
21-ე საუკუნეში, ჩვენ ვცდილობთ, უფრო გააზრებულად მივუდგეთ ჭარბი წონის პრობლემას: რეგულარულად ვივარჯიშოთ, მოვერიდოთ მარტივ ნახშირწყლებს, მივირთვათ მეტი ხილი და ბოსტნეული. თუმცა, ისიც კი, ვინც ძალიან ფრთხილად უდგება კვების საკითხს, ხშირად, თავს აძლევს უფლებას, ღამით ჭამოს. არადა, სწორედ ეს ცთუნება შეიძლება იყოს საგულდაგულოდ შედგენილ მენიუში საბედისწერო. შემთხვევითი არაა, რომ ბევრი საბჭოთა დიეტა ერთ მარტივ ჭეშმარიტებას ქადაგებდა: არ მიირთვათ 18:00-ის შემდეგ! ეს წესი უნივერსალური არაა, თუმცა, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სწორედ ღამის საათებში ჭამა იწვევს წონაში არსებით მატებას. Girl.ge-ის რედაქცია, კომპანია Just For You-ს წამყვან დიეტოლოგთან ერთად, გაერკვევა ორგანიზმის მუშაობის მექანიზმში. ჩვენ გავარკვიეთ, რა მოსდის სხეულს, როცა ღამით რამეს მიირთმევთ.
რატომ განვიცდით შიმშილს ღამის საათებში უფრო მწვავედ?
დიეტები ყველაზე ხშირად სწორედ საღამოობით ირღვევა. ამას სამი მიზეზი აქვს:
- ფიზიოლოგიური ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საკვების უკმარისობა დღის განმავლობაში.
- ფარული შიმშილი: დღის განმავლობაში დაუბალანსებელი კვება იწვევს ორგანიზმში საკვები ნივთიერებების უკმარისობას.
- ფსიქოლოგიური – როცა უბრალოდ სტრესს ვაჭმევთ.
რა გავლენას ახდენს ღამით ჭამა ჩვენს ორგანიზმზე?
ღამით, როგორც წესი, ადამიანს სძინავს, ორგანიზმი დასვენებისთვისაა განწყობილი, უეცრად კი კუჭში ხვდება ცხელი კარტოფილი ფრი და სალათი, რომელიც წითელი ღვინით გაჟღინთეს. პრაქტიკულად მძინარე ნაწლავი მთელი ძალით ცდილობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამდენ საკვებს ვერ უმკლავდება. საკვები სათანადოდ ვერ მუშავდება, ვერ იწოვება წვრილი ნაწლავის კედლებში, ხოლო მსხვილი ნაწლავი ექვემდებარება პათოგენური მიკროფლორის ზემოქმედებას, რას ტოქსინების წარმოქმნას იწვევს. ორგანიზმი იტანჯება, საერთო მდგომარეობა უარესდება. მეტიც, ნახშირწყლოვანი პროდუქტის სიჭარბე ღამის საათებში ინსულინის ჭარბ გამოტყორცნას იწვევს, შესაბამისად, ღვიძლსა და ცხიმოვან უჯრედებში იწყება შაქრის გადანაწილების პროცესი, ორგანიზმში კი ცხიმის დაგროვება მიმდინარეობს.
როგორ ავიცილოთ თავიდან გვიანი ვახშამი?
- დღის განმავლობაში იკვებეთ დაბალანსებულად, ხუთჯერ.
- გაამრავალფეროვნეთ რაციონი და ყურადღება მიაქციეთ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მიკრო/მაკროელემენტების რაოდენობას მასში.
- იპოვეთ ალტერნატიული გზა სტრესთან საბრძოლველად: საღამოს გასეირნება, სპორტი, იოგა, სერიალი (მავნე სასუსნავების გარეშე), ინტერნეტ-ლექციები და სხვ.
რა შემთხვევაში შეიძლება ღამით ჭამა?
არაა აუცილებელი, ყველამ შეიკავოს თავი საღამოს ჭამისგან. რამდენიმე წლის წინ, ებრაელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და გაირკვა შემდეგი: ადამიანები, რომლებიც 20:00-ის შემდეგ მსუყედ ვახშმობენ, ჭარბ კილოგრამებს უფრო სწრაფად იკლებენ, ვიდრე ისინი, ვინც მსუყედ საუზმობას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, 18:00-ის შემდეგ არაფერს ჭამს. უნდა აღინიშნოს, რომ ის, ვინც ძილის წინ ვახშმობს, ჩვეულებრივ, არ მიირთმევს საუზმეს და უფრო ნაკლებს მიირთმევს დღის განმავლობაში. ანუ, გვიანი ვახშმის კალორიულობა არ აღემატება დღიური რაციონის ენერგეტიკულ ღირებულებას. მარტივად რომ ვთქვათ, თუ საუზმობას ვერ ასწრებთ, შეგიძლიათ, ვახშამი რამდენიმე საათით დააგვიანოთ ისე, რომ ფიგურას არაფერი ავნოთ. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ძილის წინ სასარგებლოა მარტივად ათვისებადი ცილით მდიდარი პროდუქტის (კვერცხის ცილა, ორთქლზე მომზადებული თევზი და ცოტაოდენი მწვანე ბოსტნეული) მირთმევა, რათა თავიდან აიცილოთ ინსულინის დონის მატება და მშვიდად დაიძინოთ.