ფორმატი არაა: რატომ არ მოგწონთ ის, რაც ირგვლივ ყველას მოსწონს

0
450
photo credit: Getty Images

გულგრილი ხართ იმ საკითხების მიმართ, რაც ყველას აღაფრთოვანებს? და არა იმიტომ, რომ ცუდ განწყობაზე ხართ, უბრალოდ ასეა? რას იზამთ, არ მოგწონთ ეს მზის ჩასვლა, შავი ხიზილალა და მსახიობი ბრედ პიტი. „რა მჭირს?“ – ეკითხებით საკუთარ თავს. „მგონი კარგად არ ხარ“ – ცეცხლს გიმატებენ სხვები. Girl.ge-ს რედაქცია ერთად გარკვევას გთავაზობთ. როგორ მოხდა, რომ უსიყვარულოდ ცხოვრობთ და არსებობს თუ არა იმედის სხივი ამ ნაცრისფერ ცაზე.

ცხოველები არ მიყვარს

მეგობარი სოციალურ ქსელში კატების ფოტოების გამოქვეყნებაზე გიჟდება. „საყვარელი! ლამაზი!“ – ყველა მხრიდან კატის მოყვარულები კომენტარებს წერენ. თქვენ კი თავხედი კატის ფოტოებს სწრაფად სქროლავთ. რა არის მასში განსაკუთრებული? სულელური თვალები, სქელი ლოყები, წვრილი ულვაშები. თან ამაზრზენად კნავის.

ადექით და თქვით, რასაც ფიქრობთ. მას შემდეგ, სხვებთან, განსაკუთრებით კატის მოყვარულებთან, ურთიერთობა გაგიცივდათ. ნაწყენი ხართ, მაგრამ კატების მიმართ სიმპათია არ გაგჩენიათ.

ექიმო, რა არის ეს?

ფსიქოლოგები საშინელ რამეს ამბობენ: ადამიანებს ცხოველები არ უყვართ, რადგან არ შეუძლიათ მათი გულწრფელობის მიღება და უპირობო სიყვარული. გასაგებად ავხსნით: შესაძლოა, ზოგიერთ კატის „მოძულეს“ ბავშვობაში კატებთან და საერთოდ ცხოველებთან ურთიერთობა არ ჰქონია. მათთვის გაუგებარია, თუ რატომ არის ბედნიერება ძაღლის ყურებზე ხელის გადასმა, ზაზუნასთვის კომბოსტოს ჭამა და კატის ჩახუტება. ის, რაც მათთვის უცნობია, შეუძლებელია მიმზიდველი იყოს, ეს პირველი მიზეზია. მეორე: შესაძლოა, ვინმეს სამწუხაროდ გამოცდილება ჰქონდეს. საყვარელი ძაღლის ტრაგიკული სიკვდილი, მზრუნველი კატის მძიმე ავადმყოფობა – ის, რამაც მძიმე კვალი დატოვა. და კვლავ მათი ყურება მოგონებების გაცოცხლებას ნიშნავს.

მესამე მიზეზიც არსებობს: ცხოველები ამა თუ იმ თვისებას განასახიერებენ. კატები დამოუკიდებლები არიან, ძაღლები ერთგულები – შესაძლოა, მას პრობლემები ამ თვისებებთან აქვთ. მას სურს დამოუკიდებლობა, ხასიათის გაძლიერება, მაგრამ არ გამოსდის და აქ, კი ცხოველი სიამაყის ცოცხალი განსახიერებაა. ან, პირიქით: ადამიანი იზოლაციის, მარტოობის გამო იტანჯება, მაგრამ ვერაფერს ახერხებს. შინაურ ცხოველში ამპარტავანი მიუწვდომლობის დანახვისას კბილს კბილზე აჭერენ.

მოკლედ, ცხოველები კარგები არიან. დაფიქრდით, რა გიშლით ხელს მათთან დამეგობრებაში. ასევე სხვების შინაურ ცხოველებს მათ მფლობელებთან ურთიერთობის პრიზმიდან გახედეთ.

