
თითოეულ ჩვენგანს ჰქონია წვრილმანი პრობლემები დილაობით, სარკის წინ, მაკიაჟის გაკეთებისას. ერთი შეხედვით, დიდი არაფერი, თუმცა, ხანდახან ეს ზედმეტად გვაღიზიანებს! Girl.ge-ის რედაქციამ შეკრიბა 10 ყველაზე გავრცელებული მეიქაფ-უბედურება, რომლებსაც ყველა ქალი იცნობს.
ჩამოყრილი ჩრდილები, ჟანგისფერი ლაქები ტონალური კრემისგან, ტუშის კვალი ქუთუთოებზე – ყველა ეს უსიამოვნება არამხოლოდ ლუქს, არამედ განწყობასაც აფუჭებს. თუმცა, ჩვენ ვიცით, როგორ გადავჭრათ ისინი.
1. პომადა კბილებზე

ბაგეებზე მკვეთრი ფერის ტუჩსაცხი წაისვით, თავს ვარკვლავად გრძნობთ და უცებ… პირველი, რაც კოლეგის ან შეყვარებულისგან გაიგეთ, არა კომპლიმენტი, არამედ მორიდებული რჩევა იყო: “კბილებზე პომადა გაქვს.” საშინელებაა! ამ პრობლემას მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს – შემოიღეთ ახალი ჩვევა. ტუჩსაცხის წასმისთანავე, დაიდეთ სუფთა თითი ზედა ტუჩის ქვეშ, ზედმეტი ტუჩსაცხის მოსაშორებლად, სანამ იგი კბილებს არ შეხებია. ეს უნდა გააკეთოთ ყოველ ჯერზე, როცა მკვეთრი ფერის ტუჩსაცხს იყენებთ.
2. ზედა ქუთუთოდან ჩამოყრილი ჩრდილი თვალქვეშ

მაშინაც კი, თუ მაკიაჟის ქვეშ ფუძე გამოიყენეთ და საუკეთესო ფხვიერი ჩრდილი შეიძინეთ, მაკიაჟის წასმის დროს, ზედმეტი ჩრდილი აუცილებლად აღმოჩნდება თვალქვეშ. ხოლო როცა მის მოშორებას ბამბის ჩხირით ეცდებით – იგი გაითხაპნება. გეცნობათ? რეალურად, საიდუმლო ძალიან მარტივია – დაარღვიეთ პროფესიონალი ვიზაჟისტის ყველა წესი და ჯერ დაიტანეთ ჩრდილები მხოლოდ ამის შემდეგ აიღეთ კონსილერი და ტონალური კრემი. სუფთა კანზე, ზედმეტენს მარტივად მოიშორებთ ბამბის დისკითა და ლოსიონით.
3. ტონალური კრემის წასმის შემდეგ, სახე ჟანგისფერი ხდება

თუ ტონალური კრემის ფერი სწორადაა შერჩეული, ეს პრობლემა მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – ზედმეტი კრემი წაგისვამთ. არ იჩქაროთ ჩამობანა – გამოსავალი ასეთია: დაასველეთ ტონალურის წასასმელი რბილი ღრუბელი და ფრთხილად გადაუსვით ლაქებს.
4. მუქი ჩრდილები მუდმივად ითხაპნება

მუქი ჩრდილები, რომლებიც სქელ ფენად წაისვით, შესანიშნავად გამოიყურება მხოლოდ პირველი საათის განმავლობაში, შემდეგ კი მოღალატე ქუთუთოს ნაკეცებში გაითხაპნება. ჩვეულებრივ, ამ პრობლემას ვერ უმკლავდება ვერც პრაიმერი, ვერც ფუძე ჩრდილის ქვეშ. ნამდვილად ეფექტურ რჩევას გვაძლევს არა ვინმე უცნობი, არამედ თავად სერ ელტონ ჯონის ვიზაჟისტი. მისი საიდუმლო მოულოდნელად მოგეჩვენებათ, თუმცა, ეფექტური ნამდვილად გახლავთ: გამოიყენეთ გელისებრი ლაინერი (მერე რა, რომ მუქია), წაისვით იგი მთელ ქუთუთოზე და ამის შემდეგ შეიღებეთ ჩრდილებით. საღამოს მტკიცე მაკიაჟი მზადაა.
5. ტუშის ჩამოყრა თვალქვეშ

ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღის ბოლოს – ტუში დაღლილობის შეგრძნებას ქმნის, როცა თვალქვეშ იყრება და მუქ წრეებს ქმნის. მოაწყვეთ ტუშების გამოცდა – დარწმუნდით, რომ მას არაუმეტეს სამი თვის განმავლობაში გამოიყენებთ. თუ პრობლემა ვარგისიანობის ვადაში არ მდგომარეობს, ეცადეთ, არაუმეტეს 2-3 ფენა წაისვათ. კიდევ ერთი საიდუმლო ვიზაჟისტებისგან – ქვედა წამწამები საერთოდ არ შეიღებოთ, თუ საუბარი ყოველდღიურ მაკიაჟზეა.
6. ტუჩსაცხი კონტურს სცდება

არამგონია, გათხაპნული ტუჩსაცხი ვინმეს განწყობას უმაღლებდეს. ეს უბედურება ყველას ემართება, კონტურული ფანქარი კი სიტუაციას ვერ გამოასწორებს. ტუჩების გარშემო 1 წუთის წინ დასრულებული ვნებიანი კოცნის ეფექტი რომ არ მიიღოთ, დაუმეგობრდით პრაიმერს. სანამ ტუჩსაცხს გამოიყენებდეთ, გულდასმით წაისვით იგი ტუჩების გარშემო. ახლა იკოცნავეთ, რამდენიც გენებოთ, ტუჩსაცხი არსად წავა!
7. შესამჩნევი განსხვავება სახისა და კისრის ფერებს შორის

ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც ერთხელ მაინც დაუშვია ყველას – ტონალური კრემის მხოლოდ სახეზე წასმა. დამიჯერეთ, კანის ტონის გათანაბრება ნიკაპით არ უნდა დასრულდეს, თორემ სხვაობა “გარუჯულ” სახესა და თეთრ კისერს შორის თვალსაჩინო იქნება. აქ უნდა დაივიწყოთ ეკონომიის შესახებ: ტონალური წაისვით კისრის კანზეც, ოღონდ ძალიან თხელ ფენად.
8. გათხაპნული ტუში ქუთუთოებზე

აი, უკვე გაიკეთეთ მაკიაჟი, წაისვით ჩრდილები და შეუდექით ბოლო ეტაპს – ტუშს. იგი, რა თქმა უნდა, ზედა ქუთუთოზე დაიბეჭდა. საშინელებაა! შავი კვალის წაშლისთვის ბამბის ჩხირების გამოყენება ხდება საჭირო, მასთან ერთად კი იშლება ლაინერი, ჩრდილები… სწორედ ამიტომ, ვიზაჟისტები ტუშს ნახევრად დახუჭულ თვალებზე უსვამენ. თქვენც შეგიძლიათ სიცოცხლის გამარტივება – უბრალოდ ეცადეთ, ოდნავ ქვემოთ დაიხედოთ წამწამების შეღებვისას.
9. აელვარებული სახე კოსმეტიკის გამო

თითქოს, ყველაფერი სწორად გააკეთეთ, თუმცა სახე მაინც ელვარებს, რაც საშინლად გაღიზიანებთ! პუდრის გამოყენება არ გსურთ, იგი მაკიაჟს ტვირთავს და ზაფხულში აქტუალური არაა. ისევ ის, პრაიმერი გადაგარჩენთ! სახემ რომ არ იელვაროს, წაისვით იგი დამატენიანებელი კრემის გამოყენებისთანავე და შეისვენეთ, ადროვეთ კანს პროდუქტის შეწოვა. 10-15 წუთში, უშუალოდ მანამ, სანამ ტონალურ კრემს გამოიყენებდეთ, წაისვით ცოტაოდენი პრაიმერი თხელ ფენად. იბრწყინებთ, მაგრამ არ ილივლივებთ!
10. ზედმეტად მკვეთრი მშრალი ფერ-უმარილი

ფერ-უმარილის ნებისმიერი ელფერი, არასწორი გადანაწილების შემთხვევაში, ზედმეტად მკვეთრი გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ ამას შეღებვისას ვერც კი ვამჩნევთ ხოლმე, როცა სარკესთან ახლოს ვდგავართ. თუმცა, როგორც კი რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხევთ, თითქოს, ლოყები არა ფერ-უმარილით, არამედ ჭარხლის ნაჭრებით შევიღებეთო. ასე რომ არ მოხდეს, ჩაანაცვლეთ ფხვიერი ფერ-უმარილი კრემისებრით – მისი ტექსტურა მკვრივი არაა და გაცილებით მარტივად ნაწილდება.