
სახელზე და მის მიხედვით მკითხაობის უამრავი სახეობა არსებობს, რაც გასაკვირი არაა. ითვლება, რომ ჩვენი სახელის არჩევაში უზენაესი ძალებიც მონაწილეობენ, ამიტომ, მის მიხედვით შეიძლება ბედისწერის განსაზღვრა, ვინმესთან საერთო მომავლის ან სხვა ადამიანის თქვენდამი დამოკიდებულების გაგება. იქნებ, გაინტერესებდეთ, რა ერქმევა თქვენს მომავალ პარტნიორს? ამაზე პასუხს გაგცემთ მკითხაობა ქმრის სახელზე. სპეციალურად თქვენთვის, ჩვენ შევკრიბეთ ყველაზე საინტერესო ტიპის მკითხაობები სახელის გამოყენებით.
სახელზე მკითხაობისთვის სხვადასხვა სახის ხელთარსებული საშუალება გამოიყენება: კარტები, სანთლები, ცვილი, ქაღალდი, წიგნი… შეგიძლიათ, ახალ ნაცნობზე ან საყვარელ ადამიანზე, მომავალ ან ყოფილ ქმარზეც კი იმკითხაოთ. Girl.ge-ის რედაქცია ახლა გაგაცნობთ ყველაზე ზუსტ სახეობებს, რომელთა შესახებ დაწვრილებით გიამბობთ ამ სტატიაში.
მამაკაცის დამოკიდებულებაზე მკითხაობა
სახელზე ასეთი მკითხაობით გაიგებთ, რა დამოკიდებულება აქვს თქვენდამი თქვენს რჩეულს. აიღეთ ჩვეულებრივი კარგის დასტა, ოღონდ, ზუსტი პასუხისთვის გამოიყენეთ გამოუყენებელი დასტა. სასურველია ისიც, რომ თქვენი სამკითხაო კარტი მანამდე არავის ჰქონდეს ხელში აღებული. აჩეხეთ დასტა, წარმოიდგინეთ რჩეული და კონცენტრირდით იმაზე, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მისი თქვენდამი დამოკიდებულების გაგება. შემდეგ, აიღეთ კარტი მარცხენა ხელით და დაალაგეთ.
ამ მკითხაობის დროს დალაგებული კარტების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს თქვენი რჩეულის სახელში ასოების რაოდენობას. მაგალითად, თუ მას გიორგი ჰქვია, დაალაგეთ ნახატებით ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ 6 კარტი, შემდეგ დაადეთ პირველ კარტს ახალი, შემდეგ მეორეს ახალი და ა.შ., სანამ ყველა კარტს არ დაალაგებთ. ამის შემდეგ, აიღეთ იმ დასტის მომდევნო დასტა, რომელზეც ბოლო კარტი დადეთ, და დაარიგეთ კარტები მარცხნიდან მარჯვნივ სხვა დასტებზე.
შემდეგ დასტასაც ასევე მოექეცით, საბოლოოდ კი მხოლოდ კარტის ორი დასტა უნდა დაგრჩეთ. აიღეთ მათგან ერთდროულად მარცხენა და მარჯვენა ხელით თითო კარტი და ნახეთ, ხელში ერთი და იგივე რანგის კარტი ხომ არ გიჭირავთ. თუ ისინი დაემთხვა, გადაალაგეთ, სწორედ ისინია საჭირო სამკითხაოდ. მორჩა, სახელზე მკითხაობა დასრულდა, ახლა მხოლოდ კარტების მნიშვნელობაღა დარჩა განსამარტავი.
- ორი 6-იანი – თქვენი ყურადღების ობიექტი ცდილობს თქვენთან დაახლოებას. აინტერესებთ მას;
- ორი 7-იანი – თქვენთან განმარტოება სურს;
- ორი 8-იანი – თქვენთან რაღაც სერიოზულ თემაზე უნდა ლაპარაკი;
- ორი 9-იანი – არ იდარდოთ, უყვარხართ;
- ორი 10-იანი – ეს ადამიანი თქვენდამი ინტერესს განიცდის;
- ორი ვალეტი – თქვენზე გაბრაზებულია;
- ორი ქალბატონი – მისი გული სხვას უჭირავს;
- ორი მეფე – ეჭვიანობს თქვენზე;
- ორი ტუზი – თქვენდამი ძლიერ ლტოლვას განიცდის.
