ფსიქოლოგიური შიმშილი: როგორ მივხვდეთ, რა გვაკლია

0
518

ფსიქოლოგიური შიმშილი ფიზიკურ შიმშილზე გაცილებით საშიში რამაა. ეს იმიტომ, რომ მისი დაკმაყოფილება შეუძლებელია ღამ-ღამობით მაცივრის კარის გამოღებით (თუმცა, სხვათა შორის, იგი ხშირად გვაიძულებს ამის გაკეთებას). დღეს გეტყვით, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ფსიქოლოგიურად მშიერი ხართ, და გასწავლით, როგორ უნდა დანაყრდეთ.

1. კომუნიკაციური შიმშილი

ურთიერთობა ჩვენი ძირითადი მოთხოვნილებაა. ამ პროცესში, ჩვენ ძალიან ბევრ შეუმჩნეველ, თუმცა, ფსიქიკისთვის აუცილებელ სიგნალებს ვიღებთ სხვა ადამიანებისგან: ნიშნებს იმისა, რომ ვარსებობთ, რომ პატივს გვცემენ. ფსიქოლოგები ამ დადებით ნიშნებს “მოფერებას” უწოდებენ. ჩვენ ძალიან გვჭირდება იმის მტკიცებულება, რომ ჩვენი დადებითი თვისებები თვითონ არ მოგვიგონია. თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, ადამიანს პერიოდულას სჭირდება გარშემომყოფებისგან აღფრთოვანება, კომპლიმენტები, შექება.

რჩევა: დაფიქრდით, არსებობს თუ არა ისეთი გარემოცვა, რომელშიც მუდმივად ბედნიერი ხართ. ეს შეიძლება იყოს მშობლები, კლასელები, პირველი სამსახურის კოლეგები. დაუნიშნეთ მათ შეხვედრა, როგორც კი თავს უსარგებლოდ და უმნიშვნელოდ იგრძნობთ.

2. სტრუქტურული შიმშილი

როგორც არ უნდა გინდოდეთ უქმეები, სტრუქტურის (რეჟიმის, განრიგის, გეგმის) გარეთ ცხოვრება რთულია. გაიხსენეთ, რამდენ ადამიანს უოცნებია საახალწლო არდადეგების შემდეგ ოფისებში დაბრუნებაზე. ადამიანი, რომელიც სტრუქტურის უკმარისობას განიცდის, თავს დაკარგულად გრძნობს, თითქოს ცხოვრებას მოწყვეტილია, განდევნილი. მაგალითად, მან, ვინც ოფისში მუშაობს, იცის, კვირის რომელი დღეა ახლა, და მოუთმენლად ელის უქმეებს. უმუიშევრისთვის კი ორშაბათი და კვირა სულ ერთია და მელანქოლიურად ხვდება შაბათს.

ადამიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება სტრუქტურული დეფიციტის მდგომარეობაში, იმ ადამიანივით იტანჯება, რომელსაც არაფერი აქვს საჭმელი ან არ ჰყავს ვინმე ისეთი, ვისაც დაელაპარაკება. საზოგადოება მუდმივად გვეხმარება დროის სტრუქტურირებაში: ტრანსპორტი დადის განრიგის მიხედვით, სამუშაო დღე იწყება და სრულდება გარკვეულ დროს, მაღაზიასაც თავისი სამუშაო გრაფიკი აქვს. ჩვენთვის უფრო კომფორტულია დადგენილ ჩარჩოებში მოქმედება. წელიწადის დროების ცვლაც კი გვეხმარება სიცოცხლის სტრუქტურირებასა და გახალისებაში.

რჩევა: თუ არ გიყვართ ხანგრძლივი შვებულება-არდადეგები, უპირატესობას ანიჭებთ ტურებს და არა დამოუკიდებლად მოგზაურობას, დავალების შესრულებას დედლაინის წინა დღეს იწყებთ, ესე იგი, თქვენ იმ ადამიანთაგანი ხართ, ვისაც უჭირს სტრუქტურის გარეშე ცხოვრება. უბრალოდ მიიღეთ ეს ფაქტი. ნუ გამოცდით ბედს, მაგალითად, შტატგარეშე სამუშაოთი: თავისუფლებაში გაგიჭირდებათ დროის ორგანიზება და, როცა განრიგი აღარ გექნებათ, საშინლად მოიწყენთ.

3. ემოციური შიმშილი

ემოციური დეფიციტის მდგომარეობაში, ადამიანი სასოწარკვეთილი მიილტვის ადამიანებთან ურთიერთობისკენ და სურს, აბსოლუტურად ყველა გარშემომყოფს მოაწონოს თავი, ყოველ ახალ ნაცნობში კი პოტენციურ თაყვანისმცემელს ხედავს. ფსიქოლოგიური უკმარისობის ამ სახეობით ტანჯული ადამიანების ყველაზე დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვერ ხვდებიან, რომ შიათ, პირველივე შემხვედრისადმი წარმოქმნილ გრძნობას კი სიყვარულს უწოდებენ.