ბავშვები არ მიყვარს

თქვენ ფსიქიკაში აშკარა ღრმა გადახრები გაქვთ, რასაც სხვები ხედავენ და თქვენც იცით. მიზეზი სერიოზულია: ბავშვები არ გიყვართ.

დედობა? ჰმ, ამ მოვალეობისგან გამათავისუფლეთ. უძილო ღამეები, საფენები, დილიდან დაღამებამდე ტანჯვა. და რის გამო, ანუ ვის გამო – პატარა დიქტატორის და ტირანის გამო.

მოზრდილი ბავშვებიც გაღიზიანებთ. ხმამაღლა ყვირიან, ყველგან დაძვრებიან, შეუჩერებლივ მოძრაობენ – ნამდვილი კოშმარი. სამწუხაროდ, თქვენი „ბზიკობა“ ყველასთვის ცნობილია, ამიტომ გიცნობენ, როგორც „ლამაზ გოგოს, ცოტა ჭკუადაკარგულს“.

ექიმო, რა არის ეს?

პირდაპირ გეტყვით: უფროსებს ბავშვები სძულთ, რადგან თავად ჯერ კიდევ ბავშვები არიან. ძლიერი ემოციების განცდა შეგვიძლია მხოლოდ მათ მიმართ, ვისაც თანასწორად მივიჩნევთ. შიში კი (ცნობილია, რომ აგრესია შიშის მეორე მხარეა) ბავშვობიდან მოდის. შესაძლოა, ვინმეს ბავშვობაში თანატოლები ავიწროებდნენ, ბავშვების სისასტიკე – ცხადი და ცნობილი ფაქტი. უფროსები ძველ წყენას აზვიადებენ, ხოლო მუდმივ ბავშვებს პატარების მიმართ სიძულვილი უყალიბდებათ. მეორე შესაძლო მიზეზი – უკიდურესი ეგოიზმი, რომელიც კვლავ ბავშვებს ახასიათებთ. მემკვიდრის გაჩენა ცხოვრებას სრულად ცვლის, სამყაროს ცენტრი ბავშვზე გადადის, ინტერესებზე უარის თქმას გვაიძულებს და ეს წყენას იწვევს. ჯანსაღი, მოწიფული ფსიქიკის ნიშნები – ვინმეზე ზრუნვის, გამოცდილების გადაცემის, სიყვარულის ჩუქების გაცნობიერებული სურვილი. იმედი არ გაიცრუოთ, ეს მიიღეთ. დიდი ალბათობით, ჯერ კიდევ გაიზრდებით, თუ არა – არა უშავს, უბრალოდ ყველგან საკუთარი აზრი არ დააფიქსიროთ.

ჩემი დაბადების დღე არ მიყვარს

ყოველწლიურად, ნამდვილი კოშმარია: მაგიდა, ყალბი მილოცვები, სულელური სადღეგრძელოები, ნამცხვარი, სულელურ ქუდში და ვარცხნილობაში. „ვერ–ვი–ტან“ – თავზე ხელებს იდებთ, შვებულებას იღებთ, ტელეფონს თიშავთ და სახლში მარტო ხართ ან სადმე მიდიხართ, სადაც თქვენი „დაბადების დღის“ შესახებ არავინ იცის.

საბედნიეროდ, მარტო არ ხართ, ასეთები ბევრნი არიან.

ექიმო, რა არის ეს?

ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს. ყველაზე სამწუხარო ვარიანტი – ღრმა უსიამოვნება საკუთარი თავის მიმართ. საკუთარ თავთან დაკავშირებული ნებისმიერი რამ სინანულს იწვევს. სუფრასთან მილოცვის მიღება ნიშნავს ყურადღების ცენტრში ყოფნას, რაც ადამიანს აშინებს და აბრაზებს.

