
გრძელი და სქელი წამწამები თვალებს უფრო გამოკვეთილს და მგრძნობიარეს ხდის. გასაკვირი არაა, რომ ასეთ წამწამებზე ყველა გოგო ოცნებობს. ჩვენ მზად ვართ, ძვირი გადავიხადოთ წამწამების ტუშში, რომელიც როგორც რეკლამაში, წამწამებს უსასრულო სიგრძეს და წარმოუდგენელ მოცულობას მიანიჭებს. თუ ტუჩის ეფექტი საკმარისი არაა, უფრო შორსაც მიდიან: ზოგი ხელოვნურ წამწამებს იყენებს, ზოგი იგრძელებს, ზოგიც ლამინირებას იკეთებს. რომელი ავირჩიოთ? პასუხი Girl.ge–ს სტატიაში მოძებნეთ.
Girl.ge-ს რედაქციამ პატარა გამოკვლევა ჩაატარა და ახლა მზად ვართ წამწამების საქმეში ბოლო ტენდენციები გაგიზიაროთ. დაგრძელება და ლამინირება – ორივე პროცედურა მიმართულია მაკიაჟის გარეშე გამოხატული ხედვის და თვალწარმტაცი წამწამების შექმნისკენ. ისღა დაგრჩენიათ, თქვენთვის შესაფერისი აირჩიოთ.
ლამინირება
პირველ რიგში, ეს სამკურნალო და თერაპიული პროცედურაა სასიამოვნო ესთეტიკური ეფექტით. პროცედურის შემდეგ წამწამები ძლიერდება, სქელდება და გრძელდება, ჯანსაღად ბზინავს, გაჯერებული ფერი აქვს და ლამაზად აპრეხილია. წამწამები სუფთად და ბუნებრივად გამოიყურება. ლამინირება წამწამების ღირსებას გამოკვეთს და ნაკლოვანებებს ნიღბავს. პროცედურის შემდეგ დამატებითი ზრუნვა არ სჭირდება. ლამინირება უსაფრთხო და კომფორტულია. ერთადერთი მომენტი: კოსმეტიკის გამოყენება, ბალიშში სახით ჩარგული ძილი, ლინზების ტარება, ცურვა, გარუჯვა და საუნაში წასვლა ლამინირებიდან მხოლოდ 1 დღე არ შეიძლება.
შედეგი:
- თქვენი ბუნებრივი წამწამების სიგრძის ვიზუალურად გაზრდა;
- წამწამების სტრუქტურის გასქელება 30%–ით;
- წამწამების ფერი უფრო გაჯერებულია;
- წამწამების აპრეხის კორექცია;
- „გაშლილი“ ხედვის ეფექტი;
- წამწამების მოვლა–გაძლიერება;
- ეფექტი 1–2 თვე ნარჩუნდება;
- მსუბუქ მაკიაჟს ან ტუშის 1 ფენას ანაცვლებს;
ეს პროცედურა თქვენთვისაა, თუ:
- იდეალურ, მაგრამ ბუნებრივ წამწამებზე ოცნებობთ;
- გსურთ, რომ წამწამები ტუშის გამოყენების გარეშეც ლამაზად გამოიყურებოდეს;
- წამწამების დაგრძელება არ შეგიძლიათ ან არ გსურთ;
- აბსოლუტურად სწორი ან მსუბუქად აპრეხილი წამწამები გაქვთ;
- თქვენს წამწამებს სისქე და აპრეხა აკლიათ;
- წამწამების ტუშზე ალერგია გაქვთ;





დაგრძელება
წამწამების დაგრძელების მთავარი უპირატესობა – უნივერსალური მაკიაჟი 1 თვით ან ცოტა მეტხანს! დამატებით დილით 10 წუთით მეტი ძილი, რადგან წამწამების ტუშის გამოყენება არ მოგიწევთ. მით უმეტეს, ასეთ კარგ ეფექტს არც ერთი ტუში არ მოგცემთ: „მელის“ „ციყვის“ „თოჯინის“ და სხვა ეფექტები თქვენს ხედვას გამოხატულს გახდის, ხოლო სურვილის შემთხვევაში თვალის ფორმას ვიზუალურად შეცვლის. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ვერავინ შეამჩნევს, რომ წამწამები „მშობლიური“ არაა. კიდევ ერთი დიდი პლიუსი: წვიმა, თოვლი, ქარი თუ ბედნიერების ცრემლები წამწამებს „არ ჩამორეცხავს“.

შედეგი:
- თქვენი სახე მიმზიდველია, მაშინაც კი, თუ ბუნებამ ბუნებრივი წამწამებით დაგჩაგრათ;
- წამწამების ტუჩის გამოყენება არ გჭირდებათ. ასე დროს და ფულს დაზოგავთ;
- დღის მონაკვეთის მიუხედავად იდეალურად გამოიყურებით;
- უფრო მეტი ვარიანტი: ბუნებრივი ეფექტიდან დაწყებული და ჰოლივუდური მოცულობით დამთავრებული.
ეს პროცედურა თქვენთვისაა, თუ:
- ოცნებობთ მიმზიდველ თვალებზე, მაგრამ ბუნებრივად მოკლე წამწამები გაქვთ;
- გსურთ წამწამების ტუში თუნდაც 1 თვე დაივიწყოთ;
- გსურთ იდეალური მაკიაჟით გაიღვიძოთ;
- გსურთ შვებულებაში ან მნიშვნელოვან დღესასწაულზე იდეალურად გამოიყურებოდეთ;
- თქვენთვის ლამინირების ეფექტი საკმარისი არაა და უფრო მეტი გსურთ.