მაშინაც კი, თუ ადამიანებთან დაახლოების მცდელობა ურთიერთობის დამყარებით დასრულდება, მისი კრახი გარდაუვალია, რამდენადაც მშიერის მთავარი მიზანი დანაყრება იყო (რაც პარტნიორის “შეჭმას” ნიშნავს). განშორება კი აუარესებს ერთის ემოციურ შიმშილს და გულს სტკენს მეორეს.

რჩევა: ემოციური შიმშილის პროფილაქტიკა საკუთარი თავის მიმართ გულწრფელობაა. თუ ბოლო თვეში ოთხი რომანი გააბით და უქმე დღეებს ბარში, თითქმის უცნობ ადამიანებთან ერთად ატარებთ, დიდი ალბათობით, საქმე თქვენს კომუნიკაბელურობაში სულაც არაა. თუ თავს გამოუტყდებით, რომ დახმარება გჭირდებათ, საკუთარ თავთან ჰარმონიისკენ პირველ ნაბიჯს გადადგამთ.

4. სენსორული შიმშილი

სასიამოვნო შეგრძნებების უკმარისობაზე საუბრისას, ჩვეულებრივ, ჩვენ ვგულისხმობთ ტაქტილური განცდების დეფიციტს და ვივიწყებთ სხვა გრძნობით ორგანოებს: გემოს, სმენას, მხედველობასა და ყნოსვას. მეგობრული და სასიყვარულო ჩახუტებების გარეშე ხომ, ისევე, როგორც სასიამოვნო გემოების, ნახატების, სუნებისა და ხმების გარეშე, ცხოვრება ნაკლებად ნაჯერი ხდება, ახალი შთაბეჭდილებების უკმარისობა გვეწყება.

გარდა ამისა, სწორედ სენსორული შიმშილი მიგვიწყვანს შურის გრძნობამდე. სხვების დაკვირვებისას, ჩვენ უნებურად ვაგროვებთ შეგრძნებების ნაკლებობას (“ყოჩად ამ გოგოს, ყვავილებს ყიდულობს საკუთარი თავისთვის”, “მე არ მაქვს ფული, მასაჟი რომ გავიკეთო), ნაცვლად იმისა, რომ ვისწავლოთ გარშემომყოფებისგან და საკუთარი სიცოცხლე სხვადასხვა ტიპის სასიამოვნო ხორციელი განცდებით ავავსოთ. შეგრძნებების დეფიციტი მგრძნობიარე და გაღიზიანებად ადამიანებად გვაქცევს. როგორც ქრონიკული დაღლილობა, ზედმეტი ჭამა და სიზარმაცეც კი.

სენსორული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას, ნუ დაიშურებთ დროსა და ფანტაზიას. სენსორულად მშიერი ადამიანი უსიამოვნო თანამოსაუბრედ და არაეფექტურ თანამშრომლად იქცევა.

რჩევა: ყოველ ჯერზე, როცა სახლიდან სამსახურამდე მარშრუტის შეცვლის ან რესტორანში უცნობი კერძის შეკვეთის შესაძლებლობა მოგეცემათ, არ გაუშვათ იგი ხელიდან. სენსორული შიმშილი საუკეთესოდ ნაყრდება მოგზაურობაში, როცა აღიქვამთ ახალ სურნელს, გემოვნურ და ტაქტილურ შეგრძნებებს.

5. სექსუალური შიმშილი

არსებობს სექსუალური შიმშილის ორი ქვესახეობა. პირველი – ფიზიოლოგიური, რომელიც ლტოლვას ეფუძნება და პირდაპირ უკავშირდება ჰორმონალურ სისტემას, მეორე – ინტიმურობის წადილი. მას სექსის არქონა კი არა, ურთიერთობის, ალერსის, სინაზის, სიყვარულის ნაკლებობა იწვევს. თავისი სექსუალური ცხოვრებით ადამიანის კმაყოფილების ხარისხი ხორციელი და ფსიქიკური შიმშილის დაკმაყოფილების მიხედვით განისაზღვრება.

რჩევა: სექსუალური დეფიციტის დაკმაყოფილების ერთადერთი საშუალება სიყვარულით დაკავებაა. თუმცა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს შიმშილი ორი კომპონენტისგან შედგება. სქესობრივი აქტი, რომელსაც შეგრძნებები და განცდები აკლია, დიდი ალბათობით, სრულყოფილ სიამოვნებას არ მოგიტანთ.

წყაროcosmo