კანს მაკიაჟისგან დასვენება სჭირდება და კიდევ 9 მითი: ჯერ კიდევ გჯერათ?

0
583

ჩვენ მივეჩვიეთ ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმებასა და მოძიებას ინტერნეტში. ერთი მხრივ, ეს მოსახერხებელია, თუმცა, მეორე მხრივ, ხშირად გვხვდება მოძველებული ფაქტები ან მითებიც კი. მაგალითად, კანის მოვლის შესახებ ამბობენ, რომ…

1. თუ მეტ წყალს დალევ, კანი დატენიანდება.

რეალურად, კანის ზედაპირამდე სითხე უბრალოდ ვერ აღწევს. ამიტომ, ნუ აიძულებთ თავს წყლის დალევას და მიირთვით იმდენი სითხე, რამდენიც გნებავთ. კანს მხოლოდ ხარისხიანი კრემი ან ლოსიონი დაატენიანებს.

2. კანმა მაკიაჟისგან უნდა დაისვენოს.

ზოგადად კი, მაგრამ, ღამის პერიოდი კანს ჰყოფნის დასასვენებლად – ბუნებრივია, თუ მაკიაჟს ხარისხიანად მოიშორებთ და ჩამოიბანთ. 8 საათში კანი ასწრებს დასვენებას, განახლებასა და ტონუსის აღდგენას, ამიტომ, თავისუფლად გამოიყენეთ მაკიაჟი ყოველდღე, თუ გნებავთ.

3. რაც უფრო ხშირად გაიკეთებთ პილინგს, მით უფრო სუფთა კანი გექნებათ.

ექსფოლიაცია (კანის ზედა ფენიდან მკვდარი უჯრედების მოშორება) ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, თუ არ გინდათ გამოფიტვა, გაღიზიანება და აქერცლვა (ან კანის ჰიპერექსფოლირების სხვა ნიშნები) გამოიწვიოთ, პილინგი კვირაში არაუმეტეს ორჯერ უნდა გამოიყენოთ (თუ მშრალი და მგრძნობიარე კანი გაქვთ, მხოლოდ ერთხელ).

4. ასვრეტების ზომის შემცირება შეიძლება.

არა. როგორც თმის სისქე, ფრჩხილის ფორმა, თვალის ჭრილი და სიმაღლე, ისე ნასვრეტების ზომაც გენეტიკურადაა განსაზღვრული. ნასვრეტების გაფართოება შეიძლება, კანის ჭარბი ქონით გაწელვის გზით. თუმცა, შემცირება შეუძლებელია. თუმცაღა, ნასვრეტების გაუფერულებაში პრაიმერი დაგეხმარებათ.

5. კანის გაოფლიანება სასარგებლოა.

ოფლი 99%-ით წყლისგან შედგება, ნასვრეტების გავლით კი არანაირი მავნე ნივთიერება არ გამოდის. ამიტომ, თუ ბიკრამ-იოგის მოყვარული ხართ და სისტემატურად იხარჯებით დარბაზში, მეშვიდე ოფლამდე, გაითვალისწინეთ, რომ სარგებელს მხოლოდ კუნთებს მოუტანთ. საუნა კი უბრალოდ მავნეა სისხლძარღვებისთვის.

6. ბოტოქსი ნაოჭების პროფილაქტიკას ახდენს.

ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ბოტოქსის ინექციები ხელს უშლის მიმიკური ნაოჭების გაჩენას. რეალურად, ასე არ ხდება. თითოეულ სახეს თავისი მიმიკა აქვს და, სანამ ნაოჭი გაჩენას არ დაიწყებს, შეუძლებელია იმის გამოცნობა, თუ სად გაჩნდება ნაოჭი და რომელი კუნთის მოდუნებაა საჭირო ინექციით.

7. ბუნებრივი კოსმეტიკა უფრო უსაფრთხოა

დიახ, იგი კონსერვანტებს, ქიმიკატებსა და ქიმიურად შექმნილ ნაერთებს არ შეიცავს, თუმცა, მცენარის ეთერზეთები, მჟავები და ექსტრაქტებიც ქმნის პრობლემებს, განსაკუთრებით, ალერგიკებისთვის. ამიტომ, სანამ ორგანულ კოსმეტიკას გამოიყენებდეთ, აუცილებლად ჩაიტარეთ ალერგოტესტი: წაისვით 1 წვეთი საშუალება იდაყვის შიდა კუთხეზე და დააკვირდით რეაქციას მომდევნო 48 საათის განმავლობაში.

8. კანი ეჩვევა კრემს.

შეუძლებელია. აი, ჭეშმარიტება კანის მოვლის შესახებ: თუ ჩვეულებრივი კრემი აღარ გიხდებათ, ესე იგი, ჰორმონალური ცვლილებების, სტრესის, ამინდის ან ცხოვრების წესის შეცვლის შედეგად, თავად კანის მდგომარეობა შეიცვალა. ამიტომ, თუ კრემი არ მოგიხდათ, მისი გამოყენება წლების განმავლობაში შეგიძლიათ.

9. ცივ ამინდში კანი შრება.

პირიქით, კანი სიცხეში შრება. ის, რომ იგი ამ დროს ოფლიანდება და შეხებისას სველია, სწორედ გაუწყლოების ნიშანია. ამიტომ, ზაფხულში კანი უფრო აქტიურად უნდა დაატენიანოთ, ვიდრე ზამთარში. აი, ცივ ამინდში კი ყურადღება იმას უნდა მიაქციოთ, რომ კანი უხვად გამოკვებოთ, მისი ბარიერი კი გააძლიეროთ.

10. ტუჩის ბალზამი დამოკიდებულებას იწვევს.

ბევრი აღნიშნავს, რომ ტუჩის ბალზამის გამოყენების დაწყებიდან მალევე აღმოჩნდა, რომ მათ გარეშე უკვე ვეღარ ცხოვრობენ. რეალურად, არავითარი დამოკიდებულება არ ჩნდება, უბრალოდ, ტუჩის კანს ყოველთვის სჭირდება დატენაინება, დარბილება და დაცვა. ჩვენ, როგორც წესი, ვეჩვევით ხოლმე ტუჩების გამოშრობას. ბალზამის გამოყენების დაწყების შემდეგ, თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობთ და ცდილობთ, ეს მდგომარეობა შეინარჩუნოთ.

წყაროcosmo