თუ მკითხაობისას წყვილი კარტი არ ამოვიდა, ესე იგი, მას ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებია თქვენდამი დამოკიდებულება. გაიმეორეთ მკითხაობა რამდენიმე დღეში.

უძველესი მკითხაობა მომავალი ქმრის სახელზე
ეს მკითხაობა დიდი პოპულარობით სარგებლობს უკვე არაერთი ასწლეულის განმავლობაში. საუკეთესო დრო სამკითხაოდ გახლავთ შობის წინა ღამე (7 იანვრიდან 19 იანვრამდე), კარგი იქნება ივან კუპალას ღამეც (6-7 ივლისი) ან თქვენი დაბადების დღის წინა ღამე. დაწერეთ ქაღალდის პატარა ნაჭრებზე მამაკაცის სახელები, რაც გაგახსენდებათ. რაც მეტი, მით უკეთესი, და დააწებეთ ისინი სკოჩით ვარცლის კიდეებზე, გარედან ან შიგნიდან. ჩაასხით ვარცლში დამდნარი ან წვიმის წყალი, აიღეთ კაკლის ნაჭუჭი, დაანთეთ სანთლის ნაღვენთი და მოათავსეთ იგი ნაჭუჭში, ამის შემდეგ, ჩაუშვით იგი წყალში. რომელი სახელის გასწვრივაც მიცურდება იმპროვიზებული “იახტა”, ის ირქმევა თქვენს მომავალ მეუღლესაც.
სახელებზე მკითხაობა ქაღალდით
ეს მარტივი და ძალიან ზუსტი მკითხაობა გეტყვით, როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენ მიმართ რჩეულს. აირჩიეთ 7 ნაცნობის სახელები – მასისთვის გამოდგება უბრალო მეგობრები ან კოლეგები. შემდეგ, აიღეთ უჯრებიანი ფურცელი, დახაზეთ შუაში 7×7 უჯრა, ზემოდან, თითოეული უჯრის გასწვრივ, დაწერეთ ის 7 პირველი სახელი, რომლებიც აზრად გაგივლით, ცხრილის ქვემოთ კი, უჯრების გასწვრივ, დაალაგეთ 1-7 ნებისმიერი ციფრი. მარჯვენა მხრიდან, 7 უჯრიდან თითოეულის გასწვრივ, ჩაწერეთ თქვენ მიერ არჩეული სახელები, ხოლო მარცხნიდან – კვირის დღეები თანმიმდევრობით. ბოლო ეტაპი: თავად ცხრილის უჯრებშიც ჩაწერეთ 1-31 რიცხვები, დაუდევრად.
შემდეგ, მკითხაობისთვის აიღეთ მიმდინარე წლის კალენდარი და გაიგეთ, ემთხვევა თუ არა რომელიმე კვირის დღე ცხრილში აღნიშნულ თვის დღეს (მაგალითად, შაბათი, 30 დეკემბერი). თუ დაემთხვა, მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ ვისი სახელი წერია ამ დამთხვევის გასწვრივ, შემდეგ კი დახედეთ, რა ციფრი წერია ცხრილის ქვეშ, თვის სწორი დღის გასწვრივ.
ახლა მხოლოდ გაშიფრეთ ამ მკითხაობის შედეგი ქაღალდზე და გაიგებთ, როგორი დამოკიდებულება აქვს ამ მამაკაცს თქვენდამი:
- 1 – აშკარად მოსწონხართ;
- 2 – მისთვის სულ ერთი ხართ, როგორც გოგონა;
- 3 – თქვენთან ურთიერთობის წამოწყებაზე უარს არ იტყოდა;
- 4 – ახლა სხვა აინტერესებს, თუმცა შანსი მაინც გაქვთ;
- 5 – მოსწონხართ და, შეიძლება, ყველაფერი გამოგივიდეთ;
- 6 – ასჯერ დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ის: პრობლემების გარდა არაფერს მოგიტანთ;
- 7 – მტკიცე მეგობრობის იმედი გქნდეთ.
