
თქვენი მაკიაჟი ზამთარ-ზაფხულ ერთი ფერისაა? მაშინ, იქნებ, ამ სტატიის წაკითხვა გამოგადგეთ: ვარსკვლავური ვიზაჟისტი, ალენა ლაპინა დაწვრილებით გიამბობთ, თუ რატომ უნდა შევცვალოთ სახის მოვლისა და მაკიაჟის ჩვეულებრივი არსენალი ზამთრის საშუალებებით და როგორ გავაკეთოთ ეს სწორად.
აი, დადგა დრო, ვისაუბროთ ზამთრის მაკიაჟის თავისებურებებზე. მოგწონთ თუ არა ეს, ახლა ზამთარია. ვეცადოთ, იგი ლამაზად გადავიტანოთ: გათხაპნილი წამწამების, კანზე აქერცლილი ლაქებისა და სისხლამდე დახეთქილი ტუჩების გარეშე. პორტრეტი, რომელიც მხოლოდ ჰელოუინს შეეფერება, ხშირად ისხამს ხორცს, როცა არასწორ კოსმეტიკას ვიყენებთ. ზამთრის მაკიაჟისთვის შესაფერისი (და არამხოლოდ) საშუალებების შერჩევისას, ყურადღება გაამახვილეთ ორ ასპექტზე: კოსმეტიკის თვისებებსა და ვიზუალურ ეფექტებზე. Girl.ge-ს რედაქცია ახლა სწორედ ამ ორ ასპექტზე ისაუბრებს.
ზამთრის კოსმეტიკის თვისებები
- გადავიდეთ უფრო მკვებავ კრემებსა და ტონალურ ფუძეებზე.ტონალური ფუძეები oil free ნიშნით ზამთარში არაა ისეთი სასურველი, როგორიც ზაფხულში. პირიქით, ზამთარში ზეთებიანი საშუალებები იცავს და იხსნის ჩვენს კანს დაბალი ტემპერატურისა და ქარისგან.
- კანის კვება დღისით, დატენიანება – ღამით. დღის განმავლობაში, კანი უწყლოვდება: ერთი მხრივ, დაბალი ტემპერატურის გამო, მეორე მხრივ კი – ოთახის გათბობის გამო, ამიტომ, ღამით იგი კარგად უნდა დავატენიანოთ, დღისით კი გამოვკვებოთ, ამიტომ, დილით გამოიყენეთ მკვებავი კრემი ანტიოქსიდანტებით და დაიცავით კანი.
- უარი თქვით პუდრზე: იგი დამატებით აშრობს კანს.
- ზამთარში ფერ-უმარილი ძალიან ნატურალურად და ბუნებრივად გამოიყურება. კრემისებრი ტექსტურის გამოყენებას გირჩევთ.
- თვალის მაკიაჟისთვის გამოიყენეთ უფრო მდგრადი პროდუქტი, ეს განსაკუთრებით ტუშს ეხება. იდეალური ვარიანტია თერმოტუში, რომელიც მხოლოდ თბილი წყლით ირეცხება. თოვლი და წვიმა, როგორც ხვდებით, არც ისეთი საშიშია.
- დაბოლოს: ზამთარში ტუჩების მოვლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ, რამდენადაც სწორედ ისინი კარგავენ ტენიანობას პირველ რიგში. ღამით აუცილებლად გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი. ტუჩსაცხის წასმამდე, არ დაგავიწყდეთ ტუჩის ბალზამის ან პრაიმერის შესახებ! უმჯობესია, ზამთარში უარი თქვათ პიგმენტებსა (რამდენადაც ისინი კანს ძალიან აშრობს) და ბრჭყვიალებზე (იგი თხევადია, რაც დაბალ ტემპერატურაზე ტუჩის მდგომარეობას აუარესებს) და გამოიყენეთ კრემისებრი მკვებავი ტუჩსაცხები E ვიტამინითა და სხვა მკვებავი კომპონენტებით.
ზამთრის მაკიაჟის თავისებურებები
- მაშ ასე, ტექსტურებში გავერკვიეთ. არ შემიძლია არ ვახსენო მაკიაჟის ფერები, რომლებიც ზამთრის პერიოდში სათანადო და ჰარმონიული იქნება.
- ზამთრის პირველი წესი: 1 ტონით ღია, ვიდრე ზაფხულში. ეს უკავშირდება ზამთარში კანის საფრის საერთო სიფერმკრთალეს, აი, რატომაა თქვენი ჩვეული საზაფხულო ტონი მოყვითალო და შეუფერებელი ზამთარში.
- თავი შეიკავეთ ბრონზერის გამოყენებისგან – ეს ზაფხულის ატრიბუტია. ზამთარში ფერ-უმარილი უკეთესია. თუმცა, თუ ფიფქიად ან დიტო ვონ ტიზად ქცევა არ გსურთ, მაკიაჟის წასმის შემდეგ, გაამტკიცეთ იგი სპეციალური სპრეით, რომელიც აფიქსირებს მაკიაჟს და კანს რბილი რუჯისა და განათების ეფექტს აძლევს. აგრეთვე, იცავს გარე-სამყაროს უსიამოვნო ფაქტორებისგან. ჩემი რჩეულია That’s so, Sun Makeup.
- ზამთარში მაკიაჟის პალიტრაც უფრო ცივ, პასტელურ მხარეს გადადის. ნარინჯისფერი, ატმისფერი, ბრინჯაოსფერი, ოქროსფერი ზაფხულისთვის მოიტოვეთ. რუხი, ცივი ყავისფერი, იისფერი, ნაჯერი-ღვინისფერი და ლურჯი შესანიშნავად გამოიყურება ზამთარში.
იცით, გოგონებო, ვიღაც მეცნიერებმა (ალბათ, ბრიტანელებმა) დაადგინეს, რომ ზამთარში ქალები რამდენიმე წლით უფრო მოხუცად გამოიყურებიან, ვიდრე ზაფხულში. ამ მეცნიერებს სულაც არ ვეთანხმები. ზამთარსაც აქვს თავისი უპირატესობები! შეიძლება, ახალ ატამს დაემსგავსოთ, ფიფქიასავით, ოღონდ მხოლოდ სწორი მოვლის შემთხვევაში.