კიდევ ერთი ვერსია – მშობლების მიმართ წყენა, განსაკუთრებით დედის მიმართ. ყველაფერი, რაც დაბადებას უკავშირდება, ავტომატურად დედას ეხება. თუ უღრუბლო ურთიერთობა არ გაქვთ, დაბადების დღე „სამწუხარო დღესასწაული“ გახდება.

კიდევ ერთი დაბრკოლება – ცვლილებების შიში. ყოველი გასული წელი არის სიმბოლო, მილოცვებში ჟღერს ახალი წარმატებები, მიღწევები და ნაცნობობა. ზოგიერთ ჩვენგანს ერთი საქმის დასრულება და ახლის დაწყება უჭირს, აქედან მოდის ძველის გაწელვის სურვილი და დაბადების დღის არ აღნიშვნის სურვილი.

და ბოლოს, სრულად გართობას ხელს უშლის ემოციების დაბლოკვა. დღესასწაული სიხარული, მხიარულება და გართობაა. ამ ძლიერი ემოციების სრულად შეგრძნება ყველას არ შეუძლია: სამწუხაროდ, თავადაც ხვდებიან, რმ „ცხოვრების დღესასწაულზე უცხოები არიან“. ამის გაგება ნერვიულობას იწვევს. კარგი დღესასწაულის ნაცვლად ადამიანი იტანჯება.

მოკლედ, გირჩევთ ერთ ან ორ უახლეს მეგობართან ერთად იზეიმოთ. იქნებ, პირველივე დღესასწაული მოგეწონოთ.

მამაკაცები არ მიყვარს

დაქორწინებული დაქალები – თვითმკვლელები. როგორ შეიძლება უარის თქმა მეგობრობაზე, გასეირნებაზე და ა.შ. ვიღაც თმიანი ბარბაროსის გამო? მით უმეტეს, მისი სახლში მოყვანა და საერთოდ, ყველა მამაკაცი საშინელია. თითებს ვმუშტავთ: დაუდევრები, მოსაწყენები, უხეშები, სულელები, მტანჯველები და მახრჩობელები. კიდევ ფეხბურთი და კომპიუტერული თამაშები უყვართ.

ისე ხდება, რომ ფლირტის ნებისმიერ მცდელობას ძირში კვეთთ, მამაკაცების დახმარებაზე, ქორწინებაზე ნებისმიერ ფასად უარს ამბობთ.

ექიმო, რა არის ეს?

ეს წყენაა. ერთ ან ორ მამაკაცზე, რომლებმაც ტკივილი მოგაყენეს. შესაძლოა, მამაზე, რომელმაც მიგატოვათ. საყვარელ მამაკაცზე, რომელმაც შეუხორცებელი ჭრილობა დაგიტოვათ. წყენა იმდენად დიდია, რომ აბსურდულ ზომამდე გაიზარდა: თუ ერთი ადამიანი ცუდია, გამოდის ყველა ასეთია. ამას გეუბნებათ უკომპრომისო ქვეცნობიერის ხმა, რომელიც მხოლოდ შავ–თეთრისკენ მოგიწოდებთ. არადა სამყარო დიდია, მუდმივად იცვლება, მასში მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის კარგი და ძალიან კარგი.

ცუდ ადამიანებს ვერ შეცვლით, მაგრამ შეგიძლიათ მათთან ურთიერთობა შეწყვიტოთ. სანამ გძულთ, მოქმედებს პრინციპი „თუ ირგვლივ ყველა ნაძირალაა, მაშინ თქვენ ცენტრი ხართ“, ანუ ნეგატიურ და პოტენციურ დამნაშავეებს იზიდავთ. თუ ხედვის კუთხეს შეცვლით – სურათი მთლიანად შეიცვლება.

ადამიანები არ მიყვარს

სხვებთან ურთიერთობა ჯოჯოხეთის შვიდ წრეს ჰგავს. ხალხი ნელი, სულელი, ამპარტავანი, ხარბი და შურიანია. ასევე ცუდი ქცევები, სულელული თვალები და პრიმიტიული სურვილები აქვთ. მიზანთროპი ხართ – ის, ვისაც კაცობრიობა სძულს. ამით როგორ ვიცხოვროთ?

