ნუ მიხვალთ მარჩიელთან: როგორ “კითხულობს” გამოცდილი კოსმეტოლოგი პრობლემებს სახეზე

0
816
Photo credit: Getty Images

სახე არამხოლოდ ასაკსა და განწყობას, არამედ პიროვნულ თვისებებს, მავნე ჩვევებსა და ყოველდღიურ საქმიანობასაც კი ასახავს. ჩვენ გამოვკითხეთ ექიმ-კოსმეტოლოგს, თუ როგორ მუშაობს ბიუთი-ინდუსტრიაში დედუქციური მეთოდი და რას გვეუბნება ნაოჭები, კანის მდგომარეობა და სახის ფერი მათ მფლობელზე.

ფიზიოგნომიკა და ჰაბიტუსი

არსებობს მთელი მეცნიერება – ფიზიოგნომიკა, რომელიც დაკავებულია გარეგნობის ანალიზით. ძველ მედიცინაში, მას ანაცვლებდა ჰაბიტუსის გაგება, როცა სპეციალისტს ადამიანის გარეგნობისა და მისი სახის მდგომარეობის მიხედვით გამოჰქონდა გარკვეული დასკვნები მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმაოდ პირობითია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაშინაც კი, როცა ვამბობთ, რომ სახეს ხასიათის შესახებ შეუძლია თქმა, ამაში სიმართლის მარცვალი არსებობს, რამდენადაც ხასიათი ადამიანის ჰორმონალური აქტიურობის ზემოქმედებით ყალიბდება. გამომუშავებული ჰორმონები გავლენას ყველაფერზე ახდენს: ფიზიოლოგიაზე, ანატომიაზე, თავის ქალის ძვლების ფორმაზე, კუნთოვან მასასა და იმავე ხასიათზე.

მწევლის კუნთები

მოწევა, ალკოჰოლის არაზომიერი მოხმარება და ხშირი რუჯი – სამი მავნე ჩვევა, რომლებიც ყველაზე ძლიერ ისახება სახის კანზე. მოწევა ურტყამს სისხლძარღვებს – ისინი იჭედება, ვიწროვდება, კანი კი ვერ იღებს საკმარის საკვებ ნივთიერებებს, შესაბამისად, კარგავს ახალგაზრდულ იერსა და ფერს, ნაცრისფერდება. მოწევის გამო აღარ მუშავდება კოლაგენი და ელასტინი, ამიტომ კანი კარგავს სიმკვრივეს, იწელება, იკიდება და იწყება ნაადრევი დაბერება. რეგულარული მწეველი ყოველთვის უფრო მოხუცი ჩანს, ვიდრე რეალურად არის. ამასთან, მწეველს განსაკუთრებული მიმიკაც აქვს: ტუჩები მილაკად აქვთ გამოწეული, თვალები – მოჭუტული, ამ ორ ზონაში ჩნდება ე.წ. მწევლის ნაოჭები.

ალკოჰოლის არაზომიერი მოხმარება

ალკოჰოლის მოყვარული ადამიანის გამორჩევა შეიძლება სახის ფერის ცვლილებით, რამდენადაც სპირტიანი სასმელიც უშუალოდ სისხლძარღვებზე ახდენს გავლენას. ამასთან, აღინიშნება სახის შეშუპება, თვალქვეშა უპეების ჩაშავება და შესიება. კანში წყდება თვითგანახლების პროცესი, რამდენადაც უჯრედები სწორად ვეღარ ფუნქციონირებენ. დაბერების პროცესი გეომეტრიული პროგრესიით მიმდინარეობს. ჩნდება ძალიან ძლიერი გრავიტაციული ფტოზი, რადგან ალკოჰოლი “ჭამს” კოლაგენსა და ელასტინს, რომლებიც ამ ყველაფერს უშლის ხელს.

ზედმეტი რუჯი

თუ მზისგან დამცავ კრემებს არ იყენებთ ან ზედმეტ რუჯს იღებთ, ნაადრევი დაბერება არ აგცდებათ. უ.ი. სხივები ანადგურებს ყველაფერს, რაც კანში ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვისაა განკუთვნილი. რუჯის გადასვლის შემდეგ რჩება ჰიპერპიგმენტაცია, მშრალი, აქერცლილი კანი და უამრავი წვრილი ნაოჭი. ეს ნაოჭები სულ უფრო ღრმავდება, ქმნის ჩავარდნებს და იწყებს კანის ინვოლუციურ ცვლილებებს.

