
ამ ჟღალ თმას არაფერი აკავშირებს თხილისფერ-ნაცრისფერთან, რომელიც ფოტოზე აჩვენეთ სტილისტს? ოსტატი ბობს კარესგან ვერ არჩევს, ამიტომ ახლა თავზე ყვავის ბუე გადევთ? ნუნი გაგიჭრეს? შეინახეთ ეს სტატია და არასდროს გადაიხადოთ ფული სხვისი შეცდომებისთვის!
დავიწყოთ მთავრით. ნებისმიერი პროცედურა სილამაზის სალონში უნდა დაიწყოს ოსტატის მიერ დაწვრილებითი აღწერით იმის შესახებ, თუ რას, როგორი თანმიმდევრობით და რა მიზნით გააკეთებს. მან უნდა გაგაფრთხილოთ შესაძლო რისკების შესახებ, დაასახელოს პროცედურის დაახლოებითი ხანგრძლივობა და საფასური, აგრეთვე, გესაუბროთ მოქმედებათა გეგმაზე, თუ წინასწარ ფიქრობს, რომ შედეგი ვერ იქნება ისეთი, როგორსაც თქვენ ელოდებით (მაგალითად, შავი ნაცრისფერ ქერად გარდაქმნა სალონში ერთი მისვლით ძალიან რთულია). თუ მომავალი პროცესის ყველა დეტალი დაწვრილებით არ აგიხსნეს, ესე იგი, სალონმა უკვე დაარღვია თქვენი უფლება. კანონით, შეგიძლიათ, უარი თქვათ მომსახურებაზე. ახლა ამ ყველაფერზე დაწვრილებით გესაუბრებით.
1. თმის ფერი არ შეესაბამება მოთხოვნილს
იურისტებისთვის, ამ შემთხვევას მომსახურების გარიგების პირობასთან შეუსაბამობა ეწოდება. თამამად მოითხოვეთ უფასო ხელმეორე გადაღებვა, თუ შედეგი კატეგორიულად არ მოგწონთ, ან უარი თქვით უკვე ჩატარებული პროცედურის საფასურის გადახდაზე. თქვენ გიცავთ 151-ე დოკუმენტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. თუ ადმინისტრატორმა დაიჟინა, რომ სრულად დაფაროთ გაწეული მომსახურების საფასური, შესთავაზეთ მას სასამართლოში დავა. კანონი თქვენს მხარესაა! სხვათა შორის, შეახსენეთ ოსტატს ისიც, რომ თმის შეღებვამდე, სალონში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ბიოლოგიური ცდა მგრძნობელობაზე, მხოლოდ ეს დარღვევა კი შესანიშნავი შესაძლებლობაა კომპენსაციის მისაღებად.
2. თმა არასწორად შეგჭრეს
ესაა არასათანადო ხარისხის მომსახურების გაწევა. უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ზარალის სრულყოფილი ანაზღაურება. თუ ნაკლის გამოსწორება შეუძლებელია (ზედმეტად მოკლედ შეგჭრეს), არაფერი გადაიხადოთ და დაეყრდენით ზემოხსენებულ დოკუმენტში მოცემულ კანონს. თუ სიტუაციის გამოსწორება შეიძლება, უბრალოდ შეცვალეთ ვარცხნილობა იმით, რომელიც მოგწონთ. მეტიც, თეორიულად, შეგიძლიათ მორალური ზიანის კომპენსაციაც კი მოითხოვოთ. თუმცა, ამ შემთხვევაში, შანსი ნაკლებია.
