
კანის საგულდაგულოდ გაწმენდის აუცილებლობის შესახებ, რა თქმა უნდა, გსმენიათ, თუმცა, დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ? გამოიყენეთ ჩვენი მარტივი რჩევები და დარწმუნდით: კანი მადლობას გადაგიხდით!
1. არ გაიხეხოთ თვალები
მაკიაჟის მოშორებისას ან პირის დაბანისას, ბევრი განსაკუთრებით უხეშად ექცევა თვალებს: იხეხავს მათ ბამბის დისკებით ან თითებით, მრისხანედ იქაფებს ან აგრესიულად წელავს კანს. ასე მხოლოდ ვნებთ კანსაც და წამწამებსაც. ნუ იჩქარებთ! თუ მედეგ კოსმეტიკას იყენებთ, იქონიეთ სპეციალური საშუალება მის მოსაშორებლად. წყალმედეგი ტუში მოიშორეთ ასე: დაიდეთ მაკიაჟის მოსაშორებელი სითხით დალბობილი ბამბის დისკები წამწამებზე, თვალები კი არავითარ შემთხვევაში არ გაიხეხოთ! სჯობს, 5-ჯერ ჩამოიბანოთ, ოღონდ დელიკატურად და ნაზად შეეხოთ კანს, ვიდრე ერთხელ და ავნოთ მას.
2. კოსმეტიკური საშუალება მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოიყენეთ!
როგორც არ უნდა გეჩქარებოდეთ, ნუ მოიშორებთ მაკიაჟს დასაბანი საშუალებით, მით უმეტეს, საპნით! მაკიაჟი სრულყოფილად რომ მოიშოროთ, კანი კი ახალგაზრდა, მოვლილი და ტონუსში დარჩეს, გამოიყენეთ სპეციალურად შემუშავებული საშუალებები თვალიდან მაკიაჟის მოსაშორებლად.
3. არ დაივიწყოთ ტონიკი
“მოამზადეთ კანი კრემის წასმისთვის” – ამ აღწერას ტონიკის შესახებ დაწერილ ნებისმიერ ტექსტში შეხვდებით. მართალია! მაკიაჟის მოშორებისა და სახის დაბანისას, ასე თუ ისე არღვევთ კანის pH ბალანსს, მისი ზედა ფენა გამოშრობილი და ზედმეტად მგრძნობიარეა. ტონიკი აღადგენს ნორმალურ მჟავა-ტუტოვან ბალანსს, აშორებს გამწმენდი საშუალებების ნარჩენებს, რომლებიც გამოიყენეთ (არა, ამას ვერ შეძლებთ ჩამობანით), შედეგად, კანის ნასვრეტები გაიწმინდება და კრემიც უკეთ იმოქმედებს.
4. ნუ შეეჩვევით ექსფოლიაციას
ალბათ, ეს ჩვენი ბრალიცაა: ბოლო დროს, ბიუთი-ექსპერტები ზედმეტად ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მხოლოდ ექსფოლიაციას შეუძლია კანის განახლება და ნაადრევი დაბერების პროფილაქტიკა. ეს სიმართლეა, თუმცა, ზედმეტი კარგიც ცუდია. თუ პილინგებსა და სკრაბებს კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოიყენებთ (მშრალ კანს ერთი პროცედურაც ეყოფა), ეპიდერმისის ახალგაზრდა უჯერედებს საფრთხეს არ შეუქმნით და გამაახალგაზრდავებელ ეფექტს მიიღებთ.
5. აუცილებლად წაიკითხეთ ინგრედიენტების სია
თუ ჰიპერმგრძნობიარე კანი გაქვთ და სავსებით უსაფრთხო საშუალება გჭირდებათ, აირჩიეთ ეტიკეტი: “გამოცდილია დერმატოლოგების მიერ”. თქვენს კოსმეტიკაში არ უნდა შედიოდეს სპირტი, პარაბენები და საღებავები. თუ სხვას ისინი არ ავნებს, თქვენს ნაზ კანს ნამდვილად დააზიანებს, ამიტომ აირჩიეთ თესლის ექსტრაქტებისა და E და B ვიტამინების შემცველი საშუალებები.
თქვენ როგორ იწმენდთ კანს?