუზს ქლორიანი წყლით ან თმა გაღიავებული გაქვთ – ამ დროს იგი უფრო მოწყვლადია წყლის მავნე მინარევებისადმი.

ყველა შამპუნის მთავარი ინგრედიენტი წყალი გახლავთ. სამი სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტია: ზედაპირულად აქტიური, გამწმენდი და ქაფის წარმომქმნელი ნივთიერებები; კათიონური პოლიმერები, რომლებიც აქტიურად კვებავენ თმას, და სილიკონები. თითქმის ყველა შამპუნი ერთი და იგივე კომპონენტებისგან შედგება, თუმცა, თავიანთი თვისებებითა და ეფექტებით განსხვავდება ერთმანეთისგან. ამ საშუალების მოქმედება ხომ არამხოლოდ შემადგენლობაზე, არამედ, პირველ რიგში, მომზადების მექანიზმსა და თანაფარდობაზეცაა დამოკიდებული. ამიტომაც, შამპუნები, რომელთა ეტიკეტზე ერთი და იგივე ინგრედიენტებია მითითებული, შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს თავიანთი მრეცხავი და კონდიციონერული თვისებებით.

თუ ხშირად იყენებთ დასავარცხნ საშუალებებს,4-5 დღეში ერთხელ გამოიყენეთ ღრმადმწმენდი შამპუნი. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ასეთი საშუალების შემდეგ, თმა ცუდად დაივარცხნება, ამიტომ სპეციალური ნიღბის დატანებაც გახდება საჭირო.

ბალზამის შერჩევა

ჩვენი თმა რბილი ცილის, კერატინის ძაფებს წარმოადგენს, რომლებიც ქერცლის სქელ ფენაშია გახვეული. თმის გარე ნაწილი, იგივე კუტიკულა, კრამიტის მსგავს უჯრედთა რამდენიმე ფენისგან შედგება, რომლებიც ფარავს თმას გარედან და ასრულებს იმავე ფუნქციას, რომელსაც კანის რქოვანა უჯრედები ასრულებენ. ქერქი საკმაოდ მდგრადია, ამიტომაა თმის დავარცხნა და დახვევა შესაძლებელი. სწორედ კუტიკულაზე ახდენს გავლენას ყველა ის კონდიციონერი, ბალზამი, მკვებავი და დამატენიანებელი ნიღაბი, რომლებსაც იყენებთ. ისინი ხელს უწყობს თმის უკეთესად დავარცხნასა და კონდიცირებას, თუმცა, ისინი მხოლოდ თმაზე უნდა წაისვათ და არა თავის კანზე. ბალზამების შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები გაააქტიურებს ქონის ჯირკვლების მუშაობას, შესაბამისად, თმა უფრო სწრაფად დაისვრება. ამასთან, ბალზამ-სავლებების ინგრედიენტები მხოლოდ თმაზეა ეფექტური, კანისთვის კი სპეციალური ტონიკები არსებობს.

ბალზამის წასმისას, მოლეკულები კუტიკულებს შორის პოულობენ ინტერვალებს და მიისწრაფვიან თმის ყველაზე უფრო დაზიანებული ნაწილებისკენ, ამრიგად, უზრუნველყოფენ თმის ყველა მონაკვეთის “საჭიროებისამებრ” გამოკვებას. ჩამორეტხვისას, წყლის ზემოქმედების ქვეშ, ბალზამის მოლეკულების გელისებრი ბადე იხევა და თავისუფლდება კონდიცირებაზე პასუხისმეგებელი ინგრედიენტები, რომლებიც თმის ზედაპირს ეკრობა და ქმნის თხელ, თანაბარ ფენას. სწორედ ასე იხსნება ის, რომ, ნიღბისგან განსხვავებით, ბალზამ-სავლებს არ სჭირდება დრო მოქმედებისთვის – იგი უბრალოდ უნდა წაისვათ და ჩამოიბანოთ.

როგორ უნდა იშრობდეთ თმას

მაშ ასე, თმის გაშრობა ბოლო ეტაპია, როცა თმას სასურველი ელვარება, ხოლო ვარცხნილობას – სასურველი ფორმა უნდა მივცეთ. წყლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ოდნავ შეიშრეთ თმა პირსახოცით, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში არ გაიხეხოთ, მით უმეტეს, არ დაახვიოთ დასაწურავად. ახლა ხომ, დაბანის შემდეგ, თმის გარსი ღიაა, ესე იგი, კუტიკულების დაზიანება განსაკუთრებით მარტივია. სველი თმის დავარცხნასაც არ გირჩევდით, თუმცა, თუ გაშრობისას ძალიან იხლართება, ჩამოისვით მსხვილკბილიანი სავარცხელი ბალზამის ან ნიღბის წასმის დროს. გაითვალისწინეთ, რომ სავარცხელს კბილები არ უნდა ჰქონდეს დაზიანებული, თმის გარსს რომ არ წამოედოს.

რა თქმა უნდა, თმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, უარი უნდა თქვათ ფენის ხშირ გამოყენებაზე. თუმცა, როგორ მოვიქცეთ, თუ თმის ბუნებრივად გაშრობისთვის საკმარისი დრო არ გვაქვს? ამ დროს დაგვეხმარება თერმოდამცავი საშუალებები, რომლებიც იცავს თმას ცხელი ჰაერის მავნე ზემოქმედებისგან, შესაბამისად, ფენი თმისთვის ნაკლებად საშიში ხდება. დამცავი საშუალებების ინგრედიენტები თმას თხელი ფენით ფარავს, ამიტომ იგი სითხეს აღარ კარგავს. ასე რჩება შიდა ლიპიდური ფენა ხელუხლებელი.

6 სასარგებლო რჩევა:

  • დაივარცხნეთ თმა დაბანამდე;
  • დაიბანეთ თმა არაუმეტეს 50-გრადუსიანი წყლით;
  • გამოიყენეთ შამპუნი, რომელიც თქვენი თმის ტიპს შეეფერება. სპეციალისტები გვირჩევენ შამპუნის პერიოდულად შეცვლას, რამდენადაც თმა ეჩვევა პროდუქტს და იგი საჭირო ეფექტს აღარ გვაძლევს;
  • დაისხით ცოტაოდენი შამპუნი ხელის გულზე, ააქაფეთ და მხოლოდ შემდეგ წაისვით თავის კანზე. არ სცადოთ ერთბაშად ბევრი შამპუნის წასმა, თორემ მის ჩამობანას ვეღარ შეძლებთ და თმაც მალე დაჭუჭყიანდება;
  • საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ თმა გრილი წყლით;
  • წყლის პროცედურების შემდეგ, შეიხვიეთ თმა თბილი ხაოიანი პირსახოცით და აცადეთ ცოტათი შეშრობა.
წყაროcosmo