3. პროცედურის დაწყებამდე სხვა ფასი გითხრეს, დასრულებისას – სხვა
არაკეთილსინდისიერი სალონების ტიპური ხრიკია: “დამატებით ნიღაბი გაგიკეთეთ, კრემი წაგისვით, თავი დაგიზილეთ, საჭირო იყო დამატებითი შეღებვა/ჩამობანვა…” – გატყუებენ! სანამ ნებისმიერ დამატებით პროცედურას ჩაგიტარებს, ოსტატი ვალდებულია, გაცნობოთ მისი აუცილებლობის შესახებ და მიიღოს თქვენგან თანხმობა დამატებით ხარჯზე. შეგიძლიათ, სურვილისამებრ, დათანხმდეთ ან უარი თქვათ. ყველაფერი, რაც თანხმობის გარეშე გააკეთეს, თქვენი პრობლემა არაა, თქვენ ეს მომსახურება არ მოგითხოვიათ. შესაძლოა, პოლიციის გამოძახებით დაგემუქრონ, მაგრამ იცოდეთ, რომ პოლიციას არ აქვს უფლება, ჩაერიოს სამოქალაქო ურთიერთობებში. უბრალოდ არავინ მოახდენს რეაგირებას მსგავს გამოძახებაზე.
4. შეღებვის ან/და დახვევის შემდეგ, თმა გაფუჭდა
ჩვეულებრივ, ასეთ სიტუაციაში ოსტატი იწყებს თქვენს დარწმუნებას, რომ პრობლემა თქვენს თმაშია და მსგავს შედეგებს ვერაფრით იწინასწარმეტყველებდა. ტყუილია! სწორედ იმიტომ ჰქვია ოსტატი, რომ პროცედურამდე შეისწავლოს თქვენი თმის თავისებურება და, უმცირესი ეჭვის შემთხვევაშიც კი, სცადოს თქვენი გადაფიქრება. ხოლო თუ თქვენ დაიჟინებთ, გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, თავად ხართ შედეგზე პასუხისმგებელი. თუმცა, თუ თქვენთვის არაფერი უთქვამთ, არ ხართ ვალდებული, თანხა გადაიხადოთ, მეტიც: მოითხოვეთ კომპენსაცია დაზიანებული გარეგნობისთვის! კანონით, არ ხართ ვალდებული, პროცედურის შესახებ რამე იცოდეთ, ეს ოსტატის დავალებაა – ყველა შესაძლო შედეგი გაგაცნოთ.
5. დაგპირდნენ, რომ თმას ისე შეგჭრიდნენ, მარტივად დაივარცხნიდით, სახლში კი თმას ვერაფრით იწესრიგებთ
არც იფიქროთ, რომ ხელები უკუღმართი გაქვთ ან თმის დასავარცხნი საშუალებებია ცუდი. ეს სალონის ბრალია! დაბრუნდით და შეატყობინეთ ადმინისტრატორს, რომ მცდარი ინფორმაცია მოგაწოდეს მიღებული მომსახურების შესახებ. რომ სწორედ მარტივად დავარცხნა იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიჭარით თმა ასე და არა სხვანაირად. შეჭრის ღირებულება უნდა დაგიბრუნონ!
6. შეღებვიდან გარკვეული დროის შემდეგ, საღებავზე ალერგიული რეაქცია დაგეწყოთ
ბუნებრივია, სალონი დაიჟინებს, რომ ალერგიული რეაქციის მიზეზი საღებავი არაა და, ზოგადად, ბევრი რამ შეიძლებოდა წაგესვათ მას შემდეგ, რაც კარიდან გახვედით. არ დანებდეთ! პირველ რიგში, გაიხსენეთ, რომ მგრძნობელობაზე ბიოლოგიური ცდა უნდა ჩატარებულიყო (იხ. 1 პუნქტი). ალბათ, იგი არ გაუკეთებიათ, ესე იგი, შედეგებზე აგებენ პასუხს. მეტიც, მაშინაც კი, თუ ამ სალონში ამ საღებავით მილიონჯერ შეიღებეთ თმა, კანონი თქვენ მხარესაა: შესაძლოა, მწარმოებელმა წუნდებული პროდუქტი გამოუშვა, ან საღებავი არასწორად შეინახეს, ან ოსტატს რაღაც შეეშალა, ნარევის მომზადებისას. მნიშვნელოვანია ის, რომ სალონს ვიზიტიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში მიმართოთ და ხელთ გქონდეთ ექიმის დასკვნა, რომ ალერგიული რეაქცია გაქვთ.