ექიმო, რა არის ეს?

ეს სიყვარული სიძულვილს მჭიდროდ უკავშირდება. არსებობს დაუცველი სულის მქონე პიროვნებები, რომლებიც თავდაპირველად სამყაროს ლამაზად აღიქვამდნენ, მის მკვიდრებს ადამიანის ტიტულის ღირსად. მაგრამ დღითიდღე რწმუნდებოდნენ: ადამიანი სუსტია, ამის შესახებ ჯერ კიდევ რომაელი ფილოსოფოსი სენეკა გვაფრთხილებდა. ადამიანები ტყუიან, ქურდობენ, სულელურად იქცევიან. ვერაფერს გახდებით, მხრებს იჩეჩავენ მეგობრები, რომელთთვისაც „ცინიზმით“ ცხოვრება მარტივია. ხოლო მათთვის, ვისაც მგრძნობიარე სული აქვს, ასეთი სურათი აუტანელია. ისინი კაცობრიობის შეცვლას ცდილობენ, დაცინიან, მოუწოდებენ – საპასუხოდ, უაზრო მზერა და განაჩენი „თავადაა სულელი“. მოკლედ: მიზანტროპი ძლიერ იმედგაცრუებული რომანტიკოსი. მას არა ადამიანები, არამედ მათი მანკიერებები სძულს. მათი უგულებელყოფა არ შეუძლია, პირიქით, მათზე „მიჯაჭვულია“: კარგ თვისებებს შორის ერთი ჭია იპოვა და გაბრაზდა. მოკლედ, ერთგვარი „ექთანი“ და მკურნალია. სხვათა შორის: ყველაზე საშიში ხალხი არა მიზანტროპები, არამედ გულგრილები არიან. თუ ჩვენი არ გჯერათ, დაუჯერეთ იულიუს ფუჩიკს, საკულტორო „რეპორტაჟი კისერზე მარყუჟით“ ავტორს: „გეშინოდეთ გულგრილების. მათი ჩუმი თანხმობით დედამიწაზე ყველა უბედურება ხდება“.

მოკლედ, რა გავაკეთოთ? ფოკუსი შეცვალეთ: საკუთარ თავს ხალხში კარგის დანახვა აიძულეთ. პლიუსების პოვნა ჩვევად გქონდეთ: აგრესიულ ქალებს სასიამოვნო ხმა აქვთ, ეშმაკ ტაქსის მძღოლებს მდიდრული თმა, აი, ეს არამზადა – ორატორია. პოზიტივის რადიუსი გაზარდეთ და მოიშორეთ სამწუხარო მეტაფორები: „აგრესიული“, „ეშმაკი“, „არამზადა“. ნეიტრალური პოზიცია დაიჭირეთ, სასიამოვნო თვისებები დაინახეთ. გაითვალისწინეთ ანარეკლის კანონი: თქვენ ირგვლივ სამყარო ისეთია, როგორც თავად თქვენ. თქვენ კარგი ხართ და ირგვლივ ყველა კარგდება, მსგავსი მსგავსს იზიდავს.

გარდა ამისა, გახსოვდეთ უკვდავი გამონათქვამი: „სანამ ვინმეს განსჯით, მისი ფეხსაცმელი აიღეთ და მისი გზა გაიარეთ“. ადამიანი ღმერთი და სამართლიანობის ორგანო არაა, ჩვენ ადამიანების კარგებად და ცუდებად დაყოფის უფლება არ გვაქვს. თუ ბულგაკოვს დავუჯერებთ, ცუდი ადამიანი არ არსებობს, მხოლოდ უბედურები არსებობენ. მათ ისედაც შეხვდათ – სჯობს შეიცოდოთ, ადამიანი იყავი.

წყაროcosmo