
ამ სიტყვის გაგონებისას, ბევრს ახსენდება საცირკო წარმოდგება, ბოშა ან კაშპიროვსკი, მისი სატელევიზიო სეანსებით. ვიღაც კი შეცდომით თვლის, რომ ჰიპნოზით სხვა ადამიანებზე ძალაუფლობის მოპოვებაა შესაძლებელი. ასეთი წარმოდგენა იმას უკავშირდება, რომ ჰიპნოზის გარშემო ყოველთვის არსებობდა სხვადასხვა სახის მითი, შარლატანები კი სხვებზე ჯადოსნური ზეგავლენის შესახებ სავსებით არასამეცნიერო შეხედულებებს ავრცელებდნენ. ახლა გაიგებთ, რა არის ჰიპნოზი, სამეცნიერო თვალსაზრისით. თუმცა, მაინც ცოტაოდენი მაგიით დავიწყებთ.
არსებობს მკითხაობის ასეთი სახეობა, როცა გოგონები ბეჭედს ძაფზე კიდებენ და კითხვას სვამენ. ბეჭედი იწყებს ქანქარასავით რხევას, ერთი მხრიდან მეორე მხარეს. თუ ქანარა წინ-უკან გაქანდება, პასუხი დადებითია, ხოლო მარჯვნივ-მარცხნივ რხევისას – უარყოფითი. ეს მოქმედება დაუმსახურებლად ეწერებოდა ზეციერ ძალებს ან სულებს.
აბა, რა არხევს ქანქარას?
გაგიკვირდებათ, თუმცა, ამ კითხვაზე პასუხს ადამიანის საკუთარი ქვეცნობიერი სცემს, მისი საკუთარი, გაუცნობიერებელი გამოცდილება.
ჯერ კიდევ შორეულ 1854 წელს, ფრანგმა მკვლევარმა, მიშელ ეჟენ შევრელმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ამ ფენომენს ხსნიდა. ჩვენი იდეები, აზრები, წარმოსახვა ავტომატურად, ცნობიერი კონტროლის გარეშე, აისახება მოძრაობაში. ეს იდეომოტორული ფენომენია.
შეგიძლიათ, თავად ჩაატაროთ მცირე ექსპერიმენტი. აიღეთ ძაფი მცირე ზომის ტვირთით, ხელი გაშალეთ წინ და დახუჭეთ თვალები. წარმოიდგინეთ, როგორ ირხება ქანქარა მარჯვნიდან მარცხნივ. გაახილეთ თვალები და დაინახავთ, რომ ხელში ქანქარა მართლაც იქეთ-აქეთ ირხევა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ შეგირხევიათ, თქვენი აზრით კი ხელი არ მოძრაობდა. თქვენს გონებაში წარმოდგენილი სურათი ხელის მოძრაობაში გამოიხატება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეცნობიერი გამოსახულებების, სურათებისა და წარმოდგენების ენით გვესაუბრება. ჩვენი გამოსახულებები და წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ უნებლიეთ განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას.
ამის შედარება კომპიუტერულ პროგრამასთან შეგვიძლია. ადამიანი თავად აპროგრამებს საკუთარ თავს, ქვეცნობიერი კი უბრალოდ მისდევს მითითებებს. ასეთ “თვითპროგრამირებას” საფუძვლად სწორედ ის ზემოხსენებული იდეომოტორული მექანიზმი უდევს: გამოსახულება მოქმედებაში თვითრეალიზაციისკენ მიისწრაფვის.
ერთი შეხედვით, ყველა ადამიანს უნდა, იყოს ჯანმრთელი, უზრუნველყოფილი, ჰყავდეს საიმედო პარტნიორი ან, უბრალოდ, იყოს ბედნიერი, რეალურად კი ასე არ ხდება.
საქმე ისაა, რომ ყველა ჩვენი სტერეოტიპი, დასკვნა და წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ ფორმულირდება ბავშვობაში, ადამიანი კი თავად ამას ვერ იაზრებს. პროგრამა უკვე დაწერილია, თქვენ კი უბრალოდ მიჰყვებით მას.