ძალიან იშვიათად, თუმცა ხდება ისეც, რომ ამ მკითხაობაში ადამიანის სახელზე ცხრილში არც ერთი თვის დღე არ ემთხვევა. ესე იგი, დღეს ვარსკვლავები არ არიან მზად პასუხის გასაცემად. გაიმეორეთ რამდენიმე დღეში.
სახელზე მკითხაობა სიყვარულთან დაკავშირებით
ამისთვისაც დაგჭირდებათ სახელებიანი ქაღალდის ნაჭრები, ამასთან, ბეჭედი და გრძელი ძაფი. ბეჭედი ძალიან მასიური არ უნდა იყოს, დიდი თვლის გარეშე. ქაღალდები დაალაგეთ მაგიდაზე მწკრივში ან რამდენიმე მწკრივად, სახელებით ქვემოთ. შემდეგ წარმოთქვით “ბეჭედო, ბეჭედო, მითხარი, ვის გავუღო გულის კარი”, გაატარეთ ძაფი ბეჭედში, ერთგვარი ქანქარა რომ მიიღოთ, და ნელა გადაატარეთ იგი ქაღალდებს, გაჩედით თითოეულის თავზე. რომელი სახელის თავზეც ყველაზე მეტად დაიწყებს რხევას, ის ერქმევა თქვენს საყვარელ ადამიანს.

ტაროს მკითხაობა “სახელები”
ამ მკითხაობას მრავალი სახელი აქვს: “სახელები”, “თავსებადობა”, “წყვილი” და ა.შ. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ კარტები გვეუბნებიან, რამდენად თავსებადი ხართ თქვენ და თქვენი რჩეული. მინიშნებას კი თქვენი სახელები მოგვცემს.
სამკითხაოდ დაგჭირდებათ ლენორმანის მცირე დასტა, რომელიც 36 კარტისგან შედგება. თქვენს კითხვაზე პასუხს გასცემს ერთადერთი კარტი. მის ამოსაღებად, დათვალეთ თქვენი სრული სახელების ასოების რაოდენობის ჯამი სპეციფიკური მეთოდიკით: ჩაიწერეთ თითოეული ასოს რიცხობრივი მნიშვნელობა ქაღალდზე, შემდეგ შეკრიბეთ ციფრები, რომლებიც თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის სახელების ასოებს შეესაბამება. თუ ჯამი 36-ზე ან 72-ზე მეტია, მიღებულ რიცხვს გამოაკელით, შესაბამისად, 36 ან 72 – ორიენტირდით ამ შედეგით. მიღებული რიცხვი გიკარნახებთ ლენორმანის დასტაში კარტის რიგით ნომერს. უბრალოდ ჩაიხედეთ წიგნში, რომელიც შიფრავს კარტების მნიშვნელობას (დიდი ალბათობით, მას კარტებთან ერთად იყიდდით) და თქვენი თავსებადობა ცნობილი იქნება.
ამ მკითხაობაში ასოების შესაფერისი ციფრებია:
- 1 – ა,კ,ტ,ძ
- 2 – ბ,ლ,უ,წ;
- 3 – გ,მ,ფ,ჭ;
- 4 – დ,ნ,ქ,ხ;
- 5 – ე,ო,ღ,ჯ;
- 6 – ვ,პ,ყ,ჰ;
- 7 – ზ,ჟ,შ;
- 8 – თ,რ,ჩ;
- 9 – ი,ს,ც;
სახელებზე მკითხაობა წიგნის მიხედვით
ეს მარტივი მკითხაობა კი იმის გაგებაში დაგეხმარებათ, თუ რა ერქმევა თქვენს მომავალ პარტნიორს (შეყვარებულს თუ ქმარს – ეს სპეციფიკური კითხვის დასმაზეა დამოკიდებული). აიღეთ თაროდან რამე სქელი წიგნი, ჩაიფიქრეთ გვერდის ნომერი და გადაშალეთ წიგნი იქ. ნახეთ, მამაკაცის რომელი სახელია იქ მოხსენებული პირველად. თუ იქ სახელი არაა, გადადით შემდეგ გვერდზე. რაღა თქმა უნდა, ამისთვის მხოლოდ სამხატვრო ლიტერატურა გამოდგება. კარგი იქნება, თუ ქართულს აიღებთ, მერე რომ არ არკვიოთ, ჟოფრეი ჯონი იქნება თუ ჟიული.