ნაკლები კოსმეტიკა და მეტი ზეთი: სილამაზის 7 იაპონური საიდუმლო

0
908
Photo credit: Getty Images

სწორედ იაპონიიდან შემოდის ჩვენთან მოწინავე ბიუთი-ტექნოლოგიები, ამიტომაც, Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა ამ ქვეყნის ქალბატონების რუტინის გადახედვა და მათი მთავარი საიდუმლოების ამოხსნა.

ყველასთვის ცნობილია, რომ იაპონელებს შესანიშნავი კანი აქვთ. მისი მოვლის საიდუმლოებს გვიზიარებს ჩიზუ საეკი, გახმაურებული წიგნის “კანის რევოლუციური იაპონიური მოვლა – როგორ გავალამაზოთ კანი ნებისმიერი ასაკში”.

1. ნაკლები კოსმეტიკა

“დარწმუნებული ვარ, უამრავი სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების გამოყენება კანს აფუჭებს. ინგრედიენტები ერთმანეთზე რეაგირებს ან საწინააღმდეგო ეფექტს ქმნის. იაპონელი ქალების საიდუმლო რეგულარობა და მკაცრი ალგორითმია. დილით: დაიბანეთ სპეციალური საშუალებით, წაისვით ლოსიონი (და არა ტონიკი), შემდეგ შრატი და დამატენიანებელი კრემი. საღამოს გაიმეორეთ იგივე. მინიმალიზმი, რიტუალის თანმიმდევრობის მკაცრი დაცვა და არავითარი გადახრა. განსხვავებას სულ ორ კვირაში შეამჩნევთ.”

2. მხოლოდ ის, რაც იჭმება

“თუ არ შეჭამდით იმას, რასაც სახეზე ისვამთ, აღარ წაისვათ!” – ამბობს ჩიზუ საეკი. “-რა თქმა უნდა, ცოტა არ იყოს ვუტრირებ, რადგან შეუძლებელია, ვინმეს კრემის ან ლოსიონის შეჭმა მოუნდეს, უბრალოდ, იმის შეხსენებას ვცდილობ, რომ ყველაფერი, რასაც კანზე ისვამთ, სისხლის მიმოქცევაში ხვდება. ამიტომ, ინგრედიენტების განხილვა აუცილებელია და, რაც უფრო მეტი ბუნებრივი ექსტრაქტია მათ შორის, მით უკეთესი.”

3. ქსოვილის ნიღბები

“მხოლოდ ასე! ეს საიდუმლო ჯერ კიდევ გეიშებისთვის იყო ცნობილი და არც კი ეჭვობდნენ, რომ ამ პროცესს ოკლუზია ერქვა. ისინი ვარდის წყლით ალბობდნენ აბრეშუმის ქსოვილს და იფენდნენ სახეზე, რითაც ისტორიაში პირველ ქსოვილის ნიღბებს იკეთებდნენ. ასეთი ნიღბების გამოყენებისას, საშუალებების კანის სიღრმეში შეღწევის შანსი იზრდება და მათი ეფექტურობაც იმატებს. აუცილებელი არაა მზა ნიღბების შეძენა, შეგიძლიათ, აიღოთ შესაფერისი მასალის ხელსახოცი, წაისვათ საყვარელი ნიღაბი სახეზე და ხელსახოცი ზემოდან დაიფინოთ.”

4. იაპონური მასაჟი

ჩიზუ საეკიმ შეიმუშავა საკუთარი ანტიასაკობრივი მასაჟი, რომელიც კანს სიმკვრივისა და სიმტკიცის შენარჩუნებაში დაეხმარება.

Photo credit: Getty Images

5. სწორი წმენდა

“თქვენს სააბაზანოში ყველაზე ძვირადღირებული საშუალება დასაბანი ქაფი უნდა იყოს. შეგიძლიათ, ფული დაზოგოთ კრემზე, შრატზე ან უარი თქვათ ლოსიონზე, თუმცა, დასაბანი საშუალება იდეალურად უნდა უხდებოდეს კანს, არ დაზოგოთ დრო სწორი ვარიანტის შერჩევისთვის, უკეთესი იქნება, თუ ამას ექიმ-დერმატოლოგთან ერთად გააკეთებთ. სწორად გაწმენდილი კანი სამჯერ უფრო ნელა ბერდება, არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, ახალი და მოელვარე იერი ეძლევა. დღეში არანაკლებ ორჯერ უნდა დაიბანოთ, თუმცა, მე ყოველთვის აღვნიშნავ: თუ უფრო ხშირად შეგიძლიათ დაბანა, გააკეთეთ ეს! ზედმეტად სუფთა კანი არ არსებობს.”

Photo credit: Getty Images

6. ზეთი ყველა შემთხვევისთვის

“სანამ მთელი მსოფლიო ეძებს Oil-free წარწერას პრდუქტზე, მე დაჟინებით ვამბობ: მხოლოდ ზეთს შეუძლია ჩვენი კანის გადარჩენა ნაადრევი დაბერებისგან. ზეთი ხსნის ზეთს, ამიტომ ზეთით კანის ჩამობანაც კი შეიძლება. ზეთი კანს არბილებს და ტონუსში მოჰყავს იგი, მკვებავი და სასარგებლოა. შეარჩიეთ შესაფერისი ზეთი და ეცადეთ, იგი ყოველ შესაძლებლობაზე გამოიყენოთ. ვახშამს ამზადებთ? წაისვით ზეთი სახეზეც, ფილმს უყურებთ? წაისვით ზეთი ხელებსა და ფეხებზე. არ იდარდოთ კანის ცხიმიანობასა და ნასვრეტებზე: ზეთი სწორედ იმითაა კარგი, რომ კანი მისგან ყველაფერ სასარგებლოს იწოვს, ზედმეტს არაფერს.”

7. აბაზანის დღე

“კვირაში ერთხელ მაინც მოაწყვეთ აბაზანის დღე: დაიორთქლეთ მთელი სხეული, შემდეგ, მთელი ძალით გაიხეხეთ კანი აბაზანის ღრუბლით, ჩამოიშორეთ ყველაფერი ძველი და მკვდარი. შემდეგ, დიდხანს იწექით თბილ წყალში და მოდუნდით. რიტუალი სხეულზე ზეთის წასმით დაასრულეთ. ეს არის როგორც წმინდა ფიზიკური წმენდა, აგრეთვე ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესების აჩქარება, ლიმფური ნაკადის გაუმჯობესება, სტრესისა და კუნთოვანი სპაზმების მოხსნა. თუ სახლში მხოლოდ საშხაპე კაბინა გაქვთ, ეწვიეთ ქალაქის აბანოს, აქ მნიშვნელოვანი სწორედ რიტუალია და არა სხეულის წყლით ფორმალურად გადავლება.”

უნდა გითხრათ, რომ კანის მოვლა უკიდურესად ინდივიდუალური საქმეა, ამიტომ ის, რაც იაპონელი გოგონებისთვის შესაფერისია, შეიძლება თქვენ არ მოგიხდეთ. კონსულტაცია გაიარეთ კოსმეტოლოგთან, სანამ რომელიმე ახალ საშუალებას გამოცდით.

წყაროcosmo