
დიდი ბრიტანეთის დედოფალი 94 წლისაა და დღემდე შესანიშნავად გამოიყურება და ძალიან აქტიურია. როგორ ახერხებს? Girl.ge-ს რედაქციამ მისი დღეგრძელობის საიდუმლო იპოვა.
1. გენები
დედოფალ ელისაბედ II-ის დედამ 101 წელი იცხოვრა, ხოლო ბებიამ და დიდედამ – 85 და 89 წლები. ოქსფორდის სიბერის უნივერსიტეტის გენეტიკოსი სარა ჰარპერი მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი სიცოცხლის ალბათობა მკვეთრად იზრდება, თუ თქვენმა ბაბუამ 70 წელი გადალახა, ხოლო ბებიამ 80 წელი იცოცხლა.
2. მოწევაზე უარის თქმა
დედოფალს არამწევლად გაზრდის ნაკლები შანსი ჰქონდა: მისი მამა და და ეწეოდნენ. საერთოდ, მისი ახალგაზრდობის დროს მოწევა ბოროტებად არ ითვლებოდა, პირიქით, მოდური და პროგრესული იყო, განსაკუთრებით ქალებისთვის. თუმცა ელისაბედი პრინციპულად ნიკოტინის მოწინააღმდეგე იყო, უფრო მეტიც: დაჟინებით ამტკიცებდა, რომ პრინც ფილიპს ცოლად გაჰყვებოდა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოწევას თავს დაანებებდა. პრინცმა მისი პირობა მიიღო და დღემდე 1 სიგარეტიც არ მოუწევია. სხვათა შორის, თავად ფილიპი 99 წლისაა. ხვდებით?
3. ღვინის მიმართ სიყვარული
ელისაბედ II მხოლოდ ღვინოს სვამს, დღეში 1–2 ჭიქას. დედოფალი უპირატესობას ანიჭებს თეთრ, მშრალ ღვინოს, რომელიც გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე და სახის ფერზე დადებით გავლენას ახდენს.
4. დიეტა
ელისაბედ II-ის ყოფილი პერსონალური შეფმზარეული დარენ მაკგრეიდი ამბობს, რომ დედოფალი საკმაოდ ასკეტურია. მისი საყვარელი კერძი – ქათამი გრილზე ბოსტნეულის სალათით. სახამებლის შემცველი პროდუქტები მკაცრად აკრძალულია. დედოფალი ფქვილიან პროდუქტებს არ ჭამს და დესერტებით თავს იშვიათად ანებივრებს.
5. ბედნიერი ქორწინება
დედოფალი პრინც ფილიპზე 73 წელი დაქორწინებულია! დედოფალი ინტერვიუებში ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ მეუღლე მის ყველა წამოწყებას მხარს უჭერს, 4 შვილის აღზრდაში აქტიურად მონაწილეობდა და მთელი ოჯახური ცხოვრების განმავლობაში სერიოზულად ერთხელაც არ უჩხუბიათ. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება!
6. ფიზიკური აქტივობა
დედოფალი დღემდე დღეში 2 საათს პარკში სეირნობს, კვირაში 2–ჯერ ცხენზე ჯირითობს და სამუშაო დღის ნაწილს მდგომარე პოზაში ატარებს, რომ კუნთების ტონუსი შეინარჩუნოს.
7. ჯანსაღი ძილი
ელისაბედ II–ს დღეში 7 საათი ძინავს, ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დგება: 7:30 საათზე აუცილებლად აღვიძებენ, თუ თავად ამ დროს ვერ გაიღვიძა. დედოფალი თვლის, რომ ჯანმრთელობის მხარდასაჭერად დღის მკაცრი რეჟიმი აუცილებელია.
8. გონების ვარჯიში
დედოფალი ყოველდღე კითხულობს, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს, მთავრობის მიმართვებს და რიგითი მოქალაქეების წერილებს პასუხობს, უახლეს ლიტერატურას ეცნობა და ოფიციალური მიღებების გეგმას, მათ კონცეფციას თავად ადგენს.
9. ქველმოქმედება
კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც სხვებს უანგაროდ ეხმარებიან, დიდხანს ცხოვრობენ, რადგან საკუთარი სარგებლობის განცდა, კეთილი საქმის კეთება ორგანიზმში სტრესის დონეს ამცირებს, რაც ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს. დედოფალი მთელ მსოფლიოში 600-ზე მეტი საქველმოქმედო ორგანიზაციის მფარველია და მათ აქტივობას ყურადღებას აქცევს.
10. ოპტიმიზმი
ქვეშევრდომები და სასახლის კართან დაახლოებული ბრიტანული საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ელისაბედ II თითქმის ყოველთვის კარგ ხასიათზეა. რაიმე მიზეზით გაბრაზების შემთხვევაშიც სწრაფად მშვიდდება და საკუთარ თავს იმედგაცრუების და დეპრესიის მიზეზს არ აძლევს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები პოზიტიური აზროვნებით უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე პესიმისტები.