ქალური დაავადებების ფსიქოსომატიკა: როგორ ვქმნით დაავადებებს ჩვენ თვითონ

0
837

ქალური ჯანმრთელობა პირდაპირაა დაკავშირებული ფსიქიკურ და ემოციურ წონასწორობასთან. სათუთ თემებთან შეხების გარეშეც კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქალური დაავადებების დიდი ნაწილი საკუთარ თავში გარკვეული რამეების მიუღებლობას უკავშირდება – იქნება ეს გარეგნობა, ხასიათი, სოციალური მდგომარეობა თუ სხვა.

ზოგი წლების განმავლობაში ცდილობს დაფეხმძიმებას, სხვას მუდმივი ჰორმონული დარღვევები, ციკლთან დაკავშირებული პრობლემები თუ ანთებები აწუხებს, ყველა ამ დაავადების მიზეზი კი, ხშირად, ფიზიკური ჯანმრთელობა სულაც არ გახლავთ.

ფსიქოსომატიკა საკმაოდ ძველი მეცნიერებაა, რომელიც აერთიანებს მედიცინასა და ფსიქოლოგიას, შეისწავლის ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას ნამდვილი დაავადებების გაჩენაზე და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ყველა პრობლემა შეიძლება ნერვებიდან მოდიოდეს!

ეს თემა ძალიან დეტალურად შეისწავლა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უკრაინელმა ფსიქოლოგმა, ვალერი სინელნიკოვმა:

“ადამიანი თავად ქმნის დაავადებას საკუთარი სხეულისთვის.

ასჯერ და ათასჯერ განმიხილავს სხვადასხვა შემთხვევა საკუთარი პრაქტიკიდან, ყოველ ჯერზე კი ვრწმუნდები, რომ ისეთი გარეგანი ფაქტორები, როგორებიცაა კვება, ინფექცია, ამინდის ცვლილებები, მხოლოდ ფონს ქმნის დაავადების განვითარებისთვის. ადამიანის სიღრმეში არსებობს რაღაც, რაც განსაზღვრავს ამა თუ იმ დაავადების განვითარებას და არ აქვს მნიშვნელობა, ეს დაავადება სულისაა თუ სხეულის.”

სინელნიკოვი დარწმუნებულია, რომ შეუძლებელია ამა თუ იმ ფსიქოლოგიური ფაქტორების კონკრეტულ დაავადებებთან კავშირის რაღაც უნივერსალური სისტემის განსაზღვრა, რამდენადაც თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად განიცდის სიტუაციებს, ზუსტად ისე, როგორც ფიზიოლოგიური თვალსაზრისით არ ვგავართ ერთმანეთს. თუმცა, მაინც აღინიშნება საერთო ნიშნები, რომლებიც ქალს მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ უნდა ებრძოლოს დაავადებებს.

საშვილოსნოს ყელის ეროზია

ალბათ, ჩვენს დროში, თეთრად შლის შემდეგ, ყველაზე გავრცელებული რეპროდუქციული დაავადებაა. თანაც, ეს დაავადება წლებთან ერთად “ახალგაზრდავდება”: სამკურნალო დაწესებულებებს სულ უფრო ხშირად მიმართავენ 19-20 წლის გოგონები. რა თქმა უნდა, გენეტიკური წინასწარგანწყობილება, ჰიგიენის წესების უგულებელყოფა, უსისტემო სქესობრივი ცხოვრება – ეს ყველაფერი გავლენას ახდებს დაავადების განვითარებასა და მიმდინარეობაზე.

თუმცა, არსებობს ეროზიის გაჩენის შინაგანი მიზეზიც – ესაა საკუთარი თავის აღქმა ზიანის მომტან, მოვალეობებში მოყოლილ ქალად. იმ პაციენტების უმრავლესობას, რომლებიც გინეკოლოგს ამ პრობლემით მიმართავენ, არ ესმის, როგორ მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება მამაკაცთან ურთიერთობაში, როგორ გამოიყენოს საკუთარი ქალური ენერგია და როგორ იყოს ქალური. ამიტომ, რეკომენდებულია, მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა, პაციენტი ფსიქოპრაქტიკებითაც დაკავდეს: ისწავლოს საკუთარი თავისა და მისი პარტნიორის ღირსეულ პიროვნებებად აღქმა; შეიყვაროს საკუთარი სხეული; შეიგრძნოს საკუთარი სექსუალური მიმზიდველობა.

თეთრად შლა

ამ უსიამოვნო დაავადების წარმოქმნის ფსიქოლოგიური მიზეზია პარტნიორთან სექსის სურვილის არქონა. იგი მანამ არ გაქრება, სანამ საყვარელ ადამიანთან სექსი სიამოვნების მონიჭებას არ დაიწყებს.

ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზის (დაავადება, რომელსაც საშვილოსნოს ქსოვილის ანთება და სისხლდენა მოჰყვება) გაჩენის შინაგანი წამქეზებელია მამაკაცის მონადირედ აღქმა. ასეთი ქალები მუდმივად დაძაბული არიან: ელიან ცუდს მამაკაცის მხრიდან, მათ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ, უხეშები არიან, მუდმივად აყენებენ პრეტენზიებს, ავლენენ უკმაყოფილებას. ასეთი პაციენტებისთვის რეკომენდებულია, ისწავლონ მამაკაცის აღქმა ინდივიდად, მისთვის არ უნდა ასოცირდეს ერთი მეორესთან; არ უნდა იყოს პარტნიორისგან შორს, პატივი უნდა სცეს მას, არ შეეშინდეს “ფარული საფრთხისა”.

საშვილოსნოს ფიბრომიომა

ესაა კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც ტრავმატული წარმოშობა აქვს (მაგალითად, მშობიარობის დროს საშვილოსნოს კუნთოვანი ბოჭკოების გახევა). ფსიქოსომატიკას რაც შეეხება, ფიბრომიომა შეიძლება გაუჩნდეს მამაკაცზე განაწყენებულ ქალს. ეს უნდა იყოს ძლიერი წყენა, გამოუთქმელი პრეტენზია, საყვარელი ადამიანის მხრიდან ღალატი – საშინლად უსიამოვნო მოვლენა, რომელსაც პაციენტი მუდმივად უბრუნდება.

შემთხვევათა უმეტესობაში, ფიბრომიომა არ ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას (საწყის სტადიაზე ჰომეოპათია, ჰორმონული თუ სხვა ტიპის მკურნალობა დასაშვებია), მას ოპერაციით აშორებენ. ეს ძალიან სერიოზული დაავადებაა, რომლის ოპერირებაზე დათანხმება ქალისთვის საბედისწერო შეიძლება გახდეს (ყველა არ თანხმდება საშვილოსნოს ამოჭრას) და ძლიერ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე. უნდა გქონდეთ უზარმაზარი ნებისყოფა, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. თუ წყენას გაუშვებთ, რა თქმა უნდა, ეს სიმსივნისგან ვერ გაგათავისუფლებთ, თუმცა, მედიკამენტოზური მკურნალობა გაცილებით მარტივად ჩაივლის.

საკვერცხეების ანთება, კისტები

სინელნიკოვი ამტკიცებს, რომ საკვერცხეები ქალის შემქმნელი ბლოკებია. თუ, ისევ და ისევ, ქალს არ შეუძლია თავისი პოზიციის გამოხატვა, თავისი პოტენციალის გამოვლინება, ჩნება ამ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები.

მენსტრუალური ციკლის დარღვევა 

ციკლის დარღვევები ან მენსტრუაციის შეჩერება ფსიქოლოგიურ კონტექსტში იმაზე მეტყველებს, რომ გოგონა ან ქალი უარყოფს თავის ბუნებას, თავის ქალურობას. იგი არაა კმაყოფილი თავისი სხეულით, ეშინია სექსუალურობის. აღსანიშნავია, რომ ციკლი რეგულირდება, როცა ქალი გარკვეულ ქალურ კოლექტივში ჩაერთვება, ნორმალური მორალური კლიმატით. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან მუდმივი ურთიერთობა არეგულირებს ქალური ენერგიის ნაკადს და, ხშირად, ამის წყალობით, მენსტრუაცია უმტკივნეულო, უვნებელი ხდება.

ფრიგიდულობა

სქესობრივი აგზნებულობის შემცირება, ორგაზმის არქონა მუდმივ შიშში ყოფნის ნიშნებია. შიში სქესობრივი აქტისა. ასეთი ქალები, ხშირად, უარს ამბობენ ყოველგვარ ფიზიკურ სიახლოვეზე, უპირატესობას ანიჭებენ სულიერებას. ალბათ, ამ ქალების ოჯახებში პურიტანული ატმოსფერო მეფობდა, დედა ან მამა ძალიან მკაცრი იყო, გოგონას არ აძლევდნენ ბიჭებთან ურთიერთობის უფლებას.

ამ შიშისგან გათავისუფლება ძალიან რთულია. ფრიგიდული ქალები ნებით ხვდებიან ან ცხოვრებას უკავშირებენ სექსუალურად არასრულფასოვან პარტნიორებს, რათა მათი უგრძნობლობა ერთმანეთს შეესაბამებოდეს. აი, “მათი გრძნობაზე მოყვანა” კი მხოლოდ მამაკაცს შეუძლია – ამ სიტუაციას თავს დამოუკიდებლად ვერ დააღწევს. პარტნიორმა თავისი მაგალითით უნდა დააჯეროს, რომ ქალს არამხოლოდ სიამოვნების მოტანა, არამედ მისი მიღებაც შეუძლია. ეს უნდა იყოს ძალიან მოსიყვარულე და ძლიერი ადამიანი.