
აღმოსავლელი ქალები განსაკუთრებულ აქცენტს იკეთებენ თვალებზე: მათ იდეალური ისრების ხატვა ათასი წლის წინ ისწავლეს. მაგალითს სწორედ მათგან ვიღებთ! დღეს გეტყვით, როგორ იხატავენ არაბი ლამაზმანები თვალებს – ეს მართლაც საინტერესოა.
სურმა თხევადი ლაინერის ნაცვლად
აღმოსავლელმა გოგონებმა ისრების ხატვა ლაინერის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე ისწავლეს. დიახ, იგი საერთოდ არ გვჭირდება! ამ მიზნისთვის უკეთესია სურმა – აბუსალათინის ზეთში შერეული შავი რბილი ქვის ფხვნილი. როცა მასა გაშრება, მისგან ამზადებენ წვეტიან ფანქარს – ლაინერი მზადაა. თხევადი ანალოგისგან განსხვავებით, იგი არაჩვეულებრივად იტუშება, ტექსტურის მიხედვით კი ცოტათი უფრო რბილი და ცხიმიანია, ვიდრე ქუთუთოს ჩვეულებრივი ფანქარი.
საინტერესოა, რომ თანამედროვე ბრენდებსაც აქვთ სურმის ანალოგები: მაგალითად, Couture Kajal Eye Pencil, YSL-ისგან. ეს მოდელი გარეგნულადაც კი ძალიან ჰგავს არაბი ქალების ბიუთი-ინსტრუმენტს. რა თქმა უნდა, მისი შემადგენლობა უფრო თანამედროვეა, თუმცა, ტექსტურა და მოქმედების პრინციპი, საერთო ჯამში, იგივეა.
1. გრძელი ისარი
აღმოსავლურმა ისარმა ზომიერება არ იცის – მისი დაბოლოება არ უნდა იყოს მოკლე და მოკრძალებული. პირიქით, კატისებრი მოხრა და ზემოთ მიმართული ისარი, საფეთქლების მიმართულებით, თვალებს ვიზუალურად ადიდებს, მზერას მეტყველებას ანიჭებს. იმ გოგონებისთვის, რომლებიც სახეს მალავენ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: თვალები უნდა ჩანდეს! თუმცა, ჩვენ მეიქაფის ასეთი ვარიანტი, დიდი ალბათობით, მხოლოდ წვეულებებზე გამოგვადგება.
მაშ ასე, ისარი არ უნდა დასრულდეს თვალის გარე კუთხესთან ერთად – გააგრძელეთ იგი, ბოლო იდეალურად მახვილი უნდა იყოს, ოდნავ ზემოთ აკეცილი.
2. საგულდაგულო გადატუშვა
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – აღმოსავლური ისრები არ ჰგავს კლასიკურ “ჰოლივუდურ” ვარიანტს. თუ ევროპელი ქალები მათ თხევადი ლაინერით იხატავენ და ზოლიც იდეალურად სწორია, არაბული მეთოდია ისრის გადატუშვა მსუბუქ კვამლში (სწორედ ამიტომ გამოიყენება სურმა. ასე კეთდება სმოუქი).
მას შემდეგ, რაც ისარს დაიხატავთ, გამოიყენეთ პატარა მყარი ფუნჯი: ისრის კიდე ფრთხილად გადატუშეთ ისე, რომ ოდნავ გაიმუროს, თუმცა ფორმა არ დაკარგოს.
3. წაისვით სურმა წამწამების ქვეშ
თვალები “შავ ღამეს” რომ დაემსგავსოს, გთავაზობთ ასეთ ვარიანტს – თითებით ოდნავ დაჭიმეთ ზედა ქუთუთო და შეიღებეთ წამწამების ქვეშ ლორწოვანი გარსი რბილი შავი ფანქრით. ეს ხრიკი ეფექტურია: წამწამების შეღებვას რომ დაიწყებთ, ისინი განსაკუთრებით შავი და ხშირი გამოჩნდება.
4. დაიმუშავეთ ქვედა ქუთუთო
ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ აღმოსავლური მაკიაჟი არასდროს ტოვებს ქვედა ქუთუთოს უყურადღებოდ. ეს ჩვენთვის შეიძლება უცნაური ან ზედმეტიც კი იყოს, თუმცა, ფაქტი ფაქტია: ქვედა ქუთუთოს დამუშავება თვალებს აფართოებს, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლელ ქალებს თვალები ისედაც დიდი აქვთ.
ვულგარულობა თავიდან რომ აიცილოთ, ამჯერად არა ფანქარი, არამედ მუქი, ფხვიერი ჩრდილი გამოიყენეთ. წვრილი ფუნჯისა და აპლიკატორის გამოყენებით წაისვით ქვედა ქუთუთოს გარე კუთხიდან შუამდე, და გადაინაწილეთ ზემოთ, საფეთქლების მიმართულებით.