მაშ, როგორ უნდა გადავწეროთ ეს პროფრამა? აი, სწორედ ამაში გვეხმარება ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი – ჰიპნოზი.
სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც ცნობიერის დონეზე მუშაობას მოიაზრებს, ჰიპნოზი გვეხმარება, ზომიერად შევცვალოთ ცნობიერის მდგომარეობა. ამ მდგომარეობაში, ტვინი გადაირთვება ალფა-რიტმზე, რომელიც სიფხიზლის, სიმშვიდის მოდუნებულ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული.
ამ მდგომარეობაში, დროებით ქვეითდება კრიტიკული კონტროლი, ცნობიერი გონების მუშაობა მცირდება, ქვეცნობიერისა – ძლიერდება. ჩვენი ცნობიერი ლოგიკურია, მას აქვს გარკვეული შეზღუდვები. იგი ყოველთვის იპოვის ლოგიკურ დასკვნას, თუ რატომ არ შეგიძლიათ რაღაც კონკრეტულის გაკეთება.
ჩვენი ქვეცნობიერი გაცილებით უფრო ძველი და მძლავრი სტრუქტურაა, ვიდრე ცნობიერი გონება, მასთან მუშაობას გაცილებით ეფექტურია. ადამიანს არ უნდა, ასე უბრალოდ მოიშოროს თავისი აზრები და ჩვეული მდგომარეობები. ლოგიკაზე მუშაობას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან სულაც არ გამოიღოს შედეგი.
ჰიპნოზს კი არავითარი შეზღუდვა არ გააჩნია, ამ მდგომარეობაში, თერაპევტს შთაგონების ძალით შეუძლია “პროგრამაში” დადებითი ცვლილებების შეტანა, შემდეგ, ადამიანი ტრანსიდან გამოდის, ცვლილებები კი რჩება და აგრძელებს მოქმედებას.
ზოგიერთ ადამიანს ეშინია ამ მეთოდისა, რამდენადაც ფიქრობს, რომ ტრანსის მდგომარეობა საშიშია.
სიზმრის მსგავსად, ჰიპნოტური ტრანსის მდგომარეობა სავსებით ნორმალური, ორგანიზმისთვის ფიზიოლოგიურად ბუნებრივი მდგომარეობაა. მასში დღის განმავლობაში არაერთხელ იმყოფებით, უბრალოდ, ამას ვერ ხვდებით: როცა იძინებთ და იღვიძებთ, როცა ერთფეროვანი შრომით ხართ დაკავებული, აზრებს კი სადღაც შორს მიჰყავხართ, როცა ოცნებებში ჩაეფალით და სწორი შესახვევი გამოტოვეთ. ეს ყველაფერი სწორედ ტრანსის მდგომარეობაა.
ტრანსი საერთო ნარკოზი ან გონების დაკარგვა კი არაა – თქვენ ყველაფერს იაზრებთ, რაც გარშემო ხდება, უბრალოდ, ყურადღება მიმართულია გონების სიღრმისკენ.
ჰიპნოზის დახმარებით, კონკრეტული მიზნების სწრაფად მიღწევა შეიძლება: მავნე ჩვევების მოშორება, გახდომა, თვითშეფასების მომატება, შიშებისა და ფობიების დამარცხება, მეხსიერების გაუმჯობესება და ბავშვური ტრავმებისა და შემზღუდველი შეხედულებების მოშორება.
ეფექტურობის გარდა, ჰიპნოზს კიდევ ერთი უდავო უპირატესობა გააჩნია: არაფრის გაკეთება არაა საჭირო, უბრალოდ აუხსენით თერაპევტს თქვენი მიზანი, დახუჭეთ თვალები და უბრალოდ მოუსმინეთ მის ხმას, ან ნუ მოუსმენთ. უბრალოდ დაელოდეთ, როდის გააკეთებს თქვენი ქვეცნობიერი ყველაფერს, თქვენ ნაცვლად.
არავითარი ჯადოქრობა.