7. პროცედურის შეწყვეტა გადაწყვიტეთ
ამის სრული უფლება გაქვთ! მაგალიღად, მეზობელ სავარძელზე სხვა თმას იღებავს, საღებავის სუნი კი აუტანლად გეჩვენათ, ან გაგახსენდათ სახლში დატოვებული ჩართული უთო, მანიკურის ოსტატი კი ახლახან გადავიდა მეორე თითზე. ასეთ დროს, გადაიხადეთ მხოლოდ გაწეული მომსახურების მოცულობის საფასური. ხოლო თუ მიზეზი, რომლის გამოც პროცედურის შეწყვეტა გადაწყვიტეთ, იყო ის, რომ ოსტატმა ნუნი გაგჭრათ ან კანი დაგწვათ, ან ჯანმრთელობა სხვა სახით დააზიანა ან დისკომფორტი გამოიწვია, ნუ გადაიხდით!
8. თმის შეღებვის პროცესში, საღებავი ტანსაცმელზე მოხვდა და დააზიანა იგი
კარგ სალონში დაუყოვნებლივ შემოგთავაზებენ ნივთის ღირებულების ანაზღაურებას ან ქიმწმენდის საფასურს. ცუდში თქვენ მოგიხდებათ ამ არჩევნის შეთავაზება.
9. გაგაცურეს
კოსმეტოლოგთან სახის გასაწმენდად მიხვედით, მან კი დაგარწმუნათ, რომ აუცილებელია პროცედურათა მთელი კურსი, მეზოთერაპია და ბიორევიტალიზაცია. სალონში სამსახურივით დადიხართ, უკვე 1 თვეა, შედეგს კი ვერ ამჩნევთ… ფულის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ სალონში კონკრეტული პრობლემით მიხვედით, ოსტატს აუხსენით, მან თავზე აიღო პრობლემის გადაჭრა, თუმცა არ გადაჭრა. მაგალითად, აკნე გაქვთ და ოსტატმა თქვა, რომ ყველა ზემოხსენებული პროცედურა ანთებას შეამცირებს. აკნე კი ისევ ადგილზეა, გაუმჯობესება არ ჩანს. იმ შემთხვევაში, თუ ფორმულირება სავარაუდო იყო: “ვეცდები გაუმჯობესებას”, ან “შესაძლოა, მეზოთერაპია მდგომარეობას გამოასწორებს” – სამწუხაროდ, გარანტია არ მოუციათ, თქვენ კი მომსახურებას ნებაყოფლობით დათანხმდით.
10. შელაქი ან გელ-ლაქი წასმიდან 3 დღეში აგძვრათ
არ მოიხსნათ ლაქი დანარჩენ ფრჩხილებზე! წადით სალონში, აჩვენეთ სიტუაცია და მოითოვეთ ან ფულის დაბრუნება, ან ახალი საფარი. ჩვეულებრივ, პრობლემა არ წარმოიქმნება, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, მომავალში ოსტატთან დააზუსტეთ, რამდენდღიან გარანტიას მისცემს საფარს (აუცილებლად უნდა მისცეს) და რამდენხანს უნდა გაძლოს საფარმა (ჩვეულებრივ, ორი კვირა).
აუცილებლად აიღეთ ქვითარი!
თუ სულ მცირე ეჭვი მაინც გაქვთ იმის შესახებ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, აუცილებლად მოითხოვეთ ქვითარი და დაიჟინეთ, რომ მასში ჩაწერონ ყველა გაწეული მომსახურება, თითოეულის საფასური ცალ-ცალკე, მომსახურების გაწევის დრო და ოსტატის მონაცემები. თუ პრობლემები წარმოიქმნა, არ მოგიხდებათ იმის მტკიცება, რომ ამ სალონში საერთოდ იყავით.