
დარაბებს მიღმა ცივი ამინდი სიტყვების გარეშეც გვახვედრებს, რომ ხანგრძლივი დღის ბოლოს ცხელი აბაზანა შესანიშნავი აზრია. ამ სასიამოვნო პროცედურის თვალსაჩინო უპირატესობებს, მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ მიუმატეს კიდევ ერთი: ამერიკულ “გამოყენებითი ფიზიოლოგიის ჟურნალში” (Journal of Applied Physiology) გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, რეგულარული ცხელი აბაზანა აჩქარებს ნივთიერებათა მიმოცვლას და გვეხმარება ჭარბი წონის მოშორებაში.
კვლევებში ჩართეს ჭარბწონიანი და მჯდომარე ცხოვრების მიმდევარი ადამიანები იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეიძლება ცხელი აბაზანის გამოყენება ალტერნატიულ სამკურნალო საშუალებად ასაკოვანი ან შშმ პირებისთვის. შედეგებით გაირკვა, რომ +39-გრადუსიან წყალში 1 საათით წოლისას, ექსპერიმენტის მონაწილეებს აღენიშნებოდათ სისხლში შაქრისა და ინსულინის დონის შემცირება, რაც გლუკოზის მეტაბოლიზმის დაჩქარებას ახლდა თან. რაც ყველაზე სასიამოვნოა, შედეგად დამტკიცდა, რომ ცდების შედეგები ნებისმიერი ასაკობრივი და ფიზიკური აქტივობის ტიპის ჯგუფისთვისაა აქტუალური.
დიდი ხანია ცნობილია, რომ ცხელ წყალში მოდუნება დადებითად მოქმედებს სხეულზე სპორტის შემდეგ. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ სავარჯიშოებით გამოწვეული ფიზიკური სტრესი იწვევს ორგანიზმში ინტერლეიკინის (IL-6), ანთების მწვავე ფაზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მედიატორის დონის მომატებას, რაც, თავის მხრივ, რთავს იმუნურ პასუხს და იწყებს ძალების მოკრებას ჯანმრთელობისთვის საბრძოლველად – ცხელი აბაზანა უბრალოდ შეუცვლელია იმისთვის, რომ დაღლილ სხეულში ეს პანიკა გამორთოთ.
თუმცა, მაშინაც კი, თუ არ ვარჯიშობთ ან, გარკვეული მიზეზების გამო, თქვენთვის რეკომენდებული არაა სპორტით დაკავება, მეცნიერთა უახლესი დასკვნების თანახმად, ცხელ წყალში მოდუნება ააქტიურებს იმ ნივთიერებათა გამოყოფას, რომლებიც ამცირებს სისხლის წნევას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და სისხლში შაქრის დონეს ამცირებს.
ეს, რა თქმა უნდა, კარგი სიახლეა, თუმცა, ეს არ გახლავთ ფიზიკურ დატვირთვებზე უარის თქმის საბაბი. უბრალოდ, ახლა უკვე გაქვთ მეცნიერული პასუხი იმ ოჯახის წევრისთვის, რომელიც სააბაზანოში შესვლიდან 30 წუთში გამოსვლისკენ მოგიწოდებთ. თუ ახლა ფიქრობთ, ხომ არ ჩაწოლილიყავით ცხელ წყალში, არომატული ქაფითა და სამკურნალო ზეთებით, გაიხსენეთ, რომ ცხელი აბაზანა და შაპი…
…გვეხმარება გაციების დროს
ცხელი წყალი (შეგიძლიათ, მას გვირილის ან კრაზანას ნაყენი დაუმატოთ) დაგეხმარებათ დაავადების განვითარების შეჩერებაში, ცხელი ორთქლი კი დაატენიანებს ნესტორებს, მოქმედებს ბუნებრივი შეშუპების საწინააღმდეგო საშუალების სახით, გაციებისა და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
…გვეხმარება გახდომაში
ზემოხსენებულმა კვლევამ, ექიმ სტივ ფოლკნერის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა, რომ ცხელი აბაზანა ამცირებს შაქრის უმაღლეს დონეებს საკვების მიღების შემდეგ და გვეხმარება საათში 140 კალორიის დაწვაში, რაც ერთსაათიანი სწრაფი სეირნობისას გახარჯულ კალორიებზე მეტია.
…ხსნის კუნთოვან დაძაბულობას
ცხელი აბაზანა ხსნის საერთო სტრესს ფიზიკური დატვირთვების შემდეგ, ამშვიდებს დაძაბულ კუნთებს და დადებით გავლენას ახდენს ძილზე, ხოლო შაპი უზრუნველყოფს მხრების, კისრისა და ზურგის კუნთების მასაჟს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და კანის მდგომარეობას.