დეპრესია სახეზე

ემოციური დათრგუნვის ნიშნები “დეპრესიის ზონებში” იმალება – ამ მონაკვეთებში კუნთები აქტიურად მუშაობს: წარბშორისი ზონა, თვალის გარემო ზონები და, რა თქმა უნდა, პირის გარშემო ზონა და ცხვირ-ტუჩის ნაკვთები. თუ ადამიანი ხშირად ბრაზდება, ძლიერ გამოკვეთილი ექნება წარბშორისი ნაოჭები, თუმცა, ეს, შესაძლოა, მხედველობის დაქვეითების შედეგიც იყოს. თუ ადამიანი აპათიის მდგომარეობაშია, ჩამოთვლილ ზონებში ნაოჭები არ ექნება, სამაგიეროდ, სახე ექნება დათრგუნული, ქუთუთოები – ჩამოწეული, ოდნავ ღია, შესაძლებელია თვალქვეშ შავი წრეების გაჩენაც.

Photo credit: Getty Images

ცისფერი ეკრანი და თვალქვეშა სიშავეები

შეიძლება იმ ადამიანს გამორჩევაც, რომელიც საათობით უცქერს სმარტფონის ეკრანს. მხედველობითი ნერვის დაღლილობას თავიდან ვერ აიცილებს, შედეგად კი თვალქვეშ სიშავეები, თვალების გარშემო შეშუპება, თვალის სკლერის გაწითლება გაჩნდება.

ფაიფურის კანი

ფაიფურს უწოდებენ იდეალურად სწორ კანს თანაბარი ტონით. როგორც წესი, ასეთი ეფექტი პროფესიონალური პილინგების შედეგია, რომლებიც ცვლის კანის სტრუქტურას. ასეთი კანის მქონე ადამიანები რეგულარულად მიმართავენ კოსმეტოლოგს და თავიანთ გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევენ, ან წარმოშობით აზიიდან არიან.

დახეთქილი ტუჩები

ეს მდგომარეობა გვეუბნება, რომ ორგანიზმს არ ჰყოფნის ვიტამინები, რომ გარშემო ზედმეტი სიმშრალეა ან ორგანიზმში ჰორმონალურ აშლილობას აქვს ადგილი. ზამთარში, გარეთ გასვლამდე წაისვით მკვებავი ბალზამი, სახლში კი დაკავდით ჰაერის დატენიანებით.

ექსპრეს-გახდომის კვალი სახეზე

წონაში სწრაფი კლება ძლიერ ისახება კანზე. კოსმეტოლოგები მუდმივად გვეუბნებიან: თუ მნიშვნელოვნად დაკლებას აპირებთ, გააკეთეთ ეს 40 წლამდე. 5-7 კგ-ის დაკლებაც კი კანის ჩამოწელვას გამოიწვევს. 40 წლამდე, კანი გარკვეული დროის შემდეგ უბრუნდება საწყის მდგომარეობას, 40-ის შემდეგ კი “ბულდოგის სახე” გარდაუვალი იქნება.

მუწუკები ტკბილიჭამიებზე

დიდი რაოდენობით შაქრის მოხმარება აუცილებლად გამოიწვევს სახეზე მუწუკების გაჩენას. როცა სისხლში შაქრის მომატებული დონე რეგულარული გახდება, უკვე დიაბეტზე გვაქვს საუბარი. არსებობს ასეთი ცნება “დიაბეტური სახე” – ადამიანს არაჯანსაღი ფერი ახასიათებს: ლოყები მკვეთრი წითელი აქვს, სახის კანს მოვარდისფრო-მოწითალო ფერი ადევს.

პროფესიული ნაოჭები

სახით ადამიანის პროფესიის გამოცნობა თითქმის შეუძლებელია, თუმცა, ცდა შეიძლება. პირის გარშემო ნაოჭები გვეუბნება, რომ ადამიანს პირდაპირი კავშირი აქვს ორატორულ ხელოვნებასთან, ან სპიქერია, ან მსახიობი, რომელიც მუდმივად გარკვეული ტიპის მიმიკით საუბრობს. თუ თვალების გარშემო მახასიათებელი ნაოჭები აღინიშნება, რომლებიც თვალის მოჭუტვით ჩნდება, შესაძლოა, ადამიანი იძულებულია, მუდმივად დააკვირდეს მცირე დეტალებს, ანუ იყოს ლაბორატორიის თანამშრომელი, დაკავებული იყოს მიკროქირურგიით ან სულაც მენარდე იყოს. თუმცა, ეს არაერთმნიშვნელოვანი, ვარიაციულია.

წყაროcosmo